"ამ დროისთვის უკვე 59 მიტოვებული სახლი გაიყიდა" - მიტოვებულ ოდებს პატრონი გამოუჩნდა - კვირის პალიტრა

"ამ დროისთვის უკვე 59 მიტოვებული სახლი გაიყიდა" - მიტოვებულ ოდებს პატრონი გამოუჩნდა

წელიწადნახევარში ლაჭა-ლეჩხუმში უკვე 59 მიტოვებული სახლი გაიყიდა. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" იდეის - "დაკარგული სამოთხე" ავტორმა ლექსო ჩარკვიანმა განუცხადა.

მისი თქმით, მყიდველების რაოდენობა სულ უფრო მზარდია. ამასთან, სახლების ღირებულებამაც შედარებით მოიმატა. კერძოდ, როგორც ლექსო ჩარკვიანი აცხადებს, ყველაზე დაბალფასიანი - 1500 ლარად, ხოლო, ყველაზე ძვირი - 9000 დოლარად გაიყიდა.

"დაკარგული სამოთხე" - ეს ის სოციალური კამპანიაა, რომლის ავტორი ლექსო ჩარკვიანი სოფლებში მიტოვებულ სახლებს ეძებს და მათ "გაცოცხლებას" ამავე სახელწოდების Facebook-ის გვერდის საშუალებით ცდილობს. კერძოდ, სახლებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაციას საჯარო რეესტრის საშუალებით აგროვებს, მათ მოსანახულებლად კი საკუთარი ხარჯებით ჩადის. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდება, ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავს, დანარჩენს მეპატრონე და მყიდველი თავად აგვარებენ.

რაც შეეხება თავად იდეას, როგორც ავტორი აცხადებს, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთ-ერთ სოფელში სტუმრობისას თვალწინ მიტოვებული სახლი ჩამოეშალა.

ლექსო ჩარკვიანმა აღნიშნული კამპანია 2018 წლის ივნისიდან წამოიწყო და როგორც თავად ამბობს, მასში ჩართვის სურვილი სხვადასხვა რეგიონიდანაც გამოითქვა.

ლექსო ჩარკვიანი: - დაინტერესება ძალიან დიდია, უბრალოდ, რადგან ეს ჩემი კამპანიაა, თითქმის მთელმა ლეჩხუმმა გაიცნო და სახლების გაძვირებას ზოგიერთი მეც კი მაბრალებს. სულ ახლახანს გაიყიდა ყველაზე კარგი ვარიანტი, ორსართულიანი სახლი 3000 ლარად. ყველაზე დაბალფასიანი 1500 ლარი ღირდა, ყველაზე ძვირი კი - 9000 დოლარი. საერთოდ, ვცდილობ ისეთი სახლები შევარჩიო, რომელსაც ხალხი შესწვდება. გაგრძელება