ლიკა - "მარტოხელა ჯარისკაცი" - კვირის პალიტრა

ლიკა - "მარტოხელა ჯარისკაცი"

20 წლის ლიკა ხუხაშვილის შესახებ მისი დედის, ექიმისა და პოეტის - ნინო ქოქოსაძის ემოციური ფეისბუქ-პოსტიდან შევიტყვე - ომისა და მშვიდობის ფონზე როგორ გაიარა ისრაელის ჯარისკაცი გოგონას დედამ მძიმე 2 წელიწადი შვილისგან შორს, საქართველოში. დავინტერესდი, როგორ და რატომ მოხვდა ახალგაზრდა თბილისელი გოგონა ისრაელის ქალაქ ჰაიფაში, როგორ აღმოჩნდა ისრაელის ჯარში და როგორ მოიპოვა ისრაელში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის სტატუსი. ლიკას ისრაელში დავუკავშირდი და ინტერვიუც ტელეფონით ჩავწერეთ.

ლიკა ხუხაშვილი:

- საქართველოში დავიბადე და 8 წელი საქართველოში ვსწავლობდი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას რატომღაც ვერ შევეგუე, პრობლემები მქონდა, ხშირად ვიცვლიდი სკოლებს და ამიტომ სწავლის ისრაელში გაგრძელება გადავწყვიტე. საგანგებოდ შევარჩიე საგანმანათლებლო პროგრამა NAALE და 4 წლის განმავლობაში, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით ისრაელის სკოლა-ინტერნატში ვსწავლობდი. აქ მშობლების გარეშე გადმოვედი საცხოვრებლად. აშკარად უფრო გამიადვილდა აქაური სისტემით სწავლა. როდესაც ისრაელში ჩამოვედი, მხოლოდ ქართული ვიცოდი და ცოტას რუსულად და ინგლისურად ვლაპარაკობდი. ჩემს სკოლაში უმეტესად უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ჩამოსული ბავშვები სწავლობდნენ, ამიტომ რუსულის კარგად შესწავლა მომიხდა, პარალელურად კი, ივრითსაც ვსწავლობდი, რადგან ეს ისრაელის სახელმწიფო ენაა. მოკლედ, რამდენიმე ენის ერთბაშად შესწავლამ მომიწია და სკოლაც აქაური ატესტატით დავამთავრე. ლიკა დედასთან ერთად

ჩემს სკოლაში ცალკე ისწავლებოდა კომპიუტერებთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამაც, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში შანსი გვეძლეოდა, სამუშაოდ ისრაელის სამხედრო სამსახურის ელიტურ განყოფილებაში მივეღეთ. ამიტომ, პარალელურად, 3 წლის განმავლობაში ის პროგრამაც შევისწავლე. ფაქტობრივად, მთელ დღეს ვსწავლობდი - დილის 8 საათიდან საღამოს 9-10 საათამდე.

- გამოდის, რომ ჯარში სამსახური თავიდანვე გინდოდა? - ზოგადად, ისრაელში სამხედრო სამსახური ძალიან მიღებულია, პრესტიჟულლია, ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა, ამიტომ ყველა მსახურობს. თუ ჯარს არ გაივლი, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპი დაკარგე. ისრაელის მოქალაქეებისთვის - ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც, თუკი ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა არ აქვთ, ჯარში სამსახური სავალდებულოცაა, თუმცა ქალებისთვის ის ორწლიანია. ისრაელის სამხედრო სამსახურის იდეა მეათე კლასიდან გამიჩნდა, მაგრამ თავდაპირველად იგი მხოლოდ შორეული ოცნებასავით ჩანდა, მაგრამ მე-12 კლასში რომ გადავედი, ყველაფერი ძალიან რეალური გახდა. მამა - ზაზა ხუხაშვილი ებრაელი მყავდა და სკოლის დამთავრების შემდეგ, ისრაელის მოქალაქეობის მიღება იოლად შემეძლო. თუმცა ჩემი არჩეული სასწავლო პროგრამის წყალობით მე ცოტათი ადრე მომცეს მოქალაქეობა - თავად სამხედრო სამსახურიდან ითხოვეს გამონაკლისის დაშვება. ისრაელის ჯარი ოთხ ნაწილად იყოფა და მისი დიდი ნაწილი წარმოადგენს საინფორმაციო დანაყოფს, რომელიც, ძირითადად, დაზვერვაზე მუშაობს. მე მოვხვდი მის ერთ-ერთ ქვედანაყოფში, რომელიც კომპიუტერებთანაა დაკავშირებული. ჩემს ჯგუფში შვიდ ებრაელ ვაჟთან ერთად ერთადერთი გოგო ვიყავი. სხვათა შორის, ასეთ დანაყოფში სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდის მოხვედრა ძალიან რთულია, რადგან მის ჯარისკაცს ნათესავიც კი არ უნდა ჰყავდეს ისეთი, ვინც ოდესმე სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში მსახურობდა. ბიძაც რომ მყოლოდა ქართულ ჯარში ნამყოფი, არც მე მიმიღებდნენ. გარდა ამისა, ცხადია, ყოველმხრივ საფუძვლიანად შემამოწმეს.

