"ჩემმა სამშობლომ - ფინეთმა იბრძოლა და მიაღწია ნამდვილ თავისუფლებას, დღეს საქართველოს ჯერია" - ლაპლანდიელი სანტა კლაუსის მოგზაურობა საქართველოში - კვირის პალიტრა

"ჩემმა სამშობლომ - ფინეთმა იბრძოლა და მიაღწია ნამდვილ თავისუფლებას, დღეს საქართველოს ჯერია" - ლაპლანდიელი სანტა კლაუსის მოგზაურობა საქართველოში

"საქართველო მუდამ გულში მყავს, გაერთიანებული და ერთიანი საქართველო არის ჩემი ოცნება"

თქვენი აზრით, რას შეიძლება განიცდიდეს ადამიანი, რომელიც ახალი წლის შეხვედრას შინ აპირებს და უცებ შეიტყობს, რომ შანსი ეძლევა, ახალი წლის ღამით დაწყებული, საახალწლო დღეები ნამდვილ, ლაპლანდიიდან ჩამოსულ სანტა კლაუსთან, მის ელფებთან და კიდევ ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებთან ერთად გაატაროს, უამრავი ბავშვი და უფროსი ადამიანი გაახაროს და... წინა საახალწლო სურვილები აისრულოს?!

ფიქრით არ გადაგღლით და გეტყვით, რომ ეს ადამიანი მე ვარ, ამ სტრიქონების ავტორი, ვინც შანსი ხელიდან არ გაუშვა და 10 ბედნიერი დღე-სასწაული გაატარა საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში, ენგურის ხიდისა და შიდა ქართლის პირობითი საზღვრის ჩათვლით, და რასაც აქ დავწერ ამ ლამაზ დღეს - ძველით ახალ წელს, ყველაფერი სიმართლე იქნება - ამბავი ნამდვილ სანტა კლაუსზე, მის ელფებზე, ჩემი ნატვრის ასრულებაზე და კიდევ ადამიანებზე, ვისთან ერთადაც ცხრა მთის იქითაც ბევრჯერ ვიმოგზაურებდი!

ცხადია, სანტა კლაუსისთვის წერილი არ გამიგზავნია, მაგრამ... საახალწლო სურვილებს სულ ვერ დავეხსენი და გულში მაინც "ჩამოვწერე": 1. მინდოდა, ახალ წელს შინ ცოცხალი ნაძვის ხე მქონოდა; 2.საახალწლოდ თოვლი მოსულიყო და ფანტელები ხელით დამეჭირა; 3.ზამთრის თოვლიანი სვანეთი მენახა!

და ჰოი, საოცრებავ! 29 დეკემბერს იმერეთიდან ცოცხალი ნაძვის ხით ვბრუნდებოდი თბილისში, როდესაც დამირეკეს და სანტა კლაუსთან ერთად მოგზაურობა შემომთავაზეს, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ამ კეთილი, თეთრწვერა მოხუცის სტუმრობა ჩემს დარჩენილ ორ ნატვრასაც თუ ამიხდენა, თანაც 2 იანვარს, ბედობის დღეს! სწორედ ამ დღეს ვესტუმრეთ თეთრად გადაპენტილ, თვალწარმტაც ზემო სვანეთს, იმავე ღამეს კი... მოთოვა! - ამიტომ ვერასდროს ვერავინ გადამარწმუნებს, რომ ამ ქვეყნად სასწაულები და გულით ნანატრი სურვილები არ ხდება! მანამდე კი... საქართველოში მოგზაურობა ახალი, 2020 წლის ღამეს სანტა კლაუსმა ელფებთან ერთად ზუგდიდიდან დაიწყო, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებსაც ეწვია და ქართული და ფინური დროშების ფონზე ენგურის ხიდიდან აფხაზებსა და ქართველებსაც მიმართა! სწორედ იმ დღეს გავიცანი შორეული ფინეთის ლაპლანდიიდან ჩამობრძანებული სანტა კლაუსი.

ვინ არის და რამდენი წლისაა სანტა კლაუსი?

"ჰოუ, ჰოუ, ჰოუ", - მიესალმენ ჩვენს სანტა კლაუსს საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, მან კი გაიღიმა, - ასე ამერიკელი სანტები ამბობენ, მე კი ნამდვილი სანტა კლაუსი ვარ, ჩემი სამშობლო ლაპლანდიაა, საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის საგანგებოდ სწორედ იქიდან ჩამოვედიო და საპასუხოდ ხელი დაგვიქნია. სოფელ დიცში  საოკუპაციოა საზღვართან

სიტყვა "სანტა კლაუსი" წმინდა ნიკოლოზის ნიდერლანდური ტრანსკრიპციიდან წარმოიშვა. კათოლიკურ სამყაროში წმინდა ნიკოლოზი 6 დეკემბერს იხსენიება, ხოლო ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში - 19 დეკემბერს.

