"ირანელები ამბობენ, ამერიკის კი არა, ჩვენი სახელმწიფოსი უფრო გვეშინიაო" - კვირის პალიტრა

"ირანელები ამბობენ, ამერიკის კი არა, ჩვენი სახელმწიფოსი უფრო გვეშინიაო"

რას ჰყვება ირანში შექმნილ მდგომარეობაზე ფერეიდნელი ქართველი

"ათი წლის წინ ჩამოვედი საქართველოში, ჩემს სამშობლოში. პროფესიით იურისტი ვარ, იურიდიული განათლება ჯერ ისპაჰანში, შემდგომ კი საქართველოში მივიღე. წარმოშობით ქიზიყელი ვარ და დიდი სიამოვნებით ვიტოვებ ძველ გვარს (მე-18 საუკუნეში ჩემი გვარის ხალხი ლაჩინაშვილზე ან ლაჩაშვილზე გადავიდა, ისინი ჩემი ნათესავები არიან)... აქ ჩამოსვლამდე ფერეიდანში, ქალაქ მარტყოფში ვცხოვრობდი. მარტყოფსა და თორელს ოფიციალურად სხვა სახელები აქვთ, მაგრამ ფერეიდნელი ქართველები ასე ვეძახით", - გვიამბობს ფერეიდნელი ქართველი ანდრო ლაჩინანი და დღეს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მიმდინარე მოვლენებზე თავის მოსაზრებას გვიზიარებს.

- 40 წელია, ამერიკა-ირანს შორის დაძაბულობაა. 30 წლის წინ, 1990 წელს, ამაზე უარესიც ყოფილა, როცა ამერიკის საჰაერო ძალებმა ირანის სამი სამხედრო გემი ჩაძირეს. ეს ყველაზე დიდი თავდასხმა იყო, ამავე დროს, აშშ-მ ჩამოაგდო ირანის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც დუბაიში მიფრინავდა, 200-მდე კაცი დაიღუპა, თუმცა ასეთ დროსაც არ დაწყებულა ომი. ირანს ომი აშკარად არ უნდა, ამერიკის სამხედრო ბაზას 15 რაკეტა ესროლა და ერთი კაციც არ დაშავებულა. ეს ნიშნავს, რომ განზრახ ირჩევს ისეთ ადგილს, ვინმე რომ არ დაშავდეს. ამერიკა ის ქვეყანა არ არის, რომ ერთი დაშავებულიც დაემალა, ვერც დამალავდა. ირანს თავისი შიდა პოლიტიკისთვის სჭირდებოდა ის, რაც მოიმოქმედა. რომ არაფერი გაეკეთებინა, თავისი მხარდამჭერები შეუქმნიდნენ პრობლემას.

- რა ხდება ამჟამად ირანში? - ერთმა ჩემმა მეგობარმა ინსტაგრამში დაწერა, მირჩევნია, ჯოჯოხეთში ვიცხოვრო, ვიდრე აქო.

ირანში ძალიან დაძაბული სიტუაციაა, ადამიანების დაღუპვა ყოველდღიური ამბავია. ირანის ხელისუფლების მენეჯმენტის სისუსტე ყოველდღე იჩენს თავს. ირანელები ამბობენ, ამერიკის კი არა, ჩვენი სახელმწიფოსი უფრო გვეშინიაო.

