მეუფე საბა: "ბოლო პროცესებმა ცხადყო, რომ პრობლემები სასულიერო პირებსაც გვაქვს" - კვირის პალიტრა

მეუფე საბა: "ბოლო პროცესებმა ცხადყო, რომ პრობლემები სასულიერო პირებსაც გვაქვს"

"ყველაზე ადვილია ქვების სროლა და ჩაქოლვა. შემდეგ კაცს განადგურების პირამდე რომ მივიყვანთ, გვებრალება. ეს არ არის სიყვარული, ადამიანის სასოწარკვეთილებაში ჩაგდება ქრისტიანობა

არ არის"

9 იანვრის ქადაგებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ მეორედ მოსვლა ახლოსაა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ... უწმინდესმა დავით წინასწარმეტყველის ხსენების დღეს წმინდა მეფის შესახებაც ისაუბრა და ადამიანისთვის სიმშვიდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. "მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანისაგან, ჟამი ახლოს არისო, მაგრამ ვიტყვი, რომ შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა. აი, ამიტომ დავით მეფის სიტყვები მოიხსენეთ, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი, ძალიან აქტუალურია... დავით მეფე იყო უბრალო მწყემსი და მწყემსობიდან ღმერთმა სამეფო ტახტზე აიყვანა. დავითს ახასიათებდა ის, რაც უნდა ახასიათებდეს ყოველ ადამიანს, როგორც წინსვლა, ისე შეცდომები, მაგრამ დავით მეფე ხედავდა თავის შეცდომებს და განიცდიდა, ამიტომ დაწერა მან შესანიშნავი წიგნი ფსალმუნების, დავითნი", - განაცხადა მან.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა (ინწკირველი) ქადაგების შესახებ და ბოლოდროინდელ აქტუალურ თემებზე გვესაუბრება.

- პატრიარქის ქადაგების განმარტება მიჭირს, მით უფრო, რომ მან მკაფიოდ გამოყო რამდენიმე საკითხი, მათ შორის ისაუბრა ფსალმუნების მთქმელ დავითზე, რომელმაც გოლიათი დაამარცხა, ეს კი სიბნელეზე სინათლის გამარჯვებას ნიშნავს... წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი იესო ქრისტეს ხორციელი წინაპარი, იუდას ტომის ჩამომავალი იყო. სიჭაბუკეში მამის ფარას მწყემსავდა. მანაც უამრავი შეცდომა დაუშვა, თუმცა გულით შეინანა... ღრმა სინანულით შეპყრობილმა წმინდანმა შექმნა 50-ე ფსალმუნი: "მიწყალე მე, ღმერთო..."

პატრიარქი ყოველთვის ღრმად ხედავს ამა თუ იმ პრობლემას და შორიდან განჭვრეტს მას. ვისაც ქრისტიანობაზე რამე სმენია, მეორედ მოსვლაზე აუცილებლად ექნება გაგონილი. გარდა ამისა, მას კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია, ზოგადად თქვა, შესაძლოა ეს რამდენიმე დღეშიც მოხდესო, რაც სულიერ ცხოვრებაში რამდენიმე წელს ან სულაც საუკუნეს მოიცავს.

ამაზე დიდი ამბავი ატყდა, რადგან რამდენიმე ხნის წინ მან უფლის სიყვარულზეც ისაუბრა. თქვა, რომ სიყვარულშია ხსნა და სიმდაბლეში - სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში - სიდიადე; მოყვასის მსახურებაში - სიხარული; გაცემაში - შეძენა და დათმენაში - გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა. ეს ფრაზა შემთხვევით არ უთქვამს.

- სიყვარული გვაკლია?

