"კა-გე-ბეს თანამშრომელმა დამირეკა­, სასტუმრო "თბილისის" საუნაში­ მივსულიყავი. მივედი, გაიღო კარი და შემოდის ქერა ქალი..." - კვირის პალიტრა

"კა-გე-ბეს თანამშრომელმა დამირეკა­, სასტუმრო "თბილისის" საუნაში­ მივსულიყავი. მივედი, გაიღო კარი და შემოდის ქერა ქალი..."

კირილ ზაიაკინს და მის მეუღლეს, ნინო ფურცელაძეს ბევრი იცნობს. ისინი მასაჟისტები არიან. კირილი ექიმ-მანუოლოგიც არის და მათ ყოველთვის პოლიტიკოსები, მომღერლები და საზოგადოდ, ელიტური საზოგადოება ანდობდა თავს. კირილი ამჯერად ამერიკაში, მაიამიშია მიწვევით, სადაც NBA-ს კალათბურთის გუნდთან მუშაობს.

- ავსტრიასა და ამერიკაშიც მიმიწვიეს კონტრაქტით სამუშაოდ. ძალიან მაინტერესებდა ამერიკა, მაგრამ ავღელდი, როცა მიწვევა გამომიგზავნეს და ვიზაც ჩამირტყეს. ამერიკა არ აღიარებს რუსეთის, ევროპული ქვეყნების კვალიფიკაციას. მე ამერიკაში ავიმაღლე კვალიფიკაცია, დიპლომი ავიღე და უკვე ექვსი თვეა, აქ ვმუშაობ. ყოველ წელს ტაილანდშიც მივემგზავრები დასაოსტატებლად. პირველ წელს რომ წავედი და ჩამოვედი, ჩემმა მეუღლემ კარი ეგრევე მიხურა, ისეთი შავი ვიყავი, თან ზამთარში, ვერაფრით მიცნო, ეს შავი კაცი ვინ არისო.

- ამერიკაშიც გაითქვით სახელი? - მაიამიში საკალათბურთო გუნდთან ვთანამშრომლობ, კერძო პაციენტებიც მყავს, მაიამის მილიონერები ჩემი კლიენტები არიან.

- დარჩენას ხომ არ აპირებთ? - არა, ისე მიყვარს საქართველო, სხვაგან ვერ ვიცხოვრებ. ამერიკაში სახლიც მაქვს, მანქანაც მომცეს, ფულიც მაქვს, მაგრამ მაინც უცხოდ ვარ. მე ოჯახის კაცი ვარ, ფუსფუსა. ამერიკაში რობოტივით მიდიხარ, შენს საქმეს აკეთებ და მოდიხარ. საქართველოში სხვა ურთიერთობებს ვართ მიჩვეული. კალათბურთელები მირეკავენ, გასართობად მეპატიჟებიან, კაბრიოლეტებით და მაზერატებით დავყავარ, მაგრამ მაინც მიჭირს აქაურობასთან შეგუება. იანვრის ბოლოს საქართველოში ორი თვით ჩამოვდივარ და მოუთმენლად ველოდები ამ დროს.

- როგორ მოხვდით საქართველოში? - პერმში დავიბადე. მეხუთე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემი ოჯახი თბილისში გადმოვიდა. დედაჩემი კომუნისტების დროს გაზეთ "პრავდის" რედაქტორი იყო. ძალიან მოგვეწონა საქართველო და დავრჩით. პერმში სამი დეიდა და ბიძა მყავს, მათი შთამომავლობა ბევრნი ვართ და ვნათესაობთ, წელსაც ჩამოვიდნენ თბილისში.

- როგორ აირჩიეთ ეს პროფესია? - მეხუთე კლასიდან საქართველოს მკლავჭიდის ნაკრებში ვიყავი, საქართველოს სახელით გამოვდიოდი, მერე ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩავაბარე, შემდეგ პერმში წავედი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. იქ ერთ ჩინელს შევხვდი,"ვასიას ვეძახდით, და ჩინური წერტილოვანი მასაჟი შემასწავლა. გავიდა ხანი და პოლონეთში ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, წამიყვანა, რომ მისთვის მემკურნალა. მთელი ოჯახი ფეხზე დავაყენე. ამ კაცმა, გარდა ხელფასისა, სახლი და მანქანა მაჩუქა, ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავი. შემდეგ ერთი თვით ჩამოვედი დედასთან თბილისში და აღარც გამიშვეს. ედუარდ შევარდნაძის დროს, ვინც ჩამოვიდოდა თბილისში, მომღერალი იქნებოდა, პოლიტიკოსი თუ ექიმი, ყველას მახვედრებდნენ.

