სტამბოლის ქართული სავანის მცველები - კვირის პალიტრა

სტამბოლის ქართული სავანის მცველები

"ზვიად გამსახურდიას მონასტერში საქართველოს საელჩოს გახსნა უნდოდა"

დედამიწის "დაპატარავებამ" კიდევ უფრო გაამყარა აზრი, რომ კომფორტული ცხოვრებით ყველგან მშვენივრად იქნები. თუმცა არაერთი ისტორია ცხადყოფს, რომ ბევრისთვის სულაც არ არის ასე. ყოველ შემთხვევაში, მათთვის, ვინც იცის, რომ სამშობლოს კარი სამუდამოდ მიხურულია. ასეა სტამბოლის ქართველ მამათა სავანის გარშემო შემოკრებილი ქართველობისთვისაც. ბათუმელ პროფესორს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ შუშანა ფუტკარაძეს იქ სწორედ იმ ტრაგედიის ექო დახვდა, რაც აქაურმა სასულიერო თუ საერო პირებმა სამშობლოს კარის მიხურვით გადაიტანეს. ქალბატონი შუშანა ერთადერთი მეცნიერია, რომელსაც სტამბოლის მამათა სავანეში მუშაობის უფლება აქვს. მასთან საუბარი ამ სავანისა და თურქეთელი ქართველობის შესახებ დავიწყეთ.

- 1988 წელს სადოქტორო დისერტაციის თემის გამო ბათუმიდან დედაქალაქის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჩამოვედი. ინსტიტუტის დირექტორი მაშინ ბრწყინვალე ადამიანი, ქეთევან ლომთათიძე იყო. იმ წელს პირველად გაიხსნა სარფის კარი, სადაც ქართულ სოფლებს ბავშვობაში ხშირად გავცქეროდი ჩემი სოფლის მთებიდან. თურქეთულ საქართველოში დედაჩემს უამრავი ნათესავი ჰყავდა. მაშინ ვუთხარი ქალბატონ ქეთევანს, იქნებ მოხერხდეს, თურქეთელი ქართველობის თემაზე ვიმუშაო-მეთქი. სახე გაუბრწყინდა, ყველაფერს გავაკეთებ, მათ ენობრივ თავისებურებებზე წარმოადგინე სადოქტორო მასალაო.

შუახევში, ჩემი სოფლის, ლომანაურის მთებს იქით თურქეთული ქართული სოფლებია. ამ ქედებზევე გადიოდა თურქეთის სასაზღვრო 3-მეტრიანი ხნული, ხნულს მიღმა კი მავთულხლართები. ხნულს ის დანიშნულება ჰქონდა, რომ საზღვრის დამრღვევის ნაფეხურები აღბეჭდილიყო. ამიტომაც ყოველ გაზაფხულზე აფხვიერებდნენ. მამაჩემი თანამდებობის პირი იყო და სწორედ მას მიჰყავდა ხალხი ხნულის გასაფხვიერებლად. მას მეც გავყვებოდი ხოლმე. ჰოდა, ერთხელაც მამამ ვაშლი მომცა და მითხრა, ცოტა დაგველოდე, მალე მოვრჩებითო. მე ხნულს დავუყევი და მის მიღმა გაზაფხულის ყვავილები დავინახე. ყვავილები გაგიჟებით მიყვარდა, ამიტომ ბევრი არ მიფიქრია და

ხნულზე გადავაბიჯე, მაგრამ უცებ რაღაცას წამოვკარი ფეხი და დავეცი. თურმე ხნულში ელექტრომავთულს წამოვდებივარ, რომელიც საზღვარზე განგაშს ტეხდა. წაქცეულმა მავთულხლართებს მიღმა მწყემსი შევნიშნე, რომელიც ჩემკენ გამორბოდა. როგორც კი მავთულხლართებს მოადგა, ჩემი ტალახიანი ვაშლი ვესროლე, მან კი ვაშლი უკანვე გადმომიგდო და მომაძახა: მიყვარხარ, ქართველო, ვაშლი ჩაკბიჩე და უკანვე გადმომიგდე, მაგას თქვენი სიყვარული წამოჰყვებაო. მეც ვაშლი მოვკბიჩე და უკანვე ვესროლე. ამასობაში მამაჩემი და საზღვრის დაცვა მომცვივდნენ. მამა მათ ებოდიშებოდა, ბავშვია, საზღვრისა რა იცისო. მათ დამტუქსეს და წავიდნენ, მე კი ეს შემთხვევა სამუდამოდ ჩამრჩა.

ახლა წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა, როდესაც თურქეთში გადავედი. საზღვარზე ნათესავი უნდა დამხვედროდა, რომელსაც არ ვიცნობდი. როდესაც სარფის ნეიტრალურ ზონაში ჩემოდანი გადავდგი, ხალხში ვიღაც კაცი დავინახე, რომელიც ნერვიულად მიმოდიოდა. რაღაც ძალამ მაგნიტივით მიმიზიდა, ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ავტირდით. ჩვენი შემხედვარე თურქი მესაზღვრე მოგვვარდა, რა ხდებაო. ჩემმა დამხვდურმა უპასუხა, 120 წლის დაკარგული სისხლი ვიპოვე და სიხარულით ვტირიო... ჩემმა თურქეთელმა ნათესავებმა ყველგან წამიყვანეს. როდესაც სოფელ ხოხლევში ავედი და იქაური ქალები მოვიკითხე, ისინიც ატირდნენ, რა კარგ გურჯიჯას ლაპარაკობ, აქამდე რატომ არ მოგვიკითხეთო! იქ ერთი სულისშემძვრელი ამბავიც დამხვდა - ვნახე მოხუცი ქალი, რომელსაც საქართველოში გათხოვილი შვილი დაეტოვებინა. მითხრა, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, წვიმაში მთაზე ავდიოდი და ჩემი შვილის სოფელს გადავყურებდი, წვიმა კი არ მაცივებდა, მათბობდა, მასში ხომ ჩემი შვილის ცრემლები იყოო. ორი წლის შემდეგ, როდესაც ხოხლევში ავედი, ის მოხუცი გარდაცვლილი დამხვდა. მითხრეს, ანდერძი დაგვიბარა, იმ მთაზე ჩამფალით, საიდანაც ჩემს შვილს ვუყურებდიო. დედა ისე წავიდა, შვილის ნახვას ვერ მოესწრო. ისევე როგორც ვერ ეღირსა საქართველოში დარჩენილი დედის ნახვას სტამბოლის მამათა სავანის მცველი პავლე ზაზაძე.

სტამბოლის ქართულ სავანეში თურქეთელმა ნათესავებმა მიმიყვანეს. პავლე ზაზაძემ თავის ვაჟს, სიმონს დაუძახა და უთხრა, იმ კაცმა, ვინც ეს მომიყვანა, ამის სახით საქართველო მოიყვანა, ყველაფერი აჩვენეო. ამის შემდეგ ამიტომაც მაქვს ამ სავანეში მუშაობის უფლება, სადაც შეღწევა ძალიან ძნელია. 1951 წლიდან, როდესაც აქ უკანასკნელი სასულიერო პირი, პეტრე ტატალაშვილი გარდაიცვალა, ამ ქართული სავანის მცველობა ზაზაძეების ოჯახმა იკისრა. პავლე მისმა ვაჟმა სიმონმა შეცვალა, ახლა კი სიმონს მისივე ვაჟი და პაპის სეხნია, პავლე ზაზაძე ცვლის. მომავალში ამ მისიას პავლეს ვაჟი, ლუკა გააგრძელებს. პავლეს მე 91 წლის ასაკში მივუსწარი, უკვე ძალიან გვიანი აღმოჩნდა თავის მონატრებულ ახალციხეში, სოფელ უდეში დასაბრუნებლად. ერთ დილით სიზმარი მიამბო: წუხელ დედაჩემს დავყავდი უდეს ტყეში. იქ იყო ძველი ეკლესია, იმ ეკლესიაში წყლით სავსე ოქროს ავაზანი იდგა. ძალიან მწყუროდა, მინდოდა ავაზანიდან წყალი დამელია, მაგრამ ბოქლომდადებული დამხვდა, ესე იგი, საქართველოში ვეღარ დავბრუნდებიო. ასეც მოხდა...

- ის ისტორიაც გავიხსენოთ, როგორ დაარსდა სტამბოლის ქართველთა სავანე. - როდესაც ეს მხარე თურქეთმა დაიპყრო, გამაჰმადიანებაზე უარისმთქმელმა ქართველობამ კათოლიკობა მიიღო. შემდეგ ქართველი კათოლიკეები მესხეთში ჩამოსახლებულმა სომხობამ შეავიწროვა, რაც იმხელა პრობლემა გახდა, რომ ევროპიდან მესხეთში დაბრუნებული სწავლული პეტრე ხარისჭირაშვილი იძულებული გახდა, თუქეთში გადასულიყო და იქიდან ებრძოლა ქართველთა გასომხების წინააღმდეგ. ის მიიჩნევდა, რომ ჩვენი ერის ხსნა მხოლოდ განათლებაში იყო. ამიტომაც დააარსა სტამბოლის შიშლის რაიონში 1861 წელს კათოლიკური ეკლესია, მასთან ერთად კი კათოლიკე ქართველ დედათა და მამათა მონასტრები, ქართულ-ფრანგული და ქართულბერძნული ქალთა და ვაჟთა ლიცეუმები, სადაც ქართველი ბავშვები ჩაჰყავდა განათლების მისაღებად. ლიცეუმებში სწავლობდნენ პეტრესგან ტყვეთა ბაზარზე გამოსყიდული ქართველი გოგო-ბიჭებიც. დროთა განმავლობაში სტამბოლის სავანე, რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, სულიერი თავშესაფარი გახდა სამშობლოდან ლტოლვილი ქართველისთვის. მონასტრის გარშემო მხოლოდ 10 000 კათოლიკე ქართველი ცხოვრობდა. 1914 წელს ქართულ სავანეში დაარსდა საქართველოს ხსნის კომიტეტიც...