- სროლა იცოდი? - არა, მანამდე არათუ გამისვრია, იარაღიც კი არასდროს მჭერია. ამიტომ ყველაფერი იქ შემასწავლეს. ყველა ჯარისკაცს მწვანე ფორმები გვეცვა, მხოლოდ ქუდები გვქონდა დანაყოფების მიხედვით განსხვავებული ფერის. მაგალითად, ჩვენი ქუდები მწვანე იყო.

- ისრაელის სამხედრო სამსახურმა მცირედითაც არ გაგიცრუა იმედი? - არა, პირიქით - ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან, რა პროფესიაც უნდა ავირჩიო, შევისწავლო, რაც 2 წლის განმავლობაში ჯარში შევისწავლე და გავაკეთე, ყველგან ძალიან გამომადგება. სკოლაში სწავლისას ნაკლებად ვურთიერთობდი ისრაელის მცხოვრებლებთან, ჯარმა კი ისინი შესანიშნავად გამაცნო.

- დღეს ისრაელი საომარ ვითარებაში იმყოფება, მისი და პალესტინის კონფლიქტი არა და არ სრულდება. არ გეშინოდა? ან ფრონტის ხაზზე მოგიწია ყოფნამ? - მიუხედავად იმისა, რომ ჩემს დაზვერვით სამსახურში მხოლოდ კომპიუტერებთან ვმუშაობდი, ყოველი ჯარისკაცი ვალდებული იყო, ერთკვირიანი თავდაცვითი სამსახურიც გაევლო. გარდა ამისა, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, მისი გამოყენება სხვადასხვა დანაყოფის ჯარისკაცებისთვისაც უნდა გვესწავლებინა. შიგადაშიგ პატრულირებაც გვევალებოდა, ამიტომ ყველგან ვხვდებოდით, თუმცა გამიმართლა და ძალიან გამწვავებულ სიტუაციაში არსად ვყოფილვარ. დედასაც მუდამ ვამშვიდებდი აქედან, არ მინდოდა, ძალიან ენერვიულა და ყველაფერს არც ვეუბნებოდი, სინამდვილეში აქ რაც ხდებოდა.

- შენ გქონდა სტატუსი - "მარტოხელა ჯარისკაცი". ეს რას ნიშნავს?

- ამგვარი სტატუსი იმიტომ მქონდა, რომ ისრაელში პირველი რიგის ახლობლები ანუ ოჯახის წევრები არ მყავდა. შესაბამისად, როგორც "მარტოხელა ჯარისკაცს", ჯარი ბევრი რამით მეხმარებოდა - გარდა იმისა, რომ სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვებთან შედარებით ცოტათი უფრო მაღალი ხელფასი მქონდა, ბინაც თვითონ დამიქირავეს, საკვებისთვის დამატებით გამომიყვეს თანხა, ასევე, შემიძინეს საყოფაცხოვრებო ტექნიკაც. წელიწადში რამდენჯერმე გვსტუმრობდა ჯარის ხელმძღვანელი და სამსახურისთვის მადლობებს გვიხდიდა, საჩუქრებს გვირიგებდა.

