"ერთმანეთი ციხეში გავიცანით. ჩვენი გაცნობა არ მომხდარა რომანტიკულ გარემოში... დაახლოებით ერთ წელიწადში დავოჯახდით" - კვირის პალიტრა

"ერთმანეთი ციხეში გავიცანით. ჩვენი გაცნობა არ მომხდარა რომანტიკულ გარემოში... დაახლოებით ერთ წელიწადში დავოჯახდით"

ცნობილი ადვოკატების პირადი ცხოვრება

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას საზოგადოება კარგად იცნობს. ბევრმა შეიძლება არც კი იცის, რომ ადვოკატი მია ზოიძე, რომელთან ერთადაც იგი მამა გიორგი მამალაძეს იცავს, მისი მეუღლეა. წყვილი ამ ხმაურიანი საქმის გამო ხშირად ჩანს ეკრანზე და წლებია დეკანოზის გათავისუფლებისთვის იბრძვის. მართალია, ამ საქმეზე ჯერჯერობით სასურველი შედეგი არ დადგა, თუმცა გასულ წელს მათ არაერთი წარმატებული პროცესი ჰქონდათ. როგორც გიორგი ამბობს, გამამართლებელი განაჩენები თავდაუზოგავი შრომის შედეგია. წყვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა, ისინი ვაჟის დაბადებას ელოდებიან.

- დავიბადე ხონის რაიონში. ხონის პირველი საჯარო სკოლის დამთავრებისთანავე იურიდიულზე ჩავაბარე. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2009 წელს წითელ დიპლომზე დავამთავრე, იმავე წელს გავაგრძელე სწავლა მაგისტრატურაში სისხლის სამართლის მიმართულებით. მაგისტრატურის პარალელურად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დავიწყე მუშაობა და იქ საკმაო გამოცდილება მივიღე. საინტერესო პროექტები ხორციელდებოდა, რომელშიც ვმონაწილეობდი. 2011 წელს, მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე ადვოკატობა. ვეძებდი პრაქტიკისთვის ისეთ ადამიანს, რომელიც თავის გამოცდილებას, ცოდნას გამიზიარებდა და ცნობილ ადვოკატს, ბატონ ზურაბ ტაბიძეს მივაკითხე. მას, როგორც კარგ პროფესიონალს, ყველა იცნობს. ჩვენ ერთი რაიონიდან ვართ და მართლა ბევრი რამე მასწავლა. მასთან ერთად მუშაობა ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის. არ ვიტყვი, რომ სკოლის ასაკიდან მინდოდა ადვოკატობა, მაგრამ იურისტობა ნამდვილად მსურდა. ბავშვობაში თუ სადმე ჩხუბი მომსვლია, მხოლოდ იმიტომ, რომ უსამართლოდ ჩაგვრას ვერ ვიტანდი. ადვოკატობა სტუდენტობის დროს გადავწყვიტე, დღეს პრაქტიკულ სამართლებრივ ცხოვრებაზე ბევრია დამოკიდებული. თუ არ განვითარდება მართლმსაჯულება, სახელმწიფო ვერ წავა წინ. პროკურატურაში, პოლიციაში ან სასამართლოში რომ წავსულიყავი, შეიძლება სისტემის ნაწილად ვქცეულიყავი. მართლმსაჯულების გაჯანსაღებისთვის უკეთესი იქნებოდა დამეცვა ადამიანის უფლებები და უფლებების დაცვით მემხილებინა ის გადაცდომები, რომელიც ამ სისტემაშია, ამიტომ საადვოკატო საქმიანობით, ადამიანის უფლებების დაცვით მინდა ერთი აგური დავდო ამ სფეროში. ვფიქრობ, რაღაც დოზით ვახერხებ კიდეც ამას.

- რომელიმე საქმეზე ხომ არ ისაუბრებ?