როდესაც მონასტრის ბიბლიოთეკაში შევედი, ვერ აღგიწერთ, რა დამემართა - ირგვლივ ქართველთა მიერ მთელ მსოფლიოში შესყიდული ის 70 000 წიგნი, ხელნაწერები და ფოტოები იყო, რომლებშიც საქართველოზე ოდესმე რამე დაწერილა. დავდექი ამ საოცრებაში და ვილოცე.

მერე რა, რომ კათოლიკურ სავანეში ვიყავი. იმ წუთებში უფალს ისიც შევთხოვე, როგორმე გადამეხადა იმ კაცის ვალი, ვინც სავანეში მუშაობა დამიფინანსა. ეს კაცი ასლან აბაშიძე იყო. მან მთხოვა, სტამბოლის ბიბლიოთეკაში მომეძებნა მისი ბაბუის, მემედ აბაშიძის წერილები, რომლებიც საქართველოში მისი რეპრესირების შემდეგ დაიკარგა. მიუხედავად იმისა, არ ვიყავი დარწმუნებული, წერილებს ვიპოვიდი, თითქოს ვიღაცამ მიკარნახა, ამხელა ბიბლიოთეკაში რომელ თაროს მივდგომოდი. მეც მივედი იმ ადგილას, გადმოვიღე წიგნები და მათ უკან მემედ აბაშიძის წერილები აღმოჩნდა.

აქ ქართველი ერისთვის აუწონავი ოქროს საგანძურია. საუკუნეობით დაბინავებულ ათასობით წიგნსა და ხელნაწერს ნესტისაგან გაწმენდა სჭირდებოდა, ამას კი თანხები. საბედნიეროდ, 2006 წლიდან ბათუმში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი და მისი დირექტორი როინ მალაყმაძე შეგვეშველნენ. დღეს აქ ჩატარებული შრომის მხოლოდ ნაწილი მაქვს გამოცემული. ბათუმის ინსტიტუტს არა აქვს მისი სრულად დასაბეჭდი თანხა. სტამბოლის ქართველთა სავანე აუცილებლად უნდა იქცეს ოფიციალურ დაწესებულებად, რომელსაც თურქეთის სახელმწიფო მოუვლის და აქ ქართველ მეცნიერებს მუშაობის უფლებას თანამედროვე სტანდარტებით მისცემს.

პავლე ზაზაძეს განათლება ჰარვარდში აქვს მიღებული. მან ჯერჯერობით ის მოახერხა, რომ ავსტრიაში გათხოვილი, ასევე პოლიგლოტი თავისი და ჩაიყვანა სტამბოლში და ორივენი ბიბლიოთეკის წიგნებს ენების მიხედვით ახარისხებენ, - იქ 17 ენაზე გამოცემული ლიტერატურაა. კიდევ კარგი, ბოლო დროს აქ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებიც გამოჩნდნენ.

რაც შეეხება სავანის ეკლესია-მონასტრებს, აქაურ ქართველთა ოცნებაა, ლიტურგია ქართველმა კათოლიკემ ჩაატაროს, მაგრამ ვერ ხერხდება, ამისთვის თურქეთის მოქალაქეობაა საჭირო, რაც არავის უნდა. ასე რომ, ქართულ კათოლიკურ ეკლესიაში სულ სხვადასხვა ეროვნების სასულიერო პირები მსახურობენ, ბოლო დროს შავკანიანი პადრეც იყო. კარგად მახსოვს, ზვიად გამსახურდიას მონასტერში საქართველოს საელჩოს გახსნა უნდოდა, რამაც ზაზაძეები ძალიან გაახარა, მაგრამ ესეც არ მოხერხდა. იმედია, მომავლის საქართველო მაინც მოახერხებს თურქეთელ ქართველთა დატოვებული ზღვა სიმდიდრის პატრონობას.