"ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს სუს-ის განცხადებას ეხმაურება - კვირის პალიტრა

"ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს სუს-ის განცხადებას ეხმაურება

ოკუპირებული ცხინვალი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საოკუპაციო ძალები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, პროვოკაციულ მოქმედებებს განაგრძობენ სოფელ გუგუტიანთკართან.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს.

"სინამდვილეში, სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა განაგრძეს საზღვრის გავლების სამუშაოები გუგუტიანთკარში, რომელიც 2019 წლის აგვისტოდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მესაზღვრეები არც ერთი მეტრით არ შეხებიან საქართველოს ტერიტორიას, ქართული მხარე, როგორც გასულ წელს, კვლავაც ცდილობს წარმოაჩინოს მსოფლიო სკანდალად. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებას შეცდომაში შეყავს საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები", - განაცხადა ჯიოევმა.

მისი თქმით, ქართული პოლიცია და საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიაც დარწმუნდა, რომ საქართველოს ტერიტორიის არც ერთი მეტრისთვის ხელი არავის უხლია, რომლებიც ეს ორი-სამი დღეა მუდმივად იმყოფებიან სამუშაოების ჩატარების ადგილზე.

ჯიოევის თქმით, თავად ქართულ მხარეს არ აწყობს "სახელმწიფო საზღვრის" არსებობა, მაგრამ, მისი თქმით, ეს უკვე დიდი ხნის წინ მომხდარი რეალობაა.

ჯიოევის განცხადებით, "საქართველოს ამ ისტერიკას" კიდევ ერთი მიზანი გააჩნია, რომ კიდევ ერთხელ დაადანაშაულოს რუსეთი, რომელშიც საოკუპაციო ძალას გულისხმობს.

მისი თქმით, ეს პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს სჭირდება იმისთვისაც, რომ ყურადღება გადაიტანოს "საზღვრის" იმ არსებული ვითარებიდან, რომელიც, მისი თქმით, ქართულმა მხარემ შექმნა სოფელ წნელისთან, სადაც უკანონოდ განათავსა საპოლიციო საგუშაგო.

"ინტერპრესნიუსი"