რა განმარტებას აკეთებს საპატრიარქო, ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების აკრძალვაზე - კვირის პალიტრა

რა განმარტებას აკეთებს საპატრიარქო, ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების აკრძალვაზე

მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების აკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ განმარტება გააკეთა. როგორც ჟურნალისტებს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, მამა ანდრია სარიას მიმართ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მის მიერ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები დაედო.

ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული საერთოდ ეკლესიიდან განკვეთასაც ითვალისწინებს, თუმცა, პატრიარქმა მამა ანდრია სარიას მიმართ გულმოწყალება გამოიჩინა და მას მონანიების საშუალება მიეცა.

"ბრძანებაში გარკვევით წერია, რომ მამა ანდრია სარიას დეკემბერში მიეცა გაფრთხილება კომისიის მიერ და მისი მხრიდან ამ გაფრთხილების სრული იგნორი მოხდა და გააგრძელა იგივე ქმედებები, რაც გულისხმობს საჯარო, შეურაცხმყოფელ განცხადებებს საპატრიარქოს და იერარქების მიმართ. რადგანაც არ მოხდა საპატრიარქოს შენიშვნის გათვალისწინება მისმა მმართველმა მღვდელმთავარმა პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. გადახედეთ ბოლო დროის მის განცხადებებს და იქ არის ასეთი გამონათქვამები, რომ "საპატრიარქო არის ყველაფერში დამნაშავე", რომ "საპატრიარქო არის დამსჯელი ორგანიზაცია" და ა.შ.

ჩემი აზრით, სანამ საჯაროდ გააკეთებდა ასეთ განცხადებებს, მანამდე უნდა ეზრუნა, რომ პატრიარქს შეხვედროდა, თუმცა, არ ვიცი პატრიარქი რას გადაწყვეტს. მნიშვნელობა არ აქვს იმას პატრიარქი იმყოფება, თუ არა თბილისში, გადაწყვეტილებას დაედო პატრიარქის ფაქსიმილია. არის ხალხის კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ პატრიარქი იღებს პრეზიდენტზე უპირატეს გადაწყვეტილებას შეწყალება- არშეწყალებასთან დაკავშირებით და როცა აწყობთ ამბობენ, რომ პატრიარქმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება. ამდენი ხნის განმავლობაში. ჰკითხეთ ნებისმიერ მღვდელმთავარს მის ეპარქიაში, მსგავსი რამ რომ მომხდარიყო მღვდილისაგან რამდენ ხანში შეუჩერებდა მღვდელმსახურებას. ეს არის პატრიარქის გულმოწყალების კიდევ ერთი ნიმუში, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სარიას ბევრი შესაძლებლობა ეძლეოდა რომ მოენანიებინა. ის დანაშაული, რის გამოც მას მღვდელმსახურება შეუჩერეს გაცილებით უფრო მკაცრ სასჯელსაც გულისხმობს, განკვეთა, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი შეღავათიანი გადაწყვეტილება. ვის ებრძვის, ან რომელი სიმართლე მოვისმინეთ მისგან? მე ვფიქრობ, გარკვეული ძალები მამა ანდრიას შიგნიდან ებრძვიან და თუ ამაში კარგად გაერკვევა, გაცილებით უკეთესი იქნება. მას შეეზღუდა მღვდელმსახურება ეს გულისხმობს რომ ის ვერ წირავს, ვერ ჩაიბარებს აღსარებას და სხვა საიდუმლო მსახურებას, რასაც მღვდელი ასრულებს, ის ვერ შეასრულებს. მას უკვე ჰქონდა მითითებული მონასტერი, განწესებული იყო შესაძლოა მონასტერში, თუმცა, რამდენადაც ვიცით, იქაც მხოლოდ წირვაზე დადიოდა და არა ისე, როგორც მას განუჩინეს, რომ იქ უნდა ყოფილიყო. ალბათ, რასაც აქამდე აკეთებდა, ისევ იმას გააკეთებს, ღმერთმა ინებოს, რომ სინანული ჰქონდეს. სამწუხაროა, რომ მან ეს ვითარება აქამდე მიიყვანა. უნდა მოინანიოს იმასთან, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა, ბრალი დასდო და ცილი დასწამა. პატრიარქთან შეხვედრაზე მანამდე უნდა ეზრუნა, სანამ "ბანდას" დაუძახებდა პატრიარქის გარემოცვას",- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

"ინტერპრესნიუსი"