მეცნიერების თქმით, სასიკვდილო ვირუსისა და გველის გენეტიკური მასალა თითქმის იდენტურია - რა ხდება ჩინურ ქალაქში, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა? - კვირის პალიტრა

მეცნიერების თქმით, სასიკვდილო ვირუსისა და გველის გენეტიკური მასალა თითქმის იდენტურია - რა ხდება ჩინურ ქალაქში, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა?

ჩინეთში გავრცელებულმა მორიგმა ვირუსმა, რომელიც კორონავირუსების ჯგუფს მიეკუთვნება, უკვე 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ის მწვავე რესპირატორულ დაავადებებს იწვევს და მისი სიმპტომებია: ხველა, მაღალი სიცხე, სუნთქვის უკმარისობა. ვირუსით დაავადებული ზოგიერთი პაციენტის შემოწმებისას, ჩინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხშირ შემთხვევაში ვირუსი ასევე იწვევს ფილტვებში სითხის დაგროვებას.

ახალი კორონავირუსი პირველად, ჩინეთის ქალაქ უხანში, 9 იანვარს დააფიქსირეს და ამის შესახებ განცხადება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებმაც გააკეთეს. 11 იანვარს ვირუსის ამ სახეობით პირველი ადამიანი გარდაიცვალა.

23 იანვრის მონაცემებით, უკვე გარდაცვლილია 17 ადამიანი, ხოლო 571 დაინფიცირდა. ბი-ბი-სი-ს ცნობით, ჩინეთის ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით მუშაობას წყვეტს. გამოცემის ცნობით, შეზღუდვის დაწესებით ხელისუფლება ცდილობს, კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს. ცნობილია ისიც, რომ უკვე ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, ტაივანსა და მაკაოს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 23 იანვრის 10 საათიდან 9 მილიონიან ქალაქში მოძრაობა შეწყვიტა ავტობუსებმა, მეტრომ და რკინიგზამ. გარდა ამისა, გაუქმდა ავიარეისები ქალაქ უხანიდან ნებისმიერი მიმართულებით.

შეიძლება უხანი პეკინისა და შანხაივით არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა ეს ქალაქი ჩინეთისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ საყრდენს წარმოადგენს. უხანიდან პირდაპირი რეისებია დანიშნული ლონდონის, პარიზის, დუბაის და სხვა უამრავი მეგაპოლისის მიმართულებით.

ჩინეთის მთავრობამ საზოგადოებას თხოვნით მიმართა, უხანში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ და თუ უკვე ქალაქში არიან, მაშინ ტერიტორია არ დატოვონ.

"მთავარია - არ წახვიდეთ უხანში! ხოლო ისინი, ვინც უკვე ქალაქში არიან, არ დატოვოთ ტერიტორია!", - მიმართა ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა მოქალაქეებს.

საიდან გაჩნდა ვირუსი? ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, ვირუსის წყაროდ უხანის ბაზარი მიიჩნევა, სადაც ზღვის პროდუქტებთან ერთად ფრინველები, გველები, კურდღლები და სხვა უამრავი გარეული ცხოველი იყიდებოდა. მთავრობის ინიციატივით, აიკრძალა ცოცხალი ფრინველის და საქონლის გაყიდვა, ქალაქის დიდ სატრანსპორტო მონაკვეთებში განახლდა სავენტილაციო სისტემა, ხოლო მათ, ვინც უკვე დატოვა ქალაქი ჯანმრთელობის კონტროლისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ვირუსი უხანის იმ ბაზრიდან შემოვიდა, სადაც გარეული ცხოველები არაკანონიერად იყიდებოდა. შესაძლოა, ვირუსის მატარებელი ცხოველი იყო და შემდეგ, ვირუსით ადამიანი დაინფიცირდა", - განაცხადა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გაო ფუმ.

ვირუსი, რომელმაც უკვე მიიღო სახელი: 2019-nCoV - ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება.

"აუცილებელია უფრო ზუსტად დადგინდეს კიდევ როგორ გადაეცემა ვირუსი ადამიანიდან ადამიანს, თუმცა, შესაძლოა მან მუტაცია განიცადოს. არსებობს ეპიდემიის გავრცელების შესაძლებლობაც",- ამბობენ მეცნიერები.

