"ჩემს ყველა მეუღლეს ისე გავშორდი, კამათი არ გვქონია. ახლა მეექვსე ცოლი მყავს და..." - კვირის პალიტრა

"ჩემს ყველა მეუღლეს ისე გავშორდი, კამათი არ გვქონია. ახლა მეექვსე ცოლი მყავს და..."

"სიდედრებში კი ძალიან მიმართლებს - არც ერთს ჩემთვის საწყენი სიტყვა არ უთქვამს"

გეგე სულხანიშვილს ყველა იცნობს როგორც იშვიათი იუმორის მქონე ადამიანს, რომელიც ნებისმიერი ტელევიზიისა თუ გაზეთის სასურველი სტუმარია. "ბედნიერი ვარ, რომ ქუჩაში გამოსვლისას ხალხი სიყვარულით მხვდება", - ამბობს ბატონი გეგე და თავს "გამოუსწორებელ ოპტიმისტს" უწოდებს.

- ბატონო გეგე, საქართველოში ახალ წელს და ბედობას ორჯერ აღნიშნავენ და ორჯერვე მეკვლეს თანხლებით. თქვენ რამდენად სასურველი მეკვლე ხართ?

- მეტისმეტად სასურველი მეკვლე ვიყავი, სანამ "ცოლომანია" ამიტყდებოდა, მაგრამ მესამე ცოლი რომ მოვიყვანე, ჩემი მეკვლეობის მსურველთა რიცხვი აშკარად შემცირდა. დღეს უკვე ნათლიადაც აღარავინ მირჩევს, რადგან ნათქვამია, ნათლულს ცალი გვერდი ნათლიისა აქვსო.

- როგორ ფიქრობთ, რამდენჯერ შეიძლება შეუყვარდეს ადამიანს? - სიყვარული იმდენჯერ მოდის, რამდენჯერაც ღირსი ხარ. როცა შეყვარებული ვარ, სახლში კი არ მივდივარ, მივფრინავ, მაგრამ როცა შინ დაბრუნება აღარ მიხარია, ესე იგი, საქმე ცუდადაა. სხვათა შორის, ჩემს ყველა მეუღლეს ისე გავშორდი, კამათი არ გვქონია. უბრალოდ, სიყვარული გაილია, როგორც საპონი ილევა ხოლმე. ახლა მეექვსე ცოლი მყავს და ვხუმრობ, მეექვსეზე გაჩერება არ მინდა, მაგრამ ასაკი ხელს აღარ მიწყობს-მეთქი. სიდედრებში კი ძალიან მიმართლებს - არც ერთს ჩემთვის საწყენი სიტყვა არ უთქვამს. სამწუხაროდ, მეექვსე სიდედრს სკლეროზი დაემართა. ყველას სახელები იცოდა, მაგრამ ვინ ვინ იყო, აღარ ახსოვდა. ერთხელაც გამომხედა და მითხრა, გეგე, რა კარგი ბიჭი ხარ და რატომ ცოლს არ მოიყვანო.

- თელავში გაიზარდეთ. რით არის თქვენთვის გამორჩეული ეს ქალაქი?

- ეს მეფე ერეკლეს ქალაქია, სატახტო, და როცა მის ძველისძველ ქუჩებში დააბიჯებ, ცოტა სხვანაირი ხდები, ამაყი ხარ და ეს სტიმულს გაძლევს, რომ თელავი გამორჩეულად გიყვარდეს. ამ ქალაქის მკვიდრებს, საერთოდ, კახელებს, ძარღვიანი იუმორი აქვთ. ძალიან სიტყვაძუნწები არიან, მაგრამ ორ სიტყვას იტყვიან და უკვე ხუმრობაა. მე გურულების იუმორი მომწონს, მაგრამ ისე სწრაფად ლაპარაკობენ, ვერ ვიგებ. მესამედ და მეოთხედ ვამეორებინებ და მერე ვხვდები, რა მოსწრებულად იხუმრეს. ამაზე ერთი ამბავი მახსენდება: კახელი გურიაში ჩავიდა, არის ერთი ამბავი - გურულები ლაპარაკობენ, ხუმრობენ, მოკლედ, არ ჩერდებიან. კარგა ხანს უსმინა კახელმა და ბოლოს იკითხა: თქვენთან კაცი რომ გაგიჟდება, როგორ იგებთო?

- თელაველებს და გურჯაანელებს შორის მეტოქეობაზე რას მოგვიყვებით?