- და მაინც, მარტოსულად არასდროს გიგრძნია თავი? - თავიდან, ვიდრე მეგობრებს შევიძენდი, ძალიან მენატრებოდა ხოლმე საქართველო, სახლი, ჩემები. ვხედავდი ჩემს თანატოლებს, რომლებიც მოდიოდნენ სამხედრო სამსახურში და შინიდან დედის მომზადებული საჭმელი და ჩანთაში ჩაყრილი კანფეტები მოჰქონდათ... მე იქ დედა არ მყავდა, მამა გარდაცვლილი იყო და ხანდახან მართლაც მარტოდ ვგრძნობდი თავს. აქ ყველა საქმეში, რაც გჭირდება, ბიუროკრატიული საფეხურები უნდა გაიარო, პატარა პრობლემის მოსაგვარებლადაც კი ათას ინსტანციაში უნდა დარეკო, შეუთანხმდე და ა.შ. თავდაპირველად დამოუკიდებლად ესეც ძალიან მიძნელდებოდა. სხვა ჯარისკაცები ამას ვერ იგებდნენ, რადგან მათ მშობლები უკეთებდნენ ყველაფერს, მაგრამ დროთა განმავლობაში აქაურობას მივეჩვიე, ხალხსაც დავუახლოვდი და თვითონაც ცდილობდნენ, მარტოდ არ მეგრძნო თავი, ამიტომ ყველაფერი მიადვილდებოდა. ეს მთლიანად ჯარისა და მეგობრების დამსახურებაა. სხვათა შორის, როგორც ვიცი, ძალიან ცოტა ქართველი გოგონა ირჩევს ისრაელის ჯარში სამსახურს.

- სამხედრო სამსახური დაასრულე და მალევე ახალი სტატუსი შეიძინე - ისრაელში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გახდი. ამით რა მოვალეობები დაგეკისრა? - "ახალგაზრდა ელჩების" პროექტის შესახებ სამხედრო სამსახურის მიწურულს შევიტყვე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს "ფეისბუქკვერდზე" დაიწერა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სამსახურისთვის საქართველოს ახალგაზრდა ელჩებს ეძებდნენ. მაშინვე გავაგზავნე ჩემი რეზიუმე და სამოტივაციო შეხედულებები, ამ სტატუსის შემთხვევაში რას გავაკეთებდი, ამას სკაიპ-კონფერენცია მოჰყვა და საკმაოდ რთული ეტაპების გადალახვის შემდეგ სტატუსიც მომანიჭეს. სხვათა შორის, შევიტყვე, რომ ისრაელში პირველი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ვარ.

- 20 წლის ასაკში საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღე, თანაც სხვა ქვეყანაში და, ალბათ, ძალიანაც გაიზარდე. რა ასაკის ადამიანად გრძნობ თავს? - ამ ცოდნითა და გამოცდილებით საქართველოში რომ ვცხოვრობდე, თავს, ალბათ, 27-28 წლის ადამიანად ვიგრძნობდი, რადგან მანდ ამ ასაკში უფრო იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას, მე კი 18 წლიდან მარტო ვცხოვრობ. სხვათა შორის, საქართველოს სკოლებში არცთუ ძალიან კარგად ვსწავლობდი და ჩემი მშობლებისთვისაც კი სიურპრიზი იყო, როდესაც ისრაელში კარგად ვისწავლე. ახლა, ამ ეტაპების გავლის შემდეგ, სექტემბერ-ოქტომბრიდან უკვე უმაღლესი განათლების მიღებას ვაპირებ აქვე. ჯერ ზუსტად არ ამირჩევია, რა მინდა, მაგრამ, ვფიქრობ, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით წავალ. სამომავლოდ ბევრი გეგმა მაქვს - ჩემი დიდი ოცნებაა, საქართველოში ისეთი საინტერესო პროექტები განვახორციელო, რაც ორივე ქვეყანას წაადგება.

ირმა ხარშილაძე