"14 წელია ვერ შევეგუე მის წასვლას ამ ქვეყნიდან" - კვირის პალიტრა

"14 წელია ვერ შევეგუე მის წასვლას ამ ქვეყნიდან"

საახალწლო ზეიმის დროს საახალწლო განწყობა ჰქონდა და იმ დღეს მხიარულად ატარებდა, მაგრამ საერთოდ, სცენაზე ყოველი გასვლის წინ ნერვიულობდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს სკოლის დარბაზი იქნებოდა თუ სხვა, დიდი დარბაზი. "მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სრულად 5 წლისაც არ ვიყავი, როცა სცენაზე დავდექი და მას მერე სცენაზე ვარ, ნერვიულობაც ყოველთვის მახსენდება", - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.

- ე.წ. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით, სადაც ბავშვები ერთად ვერთობოდით და ძალიან ვმხიარულობდით. სასაცილოები ვიყავით: ხან გოზინაყს მოვიპარავდით, ხან სხვა სასუსნავს, დავრბოდით და ყველა ოჯახში ცხვირს ვყოფდით. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, თქვენ არ იცით, მე რა სევდა მიპყრობდა. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები სევდის მიზეზს მეკითხებოდნენ. რატომღაც ბავშვობიდან გაცნობიერებული მქონდა, რომ მიმავალი წელი აღარასოდეს დაბრუნდებოდა, ამას ვდარდობდი, ოღონდ დღემდე ასე ვარ... მინდა, ძალიან ჩქარა გაიაროს ხოლმე საახალწლო დღეებმა, რომ მალე შევეგუო წინა წლის წასვლას. ცოტა უცნაურია, მაგრამ ასეა.

- რომელიმე გამორჩეული ახალი წელი გაიხსენეთ. - ნებისმიერი ახალი წელი, როცა ოჯახის ყველა წევრი სახეზე მყავდა, ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარული გვქონდა ერთმანეთის მიმართ და რაც მთავარია, ჩემს ოჯახში დაამკვიდრეს ტრადიცია, რომ 12 საათს სახლში უნდა შევხვდეთ, არ უნდა დავუკეტოთ კარი ახალ წელს! ამ ტრადიციას დღემდე არ ვღალატობ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ საკმაოდ მაღალი ჰონორარი შემოუთავაზებიათ. ახალი წელი თითოეულ ოჯახში უნდა შემოვიდეს ისე, როგორც შობას - ანთებული სანთლებით. 1990 წელს შევხვდი გამორჩეულად იმიტომ, რომ დედა გავხდი, მარიამი 9 დეკემბერს დაიბადა - საოცარი განწყობა მქონდა. 1991 წლის 9 დეკემბერს უკვე კოკო გაჩნდა. ეს ორი წელი არის ჩემთვის განსხვავებული და განსაკუთრებული.

- "მზიურის" გასტროლების დროს, ახალ წელს უცხოეთში არ აღმოჩენილხართ? - ჩემი გოგოები ახალ წელს საზღვარგარეთ შეხვედრიან, მაგრამ მე ზოგადად გასტროლები არ მიყვარდა. ძალიან ხშირად სხვადასხვა მიზეზს ვიგონებდი კიდეც, რომ არ წავსულიყავი. თუ ვიცოდი, რომ ახალ წელს სხვა ქვეყანაში უნდა შევხვედროდი, ამ დროს ხომ საერთოდ არ მივდიოდი. ასე რომ, "მზიურსაც" ვღალატობდი.

- რა სიმღერას ასრულებდით ახალი წლის დადგომისას? - ჩემს სახლში აუცილებლად ისმოდა მრავალჟამიერი. მამაჩემი თვითონ იყო კაცი-ზეიმი, 14 წელია ვერ შევეგუე მის წასვლას ამ ქვეყნიდან. ძალიან ძნელია, როცა იცი, რომ მუხა გყავდა და აღარ არის. ეს როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ქართული სიმღერის საფუძველი არის ბანი, რაზეც იგება დანარჩენი ორი ხმა. ჩვენ ყოველთვის გვყავდა გარანტირებული ბანი მამას სახით და მის მერე, ძალიან გამიჭირდა. თუმცა, მრავალჟამიერი მაინც იმღერება ჩვენთან. ვთვლი, რომ მამის ტრადიციას არ ვუღალატე. მას უყვარდა და ამაყობდა ამით, ამიტომ რაღაც პერიოდი ბანს მე ვამბობდი, სასაცილო ვიყავი, მაგრამ მაინც. ახლა კოკო წამომეწია (ხმა დაუდაბლდა) და ბანს ის გვეუბნება.

- რას ისურვებთ 2020 წლისთვის?

- პირველ რიგში, ვულოცავ მთელ საქართველოს ახალ წელს! ვისურვებ, რომ დაგვიბრუნდეს ერთმანეთის გატანის და სიყვარულის ნიჭი. ვთხოვ ყველას, წელს განსაკუთრებით გავიაზროთ, რომ ჩვენ ერთი სისხლი და ხორცი ვართ და ამდენი მტრობა აღარ შეიძლება. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე: "თავის დროზე გიასთან ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენი" - თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