- გულწრფელი სიყვარული გვაკლია... ის პრობლემები და დაძაბულობა, რაც გარშემოა, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება. ახლა, არიზონის შტატში, ანტონი დიდის სახელობის მონასტერში ვარ. აქ მამა ეფრემის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს აღვნიშნავთ. ის ათონის მთაზე მსახურობდა, წმინდანივით, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. ამერიკაში წამოსვლის შემდეგ 19 მონასტერი დააფუძნა, სადაც მოსალოცად მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან უამრავი ადამიანი ჩამოდის. მან თავის მრევლს ასეთი რამ უთხრა: შვილებო, შეიყვარეთ ერთმანეთი, რადგან სასუფეველში სრული სიყვარულია და ვისაც ის არ გააჩნია, იქ ვერ შევაო. ეს უთხრა იმ ბერმონაზვნებსაც, რომელთაც თავიანთი ცხოვრება უფალს მიუძღვნეს, რადგან ამ ბოლო დროს სიყვარულის ნაკლებობაა ყველა ადამიანში, ეგოიზმი ჭარბობს. ეს დაინახა პატრიარქმა როგორც ერში, ასევე ბერში და ყველას მოუწოდა მეტად გულწრფელი იყვნენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პატრიარქი ასე მოუწოდებს მრევლს. ადრეც გვითქვამს, რომ მას არ ახასიათებს სიმკაცრე და ხისტი გამოსვლები, პირიქით, ძალიან მიმტევებელია და უსაზღვროდ თმენა შეუძლია, ამიტომაც კიდევ მეტი ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, არა გვაქვს ამის უნარი. არადა, მხოლოდ მამის, უფლის გულწრფელმა სიყვარულმა შეიძლება მიგვიყვანოს უფალთან, თორემ ისე, არავინ იმსახურებს მასთან ყოფნას.

ვფიქრობ, მეორედ მოსვლაზე ქადაგებისას უწმინდესმა სწორედ ეს აზრი ჩადო - დაფიქრებისკენ მოგვიწოდა. ქრისტიანობა სიყვარულია, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, სინამდვილეში ისე არ გვიყვარს ერთმანეთი, როგორც ვამბობთ. ბევრი მათგანი, ალბათ, "მამაო ჩვენოსაც" ხშირად ამბობს, მაგრამ რაც ლოცვაშია, ვერ ვასრულებთ. ამ რეალობაში ძნელია მიჰყვე მცნებას "იყოს ნება შენი"... ღმერთს ვთხოვთ, გვაპატიოს ცოდვები, ისევე, როგორც ჩვენ ვაპატიებთ სხვებს, მაგრამ სინამდვილეში მივუტევებთ? თუ, პირიქით, შესაფერის მომენტს ველოდებით, სამაგიერო სიტყვით ან საქმით გადავუხადოთ. პატიება მხოლოდ სიყვარულს შეუძლია. თუ არ გიყვარს, ვერ აპატიებ. ამას ხედავს უწმინდესი და ცდილობს შეაძლებინოს თავის შვილებს ერთმანეთს მიუტევონ. ჩვენგან განსხვავებით, მას არ უჭირს ჩვენი პატიება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ყველამ როგორც შეეძლო, ისე ვატკინეთ გული. ჯვარცმული ქრისტეს წინ ადამიანები რომ იდგნენ და შეურაცხყოფდნენ, ჯვარს აცვითო, იძახდნენ, ის მამა ღმერთს ევედრებოდა, შეუნდე, უფალო, რამეთუ არ იციან, რას იქმანო... ყოველთვის იყო ეს პრობლემა და წმინდა მამები ყოველთვის მოუწოდებდნენ ამისკენ.

- პატიებისა და სიყვარულისკენ მან სასულიერო პირებსაც მოუწოდა? - ქრისტიანობა საკუთარი თავის განსჯაა და ეს ხშირად სასულიერო პირებსაც ავიწყდებათ. სხვებს ვუყურებთ, მაგრამ თავად რა შეცდომები და სისუსტეები გვაქვს, არ გვაინტერესებს ან ვერ ვხედავთ. იოანე ოქროპირი სასულიერო პირებზე ამბობს, ჩვენ უცოდველი ანგელოზები კი არა, ცოდვილი ადამიანები ვართ. ჩვენც გვქონია დაცემები და სისუსტეები, ამიტომ სხვების მიმართ მიმტევებელი უნდა ვიყოთო.

თუ საზოგადოება რაღაცას ითხოვს ჩვენგან, ესე იგი, ამას მიზეზიც აქვს, რაღაც ხდება და საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ გამოსავალი. ამიტომ მე ვიღებ საზოგადოების კრიტიკას.

ბოლო პროცესებმა ცხადყო, რომ პრობლემები სასულიერო პირებსაც გვაქვს, ასეთ შემთხვევაში კი თვალის დახუჭვა გამოსავალი ვერ იქნება.

- ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მართლმადიდებლური ეკლესიის პოპულარობა შემცირდა - 14%-იანი ვარდნა 2019 წლის ივლისიდან იწყება. - ეს არის საზოგადოების პასუხი იმ პროცესებზე, რაც ბოლო ხანებში ქართულ ეკლესიაში ხდებოდა. მე ვცხოვრობ ამერიკაში, სადაც ის სოციალური პრობლემები, რაც საქართველოშია, არ არსებობს, მაგრამ გულწრფელი დამოკიდებულებებისა და ერთიანობის პრობლემა ყველგან არის. ერთმანეთის მტრობა, ქიშპობა ყველგან არის, სადაც ქართველია. სხვა ქვეყნის შვილებშიც იქნება, მაგრამ მე ჩემს გასაჭირზე ვსაუბრობ. ხშირად მეკითხებიან, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემაო. ყველამ ჩვენს თავში უნდა მოვაგვაროთ, ამაზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს. ერთმანეთი სიძულვილით კი არ უნდა ვაკრიტიკოთ, მოთმინებით და სიყვარულით ვეცადოთ ყველაფრის გამოსწორება.

ყველაზე ადვილია ქვების სროლა და ჩაქოლვა. შემდეგ კაცს განადგურების პირამდე რომ მივიყვანთ, გვებრალება. ეს არ არის სიყვარული, ადამიანის სასოწარკვეთილებაში ჩაგდება ქრისტიანობა არ არის. თანდათან სულ უფრო მეტად ჩანს, რომ ჭეშმარიტ მორწმუნეობამდე ერსაც და ბერსაც მძიმე გზის გავლა გვიწევს.

- როგორ ფიქრობთ, შესაძლოა ბოლო პროცესების შემდეგ ეკლესიაში, როგორც სასულიერო პირებში, ასევე მრევლში, მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნეები დარჩნენ? - სწორედ ამისკენ მიდის ყველაფერი. განსაცდელს, რომელიც მოდის, ღმერთი უშვებს და ამ დროს ქრისტიანები უფრო ვძლიერდებით. ერიც და ბერიც აცნობიერებს, თუ რა პრობლემები გვაქვს, რა უნდა შევცვალოთ და თუ ეს შევძელით, ხსნა ნაპოვნია. ეს ეკლესიას უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს, ვიდრე ზიანს... ვფიქრობ, ამისკენ მოგვიწოდა პატრიარქმა თავის ქადაგებაში.

ჩვენზეა დამოკიდებული, გადავრჩებით თუ არა. თუ ღმერთთან ერთობის კი არა, რაღაც სხვა მიზნის გამოა ადამიანი ეკლესიაში, ის ამას ვერ გაუძლებს. გულით მორწმუნესთვის არ არსებობს ძალა, რომელიც მას ეკლესიას და უფალს დაააშორებს. ასე რომ, გადარჩევა მაინც მოხდება და ვინც გულწრფელად არის ეკლესიაში მისული, ამას საქმითაც დაგვანახებს.

- ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებდნენ. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა? - მეც ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ადამიანები ამბობენ იმას, რისი დამტკიცებაც არ შეუძლიათ. როდესაც მე ამ წერილს ხელს ვაწერდი, გულწრფელი ვიყავი და იგივე შემიძლია ვთქვა სხვებზეც, რადგან უპირველესად პატრიარქმა დააყენა ეს საკითხი. სხვის ნაცვლად მაინც ვერ ვილაპარაკებ, თუმცა ფაქტია, რომ სინოდმაც მიმართა თხოვნით პრეზიდენტს, დეკანოზი შეეწყალებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც მღვდელმთავარს მხოლოდ ვერსიის გამოთქმის უფლება მაქვს, მის პრეროგატივაში ვერ ჩავერევი, ამ საკითხზე მას უნდა გაეცა პასუხი და აეხსნა კიდეც, მაგრამ ჩემთვის ამომწურავი არ იყო, კითხვები და ეჭვი დამრჩა. მეტი კონკრეტიკა რომ იყოს ამ საკითხში, უკეთესი იქნებოდა, მით უფრო, როდესაც საზოგადოების ასეთი დიდი ინტერესია. ალბათ, მოვა დრო და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.