"დედამისმა უყიდა გამარჯვება. ნეტავ, რამდენი გადაუხადაო?" - კვირის პალიტრა

"დედამისმა უყიდა გამარჯვება. ნეტავ, რამდენი გადაუხადაო?"

"სანამ გამარჯვებულს გამოაცხადებდნენ, მაკანკალებდა, გული საშინლად მიძგერდა..."

მასტერშეფის ვნებათაღელვა დასრულდა და წლევანდელი შოუს გამარჯვებული ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ნუცა სურგულაძე გახდა. "არც კი ვიცი, რით დავიწყო. ასეთი ემოცია არასდროს მქონია. ყველაზე ბედნიერი ვარ, რადგან ასეთ საოცარ პროექტში მივიღე მონაწილეობა და მეტიც - გავიმარჯვე!" - ამბობს ნუცა.

- უკვე ისე მენატრება "მასტერშეფი", ვისურვებდი, მუდამ ამ შოუში ვიყო. ძალიან მაგარი პროცესი იყო, ყოველი გადაღებით უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი.

- რა შეცვალა ამ შოუმ შენში? - თვითშეფასება ძალიან ამიმაღლა; მომცა ტიტული, რაც მთელი ცხოვრება მექნება და მასტერშეფი მერქმევა. ეს ძალიან მახარებს.

- ჟიურის წევრებიდან ვისი გეშინოდა ყველაზე მეტად? - ლევან კობიაშვილის, რადგან ძალიან კრიტიკული იყო. ვერასდროს მოვაწონე ჩემი კერძი. სულ რაღაც წუნს პოულობდა და შენიშვნებს მაძლევდა. ისე, შეფები კამერების გარეშეც მკაცრად გვაკრიტიკებდნენ.

- შოუში ყველაზე ემოციური კონკურსანტი იყავი...

- ჩემი პირველი ემოცია არის ცრემლები. ვერც ვბრაზდები, არც ყვირილი შემიძლია. ყველაზე მეტად ვნერვიულობდი, სანამ გამარჯვებულს გამოაცხადებდნენ... მაკანკალებდა, გული საშინლად მიძგერდა...

- მაყურებელს თავი სარკასტულობითაც დაამახსოვრე, რის გამოც ბევრი შენ მიმართ აგრესიულად განეწყო. ცხოვრებაშიც ასეთი ხარ, თუ ეს შოუს ნაწილი იყო?

- მესმის ხალხის, რომ ბოროტი და აგრესიული ვეგონე, მაგრამ ეს შოუს ელემენტებია, ამის გარეშე შოუ ვერ შედგებოდა. იუმორით უნდა შეხედონ ამ ყველაფერს.

- აგრესიულ კომენტარებზე არ ნერვიულობდი? - პირიქით, ისეთი აბსურდული კომენტარები იყო, მეცინებოდა. მაგალითად, ეს ლუკას ძმის ცოლია, ნათესავები არიან ნუცა და ლევან კობიაშვილი, დედამისმა უყიდა გამარჯვება. ნეტავ, რამდენი გადაუხადა?"

- ვის აღიქვამდი შენს მთავარ კონკურენტად და ვის ხედავდი ფინალში? - არ მოგატყუებთ, რომ მარტას უფრო ველოდი ფინალში. მარტა და გაგა იყვნენ ჩემთვის მთავარი კონკურენტები.

- როგორ დაინტერესდი კულინარიით? - ბავშვობიდან სულ კულინარიულ გადაცემებს ვუყურებდი. მახსოვს,

დედა, ბებია ან რომელიმე ნათესავი თუ სამზარეულოში ტრიალებდა, მეც იქ ვიყავი და ყველაფერში ცხვირს ვყოფდი, ვსინჯავდი, ვეკითხებოდი, რა როგორ კეთდებოდა, მერე ვაკეთებდი... მართალია, არ გამომდიოდა, მაგრამ არასდროს მბეზრდებოდა.

