ინვალიდობა, რომელიც პენსიას არ ითვალისწინებს - კვირის პალიტრა

ინვალიდობა, რომელიც პენსიას არ ითვალისწინებს

"დედაჩემს უთხრეს: ლამაზი ქალი ბრძანდებით, კიდევ გააჩენთ ბავშვებს, ეს კი საექსპერიმენტოდ ჩვენ დაგვიტოვეთო"

"ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად სწორედ ინვალიდების უფლებებია შელახული"

ქონდროდისტროფია ანუ კიდურების ზრდაში ჩამორჩენა - ასეთი დიაგნოზი დაუსვეს ბავშვობაში ექიმებმა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და დაავადებასთან გამკლავებასთან ერთად ელენე საზოგადოებაში დამკვიდრებასაც ცდილობდა. უცნაურია, მაგრამ, ინვალიდის სტატუსის მიუხედავად, სახელმწიფომ მას პენსია არ დაუნიშნა; ფიზიკური ნაკლის გამო არც სამსახურში მოწყობა აღმოჩნდა მისთვის იოლი.

ელენე ფარადაშვილი: "ოჯახში უფროსი შვილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ფიზიკური ნაკლი აღმომიჩინეს, მშობლებმა ხელი არ ჩაიქნიეს და სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდნენ ჩემს დაავადებასთან გამკლავებას. სამი წლის ვიყავი, როდესაც ცნობილ ქართველ პედიატრთან, ვახტანგ ხაჭაპურიძესთან მიმიყვანეს. რამდენჯერმე სამკურნალოდ უცხოეთშიც წამიყვანეს. მოსკოვში დედაჩემს ძალიან ატკინეს გული, როდესაც ურჩიეს: ლამაზი ქალი ბრძანდებით და შეგიძლიათ, კიდევ გააჩინოთ ბავშვები, ეს ბავშვი კი ჩვენ დაგვიტოვეთ საექსპერიმენტოდო.

თბილისის #1 სკოლაში ვსწავლობდი. იმდენად ჯანსაღ გარემოში ვიზრდებოდი, ზოგჯერ ვერც კი ვგრძნობდი, რომ სხვებისგან გამორჩეული ვიყავი. კლასში ბევრი მეგობარი მყავდა და ყოველთვის მზად იყვნენ ჩემს დასახმარებლად. ჩემი ფიზიკური მონაცემების გამო პრობლემები მხოლოდ ზრდასრულ ასაკში შემექმნა; მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად სწორედ ინვალიდების უფლებებია შელახული, ამიტომ, როდესაც ბავშვობას ვიხსენებ, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ.

- მითხარი, რომ მშობლები ექიმებთან დაგატარებდნენ; საინტერესოა, თუ არსებობდა შენი განკურნების იმედი?

- ენდოკრინოლოგებმა ურჩიეს ჩემს მშობლებს, სამიდან ათ წლამდე თავი შეეკავებინათ მკურნალობის თერაპიული ან ქირურგიული მეთოდებისგან: ჯერ ვნახოთ, როგორ და რამდენით გაიზრდებაო. ამასობაში, ძიება-ძიებაში დედაჩემმა ციმბირში მიაკვლია ებრაელ ექიმს გავრილ ელიზაროვს, რომლის მკურნალობის მეთოდიც ძვალზე ესთეტიკური ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას გულისხმობდა. მარტივად რომ ვთქვათ, ელიზაროვის მეთოდის საიდუმლო ძვლების დაგრძელება იყო. მას კლინიკა კურგაში ჰქონდა. მთელი მსოფლიოდან ჩადიოდნენ ექიმები მასთან და სწავლობდნენ ამ მეთოდს. დედამ გადაწყვიტა, მეც წავეყვანე.

თბილისიდან მოსკოვამდე ყველა ბიუროკრატიული ბარიერი გადავლახეთ, რომ ამ ოპერაციის გაკეთების უფლება მოგვეპოვებინა. ამასობაში თბილისში ეროვნული მოძრაობა დაიწყო. ოპერაციის ფული - 10 ათასი დოლარი ვიშოვეთ და კურგაში გავემგზავრეთ. ფულის მხოლოდ ნაწილი წავიღეთ თან, რადგან ყველგან დაძაბული ვითარება იყო და ამხელა ფულის ტარება სარისკო იყო.