- როცა დამოუკიდებელი საადვოკატო საქმიანობა დავიწყე, პირველი ერთი წელი მე და ბატონი ზურა ტაბიძე ერთად ვიღებდით საქმეებს. ამ პერიოდში რამდენიმე საინტერესო საქმე აღმოჩნდა ჩვენს ხელში, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი და გარკვეულწილად ისტორიული პროცესი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე იყო. "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გაცოცხლდა ეს საქმე და მაშინ დააკავეს სამხარაულის ცნობილი ექსპერტი ლევან ჩაჩუა. მას ვიცავდით. ეს საქმე ერთი უდანაშაულო ადამიანის დაცვაზე არ გადიოდა, ჩვენი უახლესი ისტორია გარკვეულწილად იწერებოდა, რადგან ბატონმა ზურაბ ჟვანიამ დიდი კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენთან ერთად იყო ადვოკატი შოთა კვირიკაშვილი. დიდი ბრძოლის შემდეგ ეს საქმე სამივე ინსტანციაში მოვიგეთ.

- თქვენ და თქვენი მეუღლე, მია ზოიძე იცავთ მამა გიორგი მამალაძეს, როგორ აღმოჩნდით ამ საქმეში? როგორც ვიცი, მაშინ ახალდაქორწინებული იყავით და ეს თქვენი ერთობლივი, ყველაზე ხმაურიანი საქმე იყო. - მე და მიამ ერთმანეთი გლდანის ციხეში გავიცანით. ჩვენი გაცნობა არ მომხდარა რომანტიკულ გარემოში. ორივე პატიმარს ველოდებოდით და შემთხვევით შევხვდით. შემდეგ ციხის გარეთაც ვიპოვეთ ერთმანეთი და გაცნობიდან დაახლოებით ერთ წელიწადში დავოჯახდით. ამის შემდეგ დიდი მადლობა გადავუხადე ბატონ ზურაბ ტაბიძეს და გადავწყვიტე დამოუკიდებლად დამეწყო საადვოკატო საქმიანობა, მით უფრო, მეუღლეც ადვოკატი იყო და ჩვენი საადვოკატო ბიურო შევქმენით. მიას არ უყვარს თავის საქმიანობაზე საუბარი და საკუთარი თავის აფიშირება, თორემ ძალიან წარმატებულია. ურჩევნია ჩრდილში იმუშაოს, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა მამა გიორგი მამალაძის საქმის შემთხვევაში. მართლა ახალდაოჯახებული ვიყავით, როცა ჩვენთან ე.წ. ციანიდის საქმე შემოვიდა.

- რამაც ძალიან პოპულარული გაგხადათ. - ლევან ჩაჩუას საქმიდან მეტ-ნაკლებად მიცნობდა საზოგადოება. გეთანხმებით, საყოველთაო ცნობადობა ე.წ. ციანიდის საქმიდან წამოვიდა. მია ბათუმიდან არის, მის სახლთანაა წმინდა ბარბარეს ეკლესია, სადაც დეკანოზი მამა გიორგი მსახურობდა. ჯერ კიდევ სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს. ინტელექტუალურ თამაშში - "რა, სად, როდის?" ორივე მონაწილეობდა. არ ვიტყვი, რომ უახლოესი მეგობრები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთს იცნობდნენ. ამის პარალელურად, დეკანოზის მეგობარმა, იურისტმა რაული აგიკიანმა დაგვაკავშირა, ადამიანური ნდობის ფაქტორი რომ ყოფილიყო. პირველად მამა გიორგი მამალაძე მოდულის შენობაში, 2017 წლის 10 თებერვალს, საღამოს ვნახეთ. მაშინ მოთოვა თბილისში. მთავარ პროკურატურაში უკვე ჩხრეკა უკანონოდ იყო ჩატარებული და ვითომ ამოღებული გახლდათ ციანიდი. ბრალი არ ჰქონდა ჯერ კიდევ წაყენებული, რამდენიმე საათის დაკავებული იყო. არ ვიცი, რატომ, დეკანოზმა პირველი რაც გვკითხა, გარეთ თოვსო? მერე გვითხრა, მე მიას ვიცნობ და პიროვნული ნდობის ფაქტორი მაქვს, თქვენ მისი მეუღლე ხართ და საერთო მეგობარიც გვყოლია, ჩემი მხრიდან არ არის პრობლემა, მაგრამ გთხოვთ, თქვენ კარგად დაფიქრდეთ და პასუხი უცებ არ თქვათ. მე მაბრალებენ ისეთ დანაშაულს, რომელიც საზოგადოებას შეძრავს. მეუბნებიან, შენ კლავდი პატრიარქს და რამდენად ხართ ფსიქოლოგიურად მზად, რომ გაუძლოთ იმ წნეხს, რაც თქვენ მიმართ საზოგადოების მხრიდან წამოვა ამ ამბის გახმაურების შემდეგო.