"რა თქმა უნდა, თავად არ მახსოვს, მაგრამ პატარა ბიჭი ვიყავი, პატარა ელფი, როდესაც შევიტყვე ჩემი დაბადების თარიღი - 1648 წლის 6 დეკემბერი. 6 დეკემბერი ჩემი ქვეყნის, ფინეთის დამოუკიდებლობის დღეც არის. ასე რომ, 2020 წლის 6 დეკემბერს 372 წელი შემისრულდება, ხოლო სანტა კლაუსად მესამოცე წელიწადია, რაც ვიწოდები. ძალიან მადლობელი ვარ ჩემი მასპინძლის - მანანა კვენეტაძე-მაჭავარიანის, რადგან საშუალება მომცა, ჩემი სანტა კლაუსად ყოფნის სამოცწლიანი იუბილე საქართველოდან დამეწყო", - მითხრა სანტამ. იგი ძალიან განათლებული კაცი ჩანდა, მეცნიერებათა დოქტორი ყოფილა, წიგნებსაც წერს. ამიტომ განსაკუთრებით დაინტერესდა ქართული კულტურით, ეთნოგრაფიით, აღფრთოვანდა სვანური და მესხური სიმღერებით, უძველესი სვანური ხემიანი საკრავებით (თურმე, ხემიან საკრავებზეც კი უკრავდა ახალგაზრდობაში), მესტიის მუზეუმში დაცული უნიკალური საგანძურით, განცვიფრდა სოფელ წეროვანში ახალგაზრდა მამაკაცის მიერ საქსოფონზე შესრულებული კომპოზიციით და აღნიშნა, თავადაც ვუკრავდი საქსოფონზეო; მოიხიბლა ქართული ხალხური ცეკვებით, სამოსით. თბილისში, რუსთაველზე გასეირნებისას, თექით დამზადებული გასაყიდი ფაჩუჩები შენიშნა. შეყოვნდა და შერჩევა დაიწყო, ლაპლანდიაში გამომადგებაო. აირჩია კიდეც, იყიდა და სამშობლოში დაბრუნებულმა პირველივე სწორედ იმ ფაჩუჩებში გადაღებული ფოტო დადო "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

სანტა კლაუსი - მსოფლიოს მშვიდობის კეთილი ნების ელჩი

ლაპლანდიელი სანტა კლაუსი 60 წელიწადია, რაც მსოფლიოს მშვიდობას, ადამიანების კეთილდღეობასა და ბავშვებს ემსახურება. ამიტომაც აღმოჩნდა საერთაშორისო პროექტის - "ფინური საახალწლო-საშობაო სოლიდარობა და მხარდაჭერა საქართველოს: "ევროპა ჩვენი საერთო სახლია! ერთიანი, ძლიერი საქართველო - განვითარებული ძლიერი რეგიონების" სტუმარი და მონაწილე. ენგურის ხიდზე

"მე არ ვარ პოლიტიკოსი, - თქვა მან, - მაგრამ ვარ ერთი ფინელი მოქალაქე, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი რესურსი - ფინეთის პრეზიდენტი, ევროკავშირის ბევრი სახელმწიფო მოღვაწე ჩემი მეგობრები არიან, მსოფლიოშიც ძალიან ბევრ გავლენიან ადამიანს ვიცნობ და ამ რესურსს აუცილებლად გამოვიყენებ საქართველოს საკეთილდღეოდ. 10 წლის წინათაც ვიყავი აქ და საქართველო მუდამ გულში მყავს, გაერთიანებული და ერთიანი საქართველო არის ჩემი ოცნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება. ვისურვებ, რომ მომავალ ახალ წელიწადს გაერთიანებულ და მშვიდობიან საქართველოში შევხვდეთ. მოდი, დღეს ისეთი განწყობა შევიქმნათ, რომ როდესაც წლების შემდეგ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, ეს დღე ღიმილითა და სიხარულით გავიხსენოთ. ენგურის ხიდიდან და შიდა ქართლის კონფლიქტის ზონის საზღვრიდან მივმართე აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს, ასევე - რუსებს: ერთი ბავშვის ცრემლადაც არ ღირს მთელი სამყარო. დიდებო, ნუ დაიწყებთ ომებს, ნუ დაიწყებთ კონფლიქტებს, რადგან ბავშვები ზარალდებიან. დაზარალებული ბავშვები ბოროტდებიან და სამყაროც ბოროტდება. ომებით დანგრევამდე მიგყავთ სამყარო. მე მშვიდობის კეთილი ნების ელჩი ვარ და მინდა, ადამიანები იყვნენ ბედნიერები, მათ უნდა შეძლონ მშვიდობიანი თანაცხოვრება. არ შეიძლება, ოკუპირებული იყოს ტერიტორია, რომელიც საქართველოს ეკუთვნის. ჩემმა სამშობლომ იბრძოლა და მიაღწია ნამდვილ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, დღეს საქართველოს ჯერია".