შევარდნაძესაც ვუკეთებდი მასაჟს, მის ოჯახთანაც ვმუშაობდი. გახსოვთ, ალბათ, პოპულარული ჯგუფი "ლასკავი მაი". მისი წევრები იყვნენ საქართველოში და მათი მასაჟისტიც ვიყავი, იური შატუნოვის, ირინა ალეგროვას, ლაიმა ვაიკულეს, ალა პუგაჩოვასიც. ჩემი კლიენტი იყო შუფუტინსკის მეგობარი, ცნობილი კომპოზიტორი ანატოლი ნიპროვი, რომელიც მერე მოკლეს. ვმუშაობდი თბილისში, ისრაელის სარეაბილიტაციო ცენტრში.

ჩემი კლიენტები ჩეჩენი გენერლებიც იყვნენ. ერთხელ მე და ნინო დაგვპატიჟეს. დიდ ეზოში დაგვახვედრეს სუფრა. უზარმაზარი ძაღლები ჰყავდათ. ეზოში იარაღიანი ხალხი დარბოდა და ნინო ცოტა შეშინდა.

- როგორ გაიცანით ლაიმა ვაიკულე?

- კა-გე-ბეს თანამშრომელმა დამირეკა, სასტუმრო "თბილისის" საუნაში მივსულიყავი. მივედი, გაიღო კარი და შემოდის ქერა ქალი, თურმე ლაიმა ვაიკულეა. ალა პუგაჩოვა რესტორანში გავიცანი, მოგვიანებით მასაჟი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ღამით წაიყვანეს და ვერ მოხერხდა.

თბილისში ერთი ძალიან ცნობილი "კანონიერი ქურდი" ჩამოვიდა მოსკოვიდან. ერთ დღესაც ჩემს კაბინეტთან ჯიპი გაჩერდა. ავტომატიანმა დაცვამ გადმოაცილა. მოკლედ, მასაჟი გავუკეთე. მეორე დღეს მისი წერილი გადმომცეს, მანქანით წყნეთში უზარმაზარ აგარაკზე წამიყვანეს,"ჯიპიდან" რომ ჩამოვედი, დაცვა ავტომატებით გადამეღობა, გამოვიდა ეს ქურდი და მეუბნება, თითი მტკივა და ერთ კვირაში თუ მომარჩენ, მილიონს მოგცემ, ორ კვირაში ისევ მილიონს, თუ სამ კვირაში, ნახევარს. ამ სახლში იცხოვრებ და ჩემ შესახებ არავის არაფერს ეტყვიო. ერთ კვირაში მოვარჩინე, ჩამოვიდნენ მისი შვილები, სუფრა გაშალეს და ამ დროს ინფარქტი დაემართა და სასწრაფოდ ისრაელში გადააფრინეს, იქ გარდაიცვალა... ასე გაფრინდა ჩემი მილიონი.

- თქვენ და თქვენს მეუღლეს ერთი პროფესია გაქვთ, საქმემ დაგაკავშირათ ერთმანეთს? - არა, ჩვენი პროფესია მხოლოდ დამთხვევაა. ერთი თვით პოლონეთიდან ჩამოვედი. ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი დადიოდა ჩემთან, შემდეგ ისე დავახლოვდით, მომნათლა. ლაშას ძალიან უნდოდა ქართველი ცოლი მომეყვანა და საქართველოში დავრჩენილიყავი. მე და ნინო საერთო მეგობარმა გაგვაცნო, მერე გული გადავუშალე, ვუთხარი, ჩემი ნათლია ძალიან მთხოვს, ცოლად ქართველი ქალი მოვიყვანო-მეთქი. მაშინ მე 35 წლის ვიყავი, ნინო 24-ის. ძალიან ლამაზი ქორწილი გვქონდა.

ხათუნა კორთხონჯია