ბავშვობაში ფილმში ვნახე, რომ ბავშვები ორცხობილას აცხობდნენ, ყიდდნენ და დაზარალებულ ბავშვებს ეხმარებოდნენ. მეც გამიჩნდა სურვილი, აფრიკელ ბავშვებს დავხმარებოდი. ვაცხობდი ორცხობილას, ვაკის პარკში ვყიდდი და შემოსულ თანხას აფრიკელი ბავშვების დახმარების ფონდში ვრიცხავდი. სკოლაშიც ვაწყობდით საქველმოქმედო აქციებს. მოსწავლეები ნამცხვრებს ვაცხობდით და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მშობლებს ვაყიდვინებდით.

- საფრანგეთში მიიღე კულინარიული განათლება. როგორ გაიხსენებ იმ პერიოდს?

- საფრანგეთში წავედი 16 წლის. იქ დავამთავრე სკოლა, მერე ჩავაბარე კულინარიულ სასწავლებელში. ჩამოვედი საქართველოში და ატესტატი მამას ჩავაბარე.

- როგორ მოხვდი მსოფლიო დონის შეფ გორდონ რამზისთან? - სწავლისას უნდა გამევლო პრაქტიკა და პირველი პრაქტიკა სწორედ გორდონ რამზისთან გავიარე. მხოლოდ განაცხადი შევიტანე და დამირეკეს, თქვენმა კანდიდატურამ დაგვაინტერესაო. მივედი და ძალიან მალე მოვხვდი მათ სამზარეულოში. დიდი სიმკაცრე იყო, ძალიან რთული აღმოჩნდა...

პირველი კვირა შევდიოდი ტუალეტში, ვიტირებდი, ცრემლებს მოვიწმენდდი და გამოვდიოდი. იქ გიყვირიან, რადგან საქმე მოითხოვს. მეორე კვირას ცოტა შევეჩვიე და სამ კვირაში უკვე ძალიან კარგად გამომდიოდა ყველაფერი. გორდონ რამზიც ძალიან მაქებდა. ერთხელ რესტორანში იყო სტუმრებთან ერთად. მე სცენასთან ახლოს დავდექი. რომ დამინახა, მიმიწვია და შემაქო, ქუდზე ავტოგრაფიც კი დამიწერა. მან ინსტაგრამზე ჩემი გაკეთებული ვარდისფერი ხინკლის ფოტოც დადო და ტაშის სმაილიც დაურთო - როგორც ჩანს, მისი მოხიბვლა კიდევ ერთხელ შევძელი.

- როგორი კერძები გიყვარს? - ქართული სამზარეულო მიყვარს, მაგრამ ევროპულსა და აზიურზეც ვერ ვიტყოდი უარს. გურმანიც ვარ. ვთვლი, რომ თუ კულინარი ხარ და გურმანი არა, შეცდომაა. ყველა კულინარს უყვარს ჭამა, მაგრამ რა თქმა უნდა, ნორმა უნდა იცოდე.

- წონის კონტროლი არ გიჭირს? - ძალიან. ადრე ძალიან მიყვარდა სწორი კვება, გემოს კონტროლი, ვარჯიში, მაგრამ რაც ამ სფეროში შემოვედი, ათი კილო მაინც მოვიმატე. როცა ვაკეთებთ, შეიძლება იმ დროს არ ვჭამთ, მაგრამ ჩვენ ხომ მთელი დღე ვმუშაობთ რესტორანში და როცა იქიდან გამოვდივართ, ძალიან გვშია, ამიტომ ღამით გვიწევს ჭამა. ამის გამო გვიჭირს, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდიოთ...

- რა გეგმები გაქვს? - ჯერ პარიზში, შემდეგ კი იტალიაში ვაპირებ წასვლას. მინდა, ვიმუშაო, ცოდნა გავიღრმავო. როცა საზღვარგარეთ ვარ, ოჯახებში მიწევს ცხოვრება და ყოველთვის ვინტერესდები მათი სამზარეულოთი; დავდივარ ბაზარში, ახალ ინგრედიენტებს ვსინჯავ, სამზარეულოდან არ გამოვდივარ და კერძებსაც მასპინძლებთან ერთად ვაკეთებ. ეს სწავლაში მეხმარება.

ხათუნა კორთხონჯია