თბილისიდან 12 დეკემბერს გავემგზავრეთ, 21 დეკემბერს კი საქართველოში სამოქალქო ომი დაიწყო. რუსეთის სატელევიზიო არხები გადმოსცემდნენ, რომ თბილისის ქუჩებში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. გავიგეთ, რომ ჩვენი სახლიც დაიწვა, ოპერაციისთვის საჭირო ფულის ნაწილი კი სახლში გვქონდა დატოვებული.

ოპერაციის დღე უკვე დანიშნული იყო... დედაჩემს შესთავაზეს: დაგვიტოვეთ ეს ბავშვი და თქვენ საქართველოში დაბრუნდითო, მაგრამ დედამ არ გარისკა. მეც უარი ვთქვი ოპერაციაზე. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ მაშინ ჩემი ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ როდესაც სოხუმის გავლით საქართველოში ვბრუნდებოდით, მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი, დედა რომ მარტო არ გამოვუშვი.

იმედი გვქონდა, როცა ვითარება დამშვიდდებოდა ისევ შევძლებდი ელიზაროვთან გამგზავრებას, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩემი მდგომარეობა დამძიმდა, ძვლებმა დეფორმაცია განიცადა...

უცხოეთში სპეციალური პროგრამები არსებობს ჩემნაირი ადამიანებისთვის. იქ ადამიანურ რესურსს ძალიან უფრთხილდებიან და მნიშვნელობა არა აქვს, არის თუ არა ის ინვალიდი; მაქსიმალურად ცდილობენ, ინტელექტუალური, ფიზიკური უნარის გათვალისწინებით ასეთ ადამიანებს სამუშაო პირობები შეუქმნან.

დღეს ბინას ვქირაობ, რადგან საკუთარი ჭერი არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება მაქვს, გასაგები მიზეზების გამო ვერც სამსახური ვიშოვე; სახელმწიფო არც პენსიას მაძლევს. რამდენჯერმე გავიარე შესაბამისი სამედიცინო კომისია, სადაც არც ინვალიდის სტატუსი მომანიჭეს და არც პენსია დამინიშნეს. სახელმწიფო პროგრამა არც ამ დაავადების მკურნალობის ხარჯებს აფინანსებს.

არადა, ჩემი მდგომარეობა უარესდება; ხერხემალი მაწუხებს,  ღამეები არ მძინავს. უამრავი წერილი მივწერე პრეზიდენტს, სხვა სახელმწიფო უწყებებს, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემისთანების ბედი არავის აღელვებს. დღეს ყველა ჩემი უფლება იგნორირებულია."

ელენეს ნაამბობის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვის სოციალურ დეპარტამენტს დავუკავშირდით, სადაც განმარტეს, რომ ზომიერად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის შემთხვევაში სახელმწიფო პენსიას არ გაცემს(?!)

ნინო ჯინჯოლავა, (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის წარმომადგენელი): "ქონდროდისტროფიის გამო ფუნქციური უკმარისობის რომელი უნარი აქვს შეზღუდული, როგორ მაინტერესებს? სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც შვიდი ძირითადი კრიტერიუმიდან ერთ-ერთი მაინც არის შეზღუდული. ეს არის შრომის, სწავლის, გადაადგილების უნარი და სხვა. ქონდროდისტროფია თანდაყოლილი პათოლოგიაა, მაგრამ ჩვენი ჩამონათვლის მიხედვით ის არის მხოლოდ საფუძველი იმისთვის, რომ ადამიანს მიენიჭოს შესაძლებლობების ზომიერი შეზღუდვის სტატუსი; ეს ძველი კლასიფიკაციით გახლავთ მესამე ჯგუფის ინვალიდობა; ამ სტატუსის ადამიანებს სახელმწიფო პენსიას აღარ უხდის.(?!)

სახელმწიფოს მხრიდან ამ გადაწყვეტილებას სამართლიანად მივიჩნევ, რადგან ეს არის შრომის უნარის პირველი ხარისხის შეზღუდვა. პირველი ხარისხის შეზღუდვა კი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ აქვს უნარი, თავისი შრომის საფუძველზე თავი ირჩინოს."

P.S. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ სახელმწიფო აქტიურად ზრუნავს უნარშეზღუდული ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე და სიტყვა "ინვალიდის" გამოყენებაც კი ცუდ ტონად ითვლება. რა თქმა უნდა, უფრო კორექტულია, როდესაც ვამბობთ "ზომიერად გამოხატული უნარის შეზღუდვა", მაგრამ მგონი, ჯობია, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს მართლა სჭირდება.