"რთულად ვუშვებ ჩემამდე ადამიანებს. იცით, როგორი პერიოდი მაქვს?" - კვირის პალიტრა

"რთულად ვუშვებ ჩემამდე ადამიანებს. იცით, როგორი პერიოდი მაქვს?"

"როდესაც ადამიანი ვერ ხვდება, რა არ მომწონს და არც ცდილობს გამოსწორებას, მაშინ აზრი არ აქვს ერთად ყოფნას"

პროფესიით ჟურნალისტი ნანკა ქოქიაშვილი "არ დაიდარდოს" წამყვანია, უძღვება სხვადასხვა ღონისძიებასა და კორპორაციულ საღამოს და ბოლო რამდენიმე თვეა, "ტაქსაობს" კიდეც. დამოუკიდებელი და ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, არის ძალიან უშუალო და მხიარული, თუმცა, როგორც თვითონვე ამბობს, ბუტიაა და კიდევ - გამოუსწორებელი ოპტიმისტი.

- დამთავრებული მაქვს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მესამე კლასიდან მინდოდა ჟურნალისტობა, მას შემდეგ არ შემიცვლია გადაწყვეტილება. ბავშვობიდანვე მტკიცე ხასიათი მაქვს - ერთხელ რასაც ვამბობ, იმას აღარ შევცვლი. ამჟამად ვმუშაობ ჩემთვის საყვარელ ადგილას - "არ დაიდარდოში". კარს რომ დავხურავ, ჩემი სამყაროა. მანამდე ბევრ რადიოში მიმუშავია. რეგიონული ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორიც ვიყავი, უდიდესი გამოცდილება მივიღე - ოპერატორიც გახლდით და მემონტაჟეც, ყველაფერს თავად ვაკეთებდი. მინდა, საინფორმაციო გადაცემა წავიყვანო, არასდროს მიცდია. იმედი მაქვს, ამის დროც მოვა.

- ნანკა, "ტაქსისტობა" რატომ გადაწყვიტე? - სიმართლე გითხრა, ტაქსის მძღოლობაზე არასდროს მიოცნებია. იქიდან გამომდინარე, რომ "მოუსვენარი" გრაფიკი მქონდა და რეგიონებშიც ხშირად მიწევდა წასვლა, ძალიან ვწვალობდი. ბევრ შემოთავაზებაზე უარსაც ვამბობდი, რადგან სამარშრუტოთი წასვლა-მოსვლა ჩემთვის დამღლელი იყო. საჭიროება გაჩნდა, რომ მანქანა მყოლოდა და ვიყიდე, ავტომობილს კი შენახვა სჭირდებოდა და ვიფიქრე, "ტაქსაობა" ამ პრობლემას გამიმარტივებდა. თავიდან გამიჭირდა, მეშინოდა კიდეც, მაგრამ ვფიქრობ, ცხოვრებაში ყველა წინააღმდეგობის გადალახვა უნდა შეგეძლოს. შრომა არც მეთაკილება და არც მეზარება. თავიდან ტაქსის კომპანიის გაკეთებაც მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, ძალიან დიდია კონკურენცია და თან, არც ისე დიდი შემოსავალი მომცა ამ საქმიანობამ, როგორც მეგონა.

- საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვს, როდისღა ახერხებ ტაქსაობას? - როდესაც რადიოში არ ვარ - დილის ეთერს რომ დავასრულებ ან მერე, გვიან. ყოფილა შემთხვევა, დღის განმავლობაში 110 ლარიც გამომიმუშავებია, ოღონდ ეს იშვიათად ხდება და თან, ავტომობილის გაფუჭების ხარჯზე. ჩემი ავტომობილი სპორტულია და სატაქსაოდ კომფორტული არ არის. საწვავისა და ყოველდღიური ჯიბის ფული რომ მქონდეს, ამაში ნამდვილად მეხმარება.

- მეშინოდა, მაგრამ მაინც გავბედეო, აღნიშნე. - განსაკუთრებით გოგონებს უხარიათ ჩემი დანახვა, - თქვენ არ იცით, რა ბედნიერები ვართ, ქალი რომ დავინახეთ საჭესთანო. თქვენზე ბედნიერი მე ვარ-მეთქი, ვპასუხობ. ძირითადად ხომ ღამის საათებში მივდივარ გამოძახებაზე და მხვდება ზომაზე მეტად ნასვამი კაცი. რა გინდა, რომ გააკეთო? ვარკეთილში ტაქსის მძღოლი რომ მოკლეს, 2 დღე ვერ ვმუშაობდი, მეშინოდა. მაქსიმალურად ვერიდები მგზავრებთან კამათს. როდესაც თანხა აკლდებათ, არასდროს ზედმეტს არ ვაკადრებ. ბევრჯერ მითქვამს, ჩაბრძანდით, არა უშავს-მეთქი და ის თანხაც არ ამიღია. მოწესრიგებული მძღოლი ვარ და ვცდილობ, ყოველთვის მქონდეს ხურდა. ხშირად არც მართმევენ. კანონმორჩილიც ვარ, თუმცა ჩვენს გზებზე ცოტა რთულია, მოძრაობის წესები არ დაარღვიო.

- 28 წლის ხარ და ჯერ არჩევანი არ გაგიკეთებია, ოჯახის შექმნას ვგულისხმობ, წუნია ხარ? - ცოტა არ იყოს, მაშინებს გარშემო მყოფთა გამოცდილება, ოჯახების ხშირი ნგრევა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა ყოფილიყო და ის არავის არ უნდა ჩაენაცვლებინა. არც ის მინდა, მე რომ ჩამანაცვლოს ვინმემ მის ცხოვრებაში. ერთგული ვარ. შეიძლება, ვიზუალურად მისაღები არ იყოს სხვებისთვის, მაგრამ არავის აზრი არ მაინტერესებს, როდესაც ჩემი გული ვინმეს ეკუთვნის. თუ რამე არ მომწონს, ვცდილობ, ფრთხილად დავხვეწო, გავალამაზო. სადაც სიყვარულია, ეს ძალიან მარტივია და იმას არ ნიშნავს, რომ მე მას ვზრდი ან ვცვლი. წყვილმა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ურთიერთობა იდეალური თუ არა, იდეალურთან მიახლოებული მაინც გახადოს. გაგრძელება