სანტა კლაუსი, მისი განუყრელი "მაჩაბელელი" ელფები და ბავშვები

ქალაქსა თუ სოფელში ბევრ ბავშვს სურდა მასთან ფოტოს გადაღება და მიუხედავად იმისა, რომ მუდამ გზაში ვიყავით და იღლებოდა, არც ერთი მათგანისთვის უთქვამს უარი: სანტას უარი მათ წლების განმავლობაში ცუდად დაამახსოვრდებათ, ეს არაფრით შეიძლებაო, - მითხრა. თავის ქართველ ელფებს კი, ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური სტუდია "მაჩაბელას" პატარა მსახიობებს, გვერდიდან არ იცილებდა. განსაკუთრებულად ყველაზე უმცროსის, სალომეს თანხლებას ითხოვდა მუდამ. ყველგან იმეორებდა: სხვადასხვა ქვეყანაში ბევრ ღონისძიებას ვესწრები და დამხმარეების სხვადასხვა ჯგუფი მყავს, მაგრამ არასდროს მყოლია ისეთი დამხმარეები, როგორიც ქართველი ელფები არიან. ჩემი ელფები ჯერ მხოლოდ 1 წლისანი არიან. ყოველთვის იღიმიან და სანტას რომ ხედავენ, ბედნიერი სახეები აქვთ. ყველა ძალიან მიყვარს, მაგრამ სალომე ჩემი განსაკუთრებული ელფია, გამორჩეული. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ პედაგოგს, მამუკა ლომაშვილს, რადგან შესანიშნავი ელფები გაუზრდია თავის სტუდიაში, ასევე, მადლობა ელფების მშობლებს, ასეთი მამაცი და ყოჩაღი დამხმარეები რომ მედგნენ გვერდითო. ელფმა ანი ჩქარეულმა გულიანად უთხრა კიდეც: დიდი მადლობა, ჩვენი ბავშვობა რომ გაახალისეთ და ოცნება აასრულეთ. ძალიან პატარა რომ ვიყავი, ვფიქრობდი, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სანტა კლაუსი და მხოლოდ ახლა მივხვდი ამასო. პატარა ელფმა საბა კეღოშვილმა კი გამიზიარა, ჩემი სანტა რომ დავინახე, გულმა გაიხარა. ვიცი, ის ყოველთვის კეთილ საქმეს აკეთებს, არასდროს არავის მიატოვებს, თუნდაც ბოროტი ან ქურდი იყოს. საქართველო და ლაპლანდია მეგობრები არიან და გამიხარდა, სანტამ რომ თქვა, რუსეთი ოკუპანტია და ეს უნდა შეიცვალოს, გახლეჩილი საქართველო კვლავ ერთი დიდი ქვეყანა უნდა იყოსო. ასაკით უფროსმა ელფმა ილია ნაგებაშვილმა კი გამანდო, - ბევრს ვცუღლუტობდი, მაგრამ ამ დღეებმა ძალიან იმოქმედა. სანტა პატრა ელფ სალომესთან ერთად ვგრძნობ, შევიცვალე, სანტამ შემცვალა. რომ თქვეს, სანტა კლაუსს არც ერთი ცოდვა არ აქვსო, იმ წუთას ჩემს საქციელებს გადავხედე და შემრცხვაო. პატარა სალომემ კი მომწერა: სანტა რომ დავინახე, ფეხები ამიკანკალდა, თავი ზღაპარში მეგონა. თითქოს, ისიც მიხვდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი, სულ ჩემს სახელს რომ იძახდა და გვერდით მიყენებდა. ინგლისური არ მესმოდა, მაგრამ როცა ჩემს სახელს ამბობდა, ყველას ეცინებოდა და მეც მიხაროდა. მან მაჩუქა პატარა გულსაბნევი, რასაც ძალიან გავუფრთხილდები და რომ დავინახავ, სანტა გამახსენდება. გული მწყდება, რომ უნდა წავიდეს. არც ვიცი როგორ დავემშვიდობოო. განსაკუთრებით გულისამაჩუყებელი სწორედ მათი დამშვიდობება იყო. პატარა სალომემ ტირილი რომ დაიწყო, თავი ვერც სანტამ და დანარჩენმა ელფებმა შეიკავეს, საბოლოოდ კი თითოეული ჩუმად ვიწმენდით ცრემლს.