- თქვენთვისაც არ იქნებოდა იოლი ასეთი ბრალდებით დაკავებულის დაცვა, არა?

- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის შოკი იყო, როცა ამ სიტყვებს ვისმენდი დეკანოზისგან. როცა მის დასაცავად შევედით, საერთოდ არ ვიცოდით, რას ედავებოდნენ. შოკირებული ვიყავი, ბრალი მამაოსგან მოვისმინე. წარმოვიდგინე ისიც, რა რეზონანსი მოჰყვებოდა ამ ფაქტს საზოგადოებაში. გულწრფელი ვიქნები - როცა ვუსმენდი, სათნო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, მის სიტყვებში ეჭვი არ შემიტანია, მაგრამ გულში გამიელვა, შეიძლება ეს ადამიანი მართალია, მაგრამ იქნებ პატრიარქის მკვლელობა მართლა იგეგმებოდა-მეთქი. ფსიქოლოგიურადაც რთული იყო ეს ყველაფერი. გვითხრა, გარეთ გადით, მოიფიქრეთ და პასუხი მერე მითხარითო. ვერ გავიდოდით, რადგან ვიცოდით, წუთი წუთზე მისთვის ბრალის წასაყენებლად მოვიდოდნენ და ადვოკატის გარეშე ვერ დავტოვებდით. დაახლოებით ხუთი წუთი სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა, მინდოდა დუმილი დამერღვია, მაგრამ მიამ დამასწრო, - მე მზად ვარ დაგიცვათო, ჩემი სათქმელიც მან თქვა. ასე გადავწყვიტეთ მისი დაცვა. ისიც გავიაზრეთ, რომ ჩვენთვის, როგორც ადვოკატებისთვის ამ საქმეში მონაწილეობა შეიძლებოდა დიდი ანტიპიარი ყოფილიყო, რადგან ჩვენს პატრიარქზე გახლდათ საუბარი. სანამ საზოგადოებამ სიმართლე არ გაიგო, რეალურად ანტიპიარიც იყო. გამომძიებლებმა შემოიტანეს დეკანოზის ბრალის დადგენილება. იქ ვკითხულობთ, რომ მას ბრალად ედება შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება. გულწრფელად გეტყვით, არც ვიცოდი ეს ადამიანი ვინ იყო. ვკითხე მამაოს, ვინ არის-მეთქი? მაშინ გაიგო დეკანოზმაც რას ედავებოდნენ. მითხრა, თუ შენ ბოლომდე დარჩები ამ საქმეში, მიხვდები, რეალურად ვინ არის შორენა თეთრუაშვილიო. პირჯვარი გადაიწერა და თქვა, ამ აბსურდულ ბრალდებაში სულ რომ გავმტყუნდე და პატიმარი გავხდე, ამას აღარ დავეძებ, მთავარია, პატრიარქის მკვლელობის მცდელობას არ მაბრალებენო. ჩემი 7-წლიანი ადვოკატობის პრაქტიკაში, პირველად ვნახე ბრალდებული, რომელსაც ბრალის წარდგენა ასე გაუხარდა... გაგრძელება