"აქაურ ამბებს სულ ადევნებდა თვალს, დარდობდა სამშობლოზე" - ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი მხატვრის ცხოვრება და საოცარი ნამუშევრები - კვირის პალიტრა

"აქაურ ამბებს სულ ადევნებდა თვალს, დარდობდა სამშობლოზე" - ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი მხატვრის ცხოვრება და საოცარი ნამუშევრები

ამერიკაში, ქალაქ ნიუ-იორკში, მოულოდნელად გარდაცვლილ ქართველ მხატვარს, გულნარა (გულიკო) წიკლაურს, 17 იანვარს სამშობლოში გადმოასვენებენ და შაბათს, მშობლიურ ქუთაისში, მშობლების გვერდით, საფიჩხიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მისი მეგობრები მადლობას უხდიან იმ ადამიანებს, ვისი დახმარებითაც მოხერხდა მხატვრის სამშობლოში გადმოსვენება. გულნარა წიკლაური ბოლო 19 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. მისმა ღრმა, კონცეპტუალურმა, ფილოსოფიურმა ნახატებმა მხატვარს დამსახურებული წარმატება მოუტანა. მხატვრის ნამუშევრების გამოფენა ხშირად ეწყობოდა ამერიკაში და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ისრაელსა და რუსეთში. 9/11-2001

მისი ნახატი "9/11-2001", რომელიც გამოძახილია ამერიკის 2001 წლის ტრაგედიის, როდესაც ტერორისტებმა გაანადგურეს ათასობით უდანაშაულო ადამიანი, დაცულია ვაშინგტონში, კონგრესის ბიბლიოთეკაში. "ჩვენ ვნახეთ ბევრი ნახატი, მაგრამ, ვერცერთი ვერ შეედრება გულნარა წიკლაურის ნახატს ამ ტრაგედიის მხატვრული შთაბეჭდილებისა და გაგების სიღრმის მიხედვით. ეს არის ბარელიეფის მსგავსი, უნიჭიერესი ტილო - მეტაფორა, შესრულებული ადრეული რენესანსის კიაროსკუროს ურთულესი ტექნიკით, რომელიც ხელეწიფებათ მხოლოდ უმაღლესი დონის ოსტატებს, დიდ მხატვრებს", - წერს არტკრიტიკოსი მარგარიტა შკლარევსკაია -კრუჩკოვა. მისივე თქმით: "გულნარა წიკლაურის ნამუშევრები გამოხატავენ დიდ აღშფოთებას და ტკივილს, იმავდროულად ასახავენ რწმენას და სიყვარულს. ისინი გვინერგავენ იმედს".

წლების წინ მისი გამოფენა მოეწყო საქართველოშიც. როგორც მეგობრები იხსენებენ, აშშ-ში წასვლის შემდეგ სამშობლოში ის მხოლოდ ერთხელ იყო ჩამოსული, ისრაელის დელეგაციასთან ერთად. გეგმავდა სამშობლოში დაბრუნებას, თურმე ძალიან უნდოდა თბილისში თავისი სამხატვრო სკოლა გაეხსნა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა. მოულოდნელად გარდაიცვალა და მისი ცხედარი ბინაში პოლიციამ იპოვა.

მეგობრების თქმით, იგი სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული გახლდათ, არა მხოლოდ მხატვარი, არამედ წიგნის ილუსტრატორი, თეატრის დიზაინერი იყო, თურმე ავეჯის დიზაინშიც მოსინჯა თავისი შესაძლებლობები და ბრწყინვალედ გაართვა თავი. არაერთხელ მიეცა მის ნამუშევრებს მაღალი შეფასება, ხშირად იწერებოდა სტატიები მასზე უცხოურ მედიაში, იწვევდნენ ტელევიზიებში, კეთდებოდა სიუჟეტები. მისი პიესის "აღსარება" მიხედვით, რეჟისორმა დავით მღებრიშვილმა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრში სპექტაკლიც დადგა.

გვესაუბრება ქალბატონი ჯემა ფილიპაშვილი, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია:

- მე-4 კლასიდან ერთად მოვდივართ. პიონერთა სასახლეში, მხატვრული კითხვის წრეზე ერთად დავიწყეთ სიარული და მას მერე უფრო და უფრო ღრმავდებოდა ჩვენი მეგობრობა. ძალიან აქტიური იყო ბავშვობიდან, სკოლა წარჩინებით დაამთავრა. გასაოცარი იყო კიბერნეტიკის ფაკულტეტზე რომ ჩააბარა, იშვიათად აბარებდა ვინმე ამ ფაკულტეტზე. მათემატიკა ძალიან უყვარდა. ეს ფაკულტეტი ხომ წარმატებით დაამთავრა, მერე აღმოსავლეთ ენებზე სწავლობდა. ლინგვისტი იყო, 6-7 ენა იცოდა. წლების განმავლობაში ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად მუშაობდა, ამერიკაში წასვლამდეც ამ თანამდებობაზე იყო და 2001 წლის აგვისტოში სამსახურებრივი მივლინებით წავიდა ამერიკაში, იქიდან 11 სექტემბერს უკან უნდა გამოფრენილიყო და იმ დღეს მომხდარი ტერაქტის გამო ფრენა აღარ იყო, ვერ წამოვიდა. ამ შემთხვევამ განაპირობა საბოლოოდ მისი ამერიკაში დარჩენა. მოხუცი მხატვარი მერე იქ მოხვდა ერთ-ერთ ოჯახში, სადაც სასკოლო ასაკის ორი ბავშვი ჰყავდათ და ამ ბავშვებს ასწავლიდა ხატვას. როგორც მისი ნაამბობიდან ვიცი, შეძლებული ოჯახი იყო, ისე მოეწონათ მისი ნამუშევრები, ოჯახმა იქ გაუხსნა სამხატვრო სკოლა და ამ სკოლაში ბავშვებს ასწავლიდა. აქედანაც ჰქონდა შემოსავალი, ასევე ნამუშევრებსაც ჰყიდდა. იქ, ვიდრე ადგილს დაიმკვიდრებდა, დიდი შრომა გასწია, არ იყო ძალიან დალხენილად, თავისი საქმით ცდილობდა, რომ  შემოსავალი ჰქონოდა. მერე იმდენად გაითქვა სახელი მისმა ნამუშევრებმა, რომ გულნარა ამერიკის სამხატვრო კავშირის წევრიც გახდა. არაერთი გამოფენა მოეწყო. ამერიკულ საგამოფენო დარბაზებში დღესაც გამოფენილია მისი ნამუშევრები. ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა - საქართველოს და ამერიკის.

- ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა?

- 6 წლის წინ ინფარქტი გადაიტანა, 3 წლის შემდეგ ისევ გაუმეორა, მკურნალობდა, მაგრამ... როგორც ამბობენ, საბოლოოდ ისევ გულმა უმტყუნა. ბოლოს 24 დეკემბერს ვესაუბრე, მანამდე 10 დღე რომ არ შემომეხმიანა, განვიცდიდი, მერე დამირეკა, - ძალიან ცუდად ვიყავი და საავადმყოფოში ვიწექიო. როგორც ჩანს, ერთდროულად მოუვიდა ინფარქტი და ინსულტი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მის მეგობარს, მანანა ჯინჯიხაშვილს. ის ეროვნებით ებრაელია, ადრე ქუთაისში ცხოვრობდა. მანანა და მისი ძმა მეგობრობდნენ მასთან და 2 დღე რომ ვერ ნახეს გულიკო, ძებნა დაუწყეს, მერე პოლიციას აცნობეს. პოლიციამ ბინაში შეაღწია და საწოლში ნახეს გარდაცვლილი...

აქვე დიდი მადლობა, მინდა, გადავუხადო მანუჩარ კაჭახიძეს, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია გულნარას გადმოსვენებისთვის. უდიდესი მადლობა პრემიერ გიორგი გახარიას, რომელიც პირადად დაუკავშირდა საქართველოს საკონსულოს ამერიკაში და ძალიან დაგვიდგა გვერდში, დიდი მადლობა ქალბატონ ნანული ცხვედიანს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა გულნარას სამშობლოში გადმოსვენების საქმეში. მას ქუთაისში ჰყავს ერთადერთი და, სიძე და მე-9 კლასელი დისშვილი.

მარტოობის პრობლემა მეგაპოლისში

ის თვითნასწავლი მხატვარი, ძალიან კარგი მეგობარი, გულწრფელი, პირდაპირი, მართალი, თუ საჭირო იყო, ცოტა ხისტიც, უტყუარი, ერთგული ადამიანი იყო. აშშ-ში იმდენად აიწყო ცხოვრება, უნდოდა საქართველოში დიდი სამხატვრო სკოლა გაეხსნა, საბოლოოდ თბილისში აპირებდა ცხოვრებას. ძალიან დიდი ტრავმაა ჩემთვის მისი გარდაცვალება.

კიდევ ერთი ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში იცნობდა ქალბატონ გულნარას ქუთაისელი ლელა მარდალეიშვილია. გულნარა მისი მამის უახლოესი მეგობარი იყო. კარგად ახსოვს, როგორ დაიწყო მან ხატვა.

ლელა მარდალეიშვილი:

- ძალიან დამწყვიტა გული გულნარას გარდაცვალებამ, ჩემი მეზობელი იყო, ის პირველ სართულზე, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა, ჩვენ მეშვიდეზე ვიყავით, მამას კარგი მეგობარი გახლდათ. ერთ დღეს ხატვა დაიწყო, რაც ყველას ძალიან გაუკვირდა. ნიჭიერი ადამიანი იყო - სახლში ყველაფერს თვითონ აკეთებდა, სკამი იყო თუ მაგიდა, თავისი ხელით ჰქონდა გაკეთებული. ძალიან კარგად ქსოვდა, მისი ნაქსოვი ჭაღები ეკიდა მის ბინაში. მითხრა, მოდი, უნდა დაგხატოო, მაშინ 17 წლის ვიყავი. კარგი-მეთქი, ჩავუვლიდი ხოლმე და მხატავდა, ჯერ ფანქარში იყო ნამუშევარი და ვფიქრობდი, ნეტა რა უნდა გამოვიდეს-მეთქი, მერე ტილოზე რომ გადაიტანა და დასრულდა ვერ გეტყვით, რა დამემართა, საოცარი ფერები იყო, საოცარი ნამუშევარი გამოვიდა...

ამერიკაში წლების წინ წავიდა. თავის სამშობლოზე უზომოდ იყო შეყვარებული, სულ მიკვირდა იქ ამდენ ხანს როგორ გაჩერდა. ეტყობა შემოქმედებითად იქ იპოვა თავისი ადგილი, აი, აშშ-ში მართლაც საოცარი ნამუშევრები შექმნა. ბოლოს "ფეისბუკით" ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. საქართველოში მიმდინარე პროცესებს სულ ადაევნებდა თვალს, ყველაფერს ისე განიცდიდა, დარდობდა აქაურობაზე...

ფოტოგალერეა - იხილეთ გულნარა წიკლაურის ნახატები

(სპეციალურად საიტისთვის)