- ეს 50 წლის წინ დაიწყო, როცა თელავის ფეხბურთელთა გუნდი საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და გურჯაანის გუნდს ხშირად ხვდებოდა. ამ თამაშების დროს გურჯაანელები ჩვენთან ჩამოდიოდნენ, ხოლო თელაველები გურჯაანში მივდიოდით. სწორედ მაშინ დაიწყო მეტოქეობა, რომელიც დღემდე გრძელდება. ყველაზე კომიკური ამბავი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოხდა, როცა მთელმა საქართველომ ცოცხალი ჯაჭვი შეკრა და თელაველებმა გურჯაანის საზღვარზე ცალხელა კაცი დააყენეს, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ ჩაეჭიდათ. მე სულ შემრიგებლის როლში გამოვდივარ და ყოველთვის ვცდილობ სიტუაცია გავაწონასწორო. მით უმეტეს, რომ დედაჩემი გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგიდან, ვაჩნაძის ქალი იყო. ნატა ვაჩნაძის პირველი ქმარი, მერაბ ვაჩნაძე დედაჩემის ალალი ბიძაშვილი გახლდათ. დედაჩემი ჩემთვის ყველაფერი იყო და ვცდილობ არც ერთ მხარეს არ ვაწყენინო.

- თქვენი სტუდენტობიდან თუ გახსენდებათ სახალისო ამბავი? - ერთს გამოვყოფ, რომელიც ჩემს მეგობარს გადახდა: ის სამედიცინოზე სწავლობდა, ფსიქიატრიის ფაკულტეტზე. სტუდენტები პრაქტიკას ცნობილ ფსიქიატრთან, ავლიპ ზურაბაშვილთან გადიოდნენ. როდესაც პაციენტებს აკვირდებოდნენ, ვისაც გაუმჯობესებას შეატყობდნენ, სახლში უშვებდნენ. ავლიპი აზრს პრაქტიკანტებსაც ეკითხებოდა. თურმე ერთ-ერთი პაციენტი შეკითხვებზე არაადეკვატურად პასუხობდა, მაგრამ ავლიპმა აიტეხა, ეს კაცი გასაშვებიაო. გახარებული პაციენტი გარეთ გავარდა, მაგრამ ცოტა ხანში ისევ შემობრუნდა: "ბატონო ავლიპი, ისეთი ბედნიერი ვარ, სახლში რომ მიშვებთ. ფული არა მაქვს, რომ პატივი გცეთ, მაგრამ ერთ დროს კარგ ფეხსაცმელებს ვკერავდი და თქვენც შეგიკერავთო. ქაღალდიც შემოუტანა და სთხოვა, ფეხი დაადეთ და ფანქრით შემოვხაზავ, რომ თქვენი ფეხის ზომა ვიცოდეო. გახარებული ავლიპი სტუდენტებს და ასისტენტებს ეუბნება, ხომ ვამბობდი, უკვე ნორმალურია-მეთქი. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა და ისევ ის კაცი შემოვიდა. შვილო, რატომ აღარ მიდიხარ შინო, ჰკითხა ზურაბაშვილმა. ექიმო, მარტო ერთი შეკითხვა მაქვს, ფეხსაცმელს ქუსლი წინ დავაკერო თუ უკანო... ის უბედური თურმე ისევ საავადმყოფოში დატოვეს.

- ყველას ჰგონია, რომ მსახიობი ხართ... - აგრონომი ვარ, მაგრამ თეატრსა და ჩვენს ცნობილ მსახიობებთან ყოველთვის ახლოს ვიყავი. აკაკი ხორავა რომ გამოვიდოდა სცენაზე, მაყურებელი ორი საათის განმავლობაში თვალს არ ახამხამებდა. სულ სხვა ფენომენი იყო ვასო გოძიაშვილი, რომელიც ძალიან მიყვარდა. რაც შეეხება ეროსი მანჯგალაძეს, აკაკი კვანტალიანსა და რამაზ ჩხიკვაძეს, მათთან უფრო პურმარილი მაკავშირებდა. ბედნიერი კაცი ვარ, რომ ასეთ გენიოსებთან მქონდა ურთიერთობა.

კიდევ რითი ვარ ბედნიერი? - ცოტა ხანში 75 წლისა გავხდები და უკეთესობის იმედი მაქვს. მჯერა, რომ 2020 წელს ყველაფერი გამოსწორდება. ქუჩაში რომ გამოვდივარ, ადამიანები მეფერებიან, ხომ არაფერი ვარ, მაგრამ ხალხს მაინც ვუყვარვარ. მადლობა უფალს, რომ მტერი არა მყავს და ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ყველაზე მშვენიერი რამ - სიყვარულია.

ხათუნა ჩიგოგიძე