"ლიუდას შევურიგდი, მაგრამ ალბათ, კიდევ ვიჩხუბებთ­, კაკაჩიას ვერავინ უძლებს..." - კვირის პალიტრა

"ლიუდას შევურიგდი, მაგრამ ალბათ, კიდევ ვიჩხუბებთ­, კაკაჩიას ვერავინ უძლებს..."

"აბაშაში მეუბნებოდნენ, შენ რა მეგრელი ხარ, სამტრედიელი ხარო, სამტრედიაში კი, შენ რა სამტრედიელი ხარ, მეგრელი ხარო"

რუსთაველის თეატრის მსახიობს დავით კვირცხალიას ბევრი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული თეატრსა თუ კინოში, მაგრამ მის დანახვაზე მაინც ჭირვეული მილიონერი გრიშა კაკაჩია ახსენდებათ, სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები". თურმე შვილიშვილებიც კი კაკაჩიას ეძახიან. ბატონი დავითი ბევრ საინტერესო თემაზე გვესაუბრა.

- 8 წლამდე თბილისში ვიზრდებოდი, მერე სამტრედიაში გადავედით საცხოვრებლად, თუმცა წარმოშობით სოფელ მარნიდან ვარ. ეს სოფელი სამეგრელოს საზღვართანაა. აბაშის რაიონი კია, მაგრამ იქაურები პრინციპულად არ ლაპარაკობენ მეგრულად, რადგან სამტრედიასთან 4 კილომეტრშია და თავს სამტრედიელებად თვლიან. ამას იმიტომ ვყვები, რომ აბაშაში სულ მეუბნებოდნენ, შენ რა მეგრელი ხარ, სამტრედიელი ხარო, სამტრედიაში კი, შენ რა სამტრედიელი ხარ, მეგრელი ხარო.

- აბა, მეგრული სად ისწავლეთ? - უკეთ მესმის, ვიდრე ვსაუბრობ. გრიშა კაკაჩიამ ბევრად გააუმჯობესა ჩემი მეგრული. დედა მყავდა თოფურიას ქალი, აბაშელი, აბაშისა და ზუგდიდის მეგრული განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ სადაც ჩავდიოდი, ადვილად ვერგებოდი კილოკავს და ეს ნიჭი როლის შექმნაშიც დამეხმარა.

- ამ სეზონში იშვიათად ჩანხართ.

- დასაწყისში ვჩანდი, ლიუდასთან მქონდა სცენები, კიდევ გამოვჩნდები...

- ესე იგი, ლიუდას შეურიგდით. - ეს დევდარიანს უნდა ჰკითხოთ, ვნახოთ, რას მოიფიქრებს. ალბათ, კიდევ ვიჩხუბებთ, კაკაჩიას ვერავინ უძლებს...

- მეგრელები ბევრ კომპლიმენტს გეუბნებიან? - თავიდან ეჭვით მიყურებდნენ, ახლა სიხარულით მხვდებიან და მეფერებიან. ერთმა მეგრელმა ევროპიდან დამირეკა, ბილეთს გამოგიგზავნი, ჩამოდი, ნიავს არ მოგაკარებ, ისე დაგასვენებო. სად წავალ, მაგრამ ხომ სასიამოვნოა...

- პროფესიული არჩევანი ოდესმე გინანიათ? - ბავშვობიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ მსახიობი ვიქნებოდი. სკოლაშივე გავითქვი სახელი, ლექსებს კარგად ვკითხულობდი. ოლიმპიადები ტარდებოდა მხატვრულ კითხვაში და ერთხელ ჩემმა, სამტრედიის მე-2 სკოლამ გაიმარჯვა. ფინალი თბილისში გვქონდა. მაშინ ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე იყო. მან გამარჯვებულებთან ერთად სურათის გადაღება ისურვა და რატომღაც მე გადამხვია ხელი. ჩვენი ფოტო თითქმის ყველა გაზეთში დაიბეჭდა. გამარჯვებულებს სამტრედიის სადგურში საზეიმოდ დაგვხვდნენ. მაშინ 10-11 წლის ვიყავი, მაგრამ უკვე მტკიცედ დავიწყე სცენაზე ფიქრი. ბედს ნამდვილად არ ვუჩივი. ყოველთვის იქ ვიყავი, სადაც მინდოდა, და ის გავაკეთე, რაც მინდოდა. ძალიან გამიმართლა. საბუთების შეტანისას გიზო ჟორდანიამ შემამჩნია, წამოდი, მოგისმენო, მითხრა. ისე მოხდა, მის ჯგუფში ჩავირიცხე. მერე ბატონი გიზო მოსკოვში წავიდა და მიხეილ თუმანიშვილმა მოგვკიდა ხელი.

