"სადაც დაავადების გავრცელების წყაროა, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება..." - რას ამბობს ჩინეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი - კვირის პალიტრა

"სადაც დაავადების გავრცელების წყაროა, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება..." - რას ამბობს ჩინეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი

ჩინეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის არჩილ კალანდიას განცხადებით, საქართველოს არცერთ მოქალაქეს, ვინც ამჟამად ჩინეთის ტერიტორიაზე იმყოფება, კორონა ვირუსის გავრცელების გამო, ჯანმრთელობის საფრთხე არ შექმნია. როგორც არჩილ კალანდიამ "პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, რეგიონში, სადაც კორონა ვირუსის გავრცელების წყაროა, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება, რომლებთანაც საელჩოს კონტაქტი 24-საათიან რეჟიმში აქვს.

"სადაც არის დაავადების გავრცელების წყარო იმყოფება საქართველოს სამი მოქალაქე. ჩვენ მათთან გვაქვს მუდმივი კონტაქტი, ისინი იმყოფებიან უსაფრთხოდ და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ამასთანავე ჩვენ გვაქვს კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში და საბედნიეროდ არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საელჩოს ცხელი ხაზი, გვიკავშირდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ. საბედნიეროდ, ჯერჯერობით საფრთხე არ დაფიქსირებულა და იმედი გვაქვს, არც დაფიქსირდება. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვეკონტაქტებით ჩინეთის სახელმწიფო უწყებებს და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ შესაბამის ზომებს, თუმცა, იმედი გვაქვს, ეს საჭიროება არ დადგება“, - განაცხადა კალანდიამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მარკეტებში პურისა და წყლის მარაგი იწურება, როგორც ელჩი ამბობს, ეს დროებითია.

"ჩინეთის ხელისუფლება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გეგმავს შეიტანოს პროდუქტები იქ, სადაც არის დეფიციტი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქალაქ უხანში პანიკა არ შეიