მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს - კვირის პალიტრა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა - ლოცვა ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოში განუცხადეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 10:00 საათზე დაიწყებს.

წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის წესი შესრულდება, რომლის დროსაც უწმინდესი სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალს აკურთხებს. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".

"ტერპრესნიუსი"