- ბევრმა არ იცის, რომ "ნატვრის ხეში" სასალდათე 3 ბიჭს შორის, რომელთაც ლიკა ქავჟარაძის შეუდარებელი მარიტა კოცნის, ერთ-ერთი თქვენ ხართ. - მანდ 26 წლის ვარ. თუ გახსოვთ, წყაროსთან ვხვდებით მარიტას, მისი სილამაზით მონუსხულები ვეუბნებით: "მოუსვლელში მივდივართ, არ ვიცით, დავბრუნდებით თუ არა და ერთი გვაკოცნინე, რა". ლიკაც გვკოცნის და ზუსტად ისე, როგორც რეალობაში, ფილმშიც მონუსხულებს გვტოვებს. ეს კადრი, სადაც ლიკა მკოცნის, მთელი ევროპის პრესის ფურცლებსა და კინობანერებზე მოხვდა. ძალიან მეამაყებოდა.

"ნატვრის ხემდე" ბევრმა დამიმახსოვრა ზურიკო კანდელაკის ფილმ-სპექტაკლით "ეს არ უნდა მომხდარიყო". შინაარსი ასეთია: გოგონას გაცილების შემდეგ 3 ბიჭი ამედევნება, სადარბაზოში შევრბივარ, კარებზე ვაკაკუნებ, არავინ მიღებს და საბოლოოდ მკლავენ. მაშინ მთელმა საზოგადოებამ დოკუმენტურად მიიღო ეს სცენა და სადაც შემხვდებოდნენ, სიხარულით შეიცხადებდნენ, ცოცხალი ხარ, ბიჭოო. ჯემალ ღაღანიძე ერთ-ერთი იყო, ვინც ამ სატელევიზიო დადგმაში კარი არ გამიღო. პრემიერის შემდეგ პურის საყიდლად შესულა მაღაზიაში და გამყიდველს მიუხლია, არ მოგყიდიო. რატომო, გაჰკვირვებია, იმიტომ, რომ გუშინ იმ ცხონებულ ბიჭს კარი არ გაუღეო.

- "ყვარყვარეშიც" თამაშობთ. - დიახ, რევოლუციონერ სევასტის ვასახიერებ, რომელიც მეწისქვილის ქალიშვილს შეუყვარდება. ამ ფილმის გადაღებისას გავიცანი დოდო აბაშიძე. სულ თვალს ვადევნებდი, ის და ეროსი მანჯგალაძე მონუსხულს გვტოვებდნენ. ამ ორ ბუმბერაზს იოლად გამოსდიოდა ყველაფერი.

- ოჯახზე მიამბეთ. - ჩემი მეუღლე ქეთევან მესხი პროფესიით ექიმი-ბიოლოგია. სამტრედიაში მეზობლად ვცხოვრობდით, ერთ სკოლაში დავდიოდით, 22 წლის ვიყავი, როცა ვიქორწინეთ. 2 ქალიშვილი და 2 შვილიშვილი გვყავს.

- მკაცრი მამა ან ბაბუა ხართ? - მკაცრი არა ვარ. შვილიშვილებით ვხარობ, ამბობენ, კარგი ბაბუა ხარო.

ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს. როგორ მღერიან, ხატავენ, ცეკვავენ... დემოკრატია ამიტომაა კარგი, შეუძლიათ ერთი გიტარით ქვეყანა შემოიარონ. ეს ჩვენს დროს შეუძლებელი იყო. მაშინ წნეხში ვიყავით, მრისხანე ტირანი თავისზე წინ არ გაგიშვებდა. ახლა ეს შემსუბუქებულია, მაგრამ თანამედროვე ტირანი მაინც არ ისვენებს. ვაჟა გაფრინდაშვილს არ ვიცნობ, მაგრამ იმხელა სიხარული მივიღეთ საახალწლოდ მისი ამბით. მხარდამჭერებმა და რაღაც ძალამ აიძულა ბოროტი მხარე, რომ გამოეშვათ. მე არ დამირღვევია ჩემი ქვეყნის საზღვარიო, ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ეს სიტყვები. თუ არ დარჩება და არ დავაფასებთ, მაშინ ყველაფრის ღირსი ვიქნებით.

- სხვა მხრივ როგორი იყო 2019 წელი? - მძიმე. ბევრი ახლობელი დავკარგე. იმ ასაკის შემდეგ, რაც მივხვდი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, ჩემთვის ახალი წელი მაინცდამაინც აღარაა ისეთი ძვირფასი. აღდგომის დღესასწაული უფრო მიყვარს. ახალ წელს მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ წლები მემატება.