- ვინ იყო ყასემ სოლეიმანი - გმირი და ირანელების კერპი, თუ ტერორისტი, რომლის მოშორება ირანსაც კი აძლევდა ხელს? - ირანი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ორი სამხედრო სისტემა აქვს: ერთი ჩვეულებრივი ჯარი, მეორე კი "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" თავისი საჰაერო ჯარითა და თავდაცვით. 40 წლის წინ, როცა ისლამისტების რევოლუცია მოხდა, ისინი არ ენდობოდნენ ჯარს, რადგან, მათი აზრით, ეს ჯარი პატრიოტებისგან იყო დაკომპლექტებული, ისინი კი პირველ ადგილზე რელიგიურობას აყენებენ. მათ დიდად ირანიც არ აინტერესებთ, მათთვის ვიღაც არაბი ისლამისტი უფრო მისაღებია, ვიდრე ირანელი, რომელიც ისლამისტი არ არის, ეროვნება არ აინტერესებთ. ეროვნულ ჯარს რომ არ ენდობოდნენ, ამიტომაც შექმნეს მეორე ჯარი. ყასემ სოლეიმანი, ისლამისტური სამხედრო სამსახურის ძალზე გავლენიანი გენერალი, სახელმწიფო სამხედრო სამსახურშიც იყო. დონალდ ტრამპმა თქვა, ტერორისტი იყოო. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ომობს, ტერორისტი ვერ იქნება, თანაც სამხედრო მოსამსახურე თავისით არაფერს აკეთებს, ის ბრძანებას ასრულებს. აშშ-ის პრეზიდენტი არც მოსამართლეა, არც პროკურორი, ვინმეს ეს სტატუსი რომ მიანიჭოს. შეიძლება მე პირადად არ მომწონდა სოლეიმანი, მაგრამ ტრამპს და ამერიკას ჩამოწერილი აქვთ ტერორისტების სია და არავინ ეკითხება, რა უფლებით ანიჭებენ ამ სტატუსს.

- როგორც ამბობენ, სოლეიმანი მსოფლიოსთვის "ალ-ქაიდას" დამფუძნებელ ოსამა ბინ ლადენზე საშიში ფიგურა იყო, ამიტომაც გაანეიტრალა ამერიკამ. - ბინ ლადენი სუნიტი იყო, სოლეიმანი - შიიტი. ირანელებისთვის ტერაქტები იგივე სპეცოპერაციაა. რუსეთიც, ამერიკაც, ისრაელიც და სხვებიც აკეთებენ ამას, მაგრამ ირანი უფრო მეტს და ხშირად. ბულგარეთში ავტობუსის აფეთქებას სოლეიმანს მიაწერენ, მაგრამ ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.

- მაინც რა დამსახურების გამო სცემდნენ პატივს გენერალს ირანში. - ირანში მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ სცემს პატივს რელიგიას, ისლამური ჰიჯაბითაც კი იშვიათად დადიან. ყასემ სოლეიმანის დაკრძალვაზე ძირითადად, ის ხალხი იყო, ვინც რელიგიას სცემს პატივს. ჩემი აზრით, ისლამური რევოლუცია ისლამური სოციალისტური რევოლუცია იყო. სოციალისტები, ძირითადად, დასავლეთის მოწინააღმდეგეები არიან, ყასემ სოლეიმანი კი მას პრობლემებს უქმნიდა, რაც მის მომხრეებს მოსწონდათ.

- რას ნიშნავს, პრობლემებს უქმნიდა?

- ტერაქტებით, მაგრამ მას ტერორიზმის ბრალი არა აქვს დადასტურებული.

- თქვენი აზრით, XXI საუკუნეში რელიგიური ფუნდამენტალიზმი უნდა არსებობდეს?

- ისინი ასე ფიქრობენ, ღმერთის ბრძანების შესრულებისას თუ დაიღუპე, სამოთხეში მოხვდები.

- თუ იცით, რამდენი ირანელი ცხოვრობს დღეს საქართველოში? - ორი წლის წინ თბილისში დაახლოებით 200 000 ირანელი იყო. მათგან 40 ათასს ჰქონდა დროებითი ბინადრობა, ახლა მაქსიმუმ 10 ათასს შეიძლება ჰქონდეს. 400-მდე ირანელმა მიიღო მოქალაქეობა, მათ შორის 90% ფერეიდნელი ქართველია.

- თქვენი აზრით, რატომ არის მიმზიდველი საქართველო ირანელებისთვის? - საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. ამას წინათ ჩემს მეგობარს კაფეში საფულე დარჩა, საათ-ნახევრის შემდეგ მივაკითხეთ და საფულე ადგილზე, სკამზე დაგვხვდა. აქ მანქანის, ოფისის და ბინის დაკეტვაც დამვიწყებია ხოლმე, მაგრამ არავინ შემოსულა. ქართველები მშვიდობისმოყვარეები ვართ, აქ სახელმწიფო ადამიანების პირად ცხოვრებაში არ ერევიან, როგორც ირანშია. ამ მხრივ იქ საშინელება ხდება.