ინფიცირებულ პაციენებთან კონტაქტი უკვე 2 ათასზე მეტ ადამიანს ჰქონდა. 15 ექიმი პაციენტებთან კონტაქტისას დაინფიცირდა.

ინფექციის გავრცელების არეალი ჩინეთის ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ვირუსი შესაძლოა ძალიან სწრაფად გავრცელდეს, რადგან მთვარის კალენდრით ახალი წლის დადგომისას ჩინეთში მილიონობით ტურისტი ჩადის. ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერთა მტკიცებით, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა 1700-ს აჭარბებდეს.

საუბარია იმაზეც, რომ მალე შესაძლოა მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, ისე როგორც ებოლას ვირუსის გავრცელებისას მოხდა.

რა არის ცნობილი ახალ ვირუსზე?

1. ვირუსი 2019-nCoV შედის იმ კორონავირუსების ჯგუფში, რომელით ადამიანის დაინფიცირების შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა.

2. კორონავირუსები - ვირუსთა ოჯახი, რომელიც 38 ვირუსს აერთიანებს. აქედან მხოლოდ ექვსი და მეშვიდე - 2019-nCoV ვირუსია, რომელიც ადამიანს აღმოაჩნდა.

3. მეცნიერთა მტკიცებით, ვირუსი ადამიანს ცხოველისგან გადაედო.

4. მისი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა.

5. ადამიანებს რეკომენდაციას აძლევენ არ შეეხონ ცხოველებს, არ მიირთვან ნახევრად უმი ხორცი და კვერცხი. თავი აარიდონ ადამიანებს, რომელთაც სურდო ან სხვა რაიმე ვირუსი აწუხებთ. "ბიზნეს ინსაიდერის" ცნობით, მეცნიერების დასკვნით, ვირუსისა და გველის გენეტიკური მასალა თითქმის იდენტურია.

რა არის ცნობილი ქალაქ უხანზე? მსოფლიოს უდიდეს ქალაქებს შორის უხანი 42-ე, ჩინეთში კი ეს ქალაქი სიდიდითა და ეკონომიკური მნიშვნელობით მე-7 ადგილზეა. უხანი წარმოადგენს ჩინეთის ცენტრალური ნაწილის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს. გაშენებულია მდინარე იანძისა და ხანშუის შესართავთან.

გაეროს ცნობით, ქალაქში 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თავად ქალაქის მმართველთა მტკიცებით, მათი რაოდენობა 11 მილიონს აღწევს.

2016 წლის ცნობით, უხანის საერთაშორისო აეროპორტმა 20 მილიონზე მეტი მგზავრი მიიღო. 2016 წლის შემდეგ, მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. უხანიდან პირდაპირი ავიახაზებითაა შესაძლებელი გადაფრენა მსოფლიოს დიდ მეგაპოლისებში, მათ შორის ლონდონში, პარიზსა და დუბაიში. (წყარო)

ახალი ვირუსი და საქართველო საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობისა და დაავადებასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა.

"ვინც მიდის ქალაქ უხანში მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს, ცხოველებთან კონტაქტს, ცხოველთა ბაზრებსა და ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს, თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს; ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადიზენფექციო საშუალებები;

ხანშიშესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოგზაურებმა უხანში გამგზავრებით შესაძლოა, მეტი რისკი შეუქნან თავიანთ ჯანმრთელობას. ხოლო, თუ უკვე იმოგზაურეთ უხანში და გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს, აცნობეთ ექიმს მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ, მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში, დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით, ტანსაცმლის სახელოს ნუ გამოიყენებთ ცემინების და ხველების დროს,ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადიზენფექციო საშუალებები;

ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს ინფექციის კონტროლის სტანდარტული ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ვირუსთან მიმართებაში ქართველი ექიმები, ინფექციონისტები კარგად არიან გათვითცნობიერებულები.

P.S. უახლესი ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსის გამო კიდევ 2 ქალაქის, ჰუანგანგისა და ეჩჟოუს იზოლირება მოახდინეს - ქალაქებში შესასვლელი დახურეს. ორივე ქალაქი ქალაქ უხანთან ახლოს მდებარეობს. სამივე ქალაქში ერთად 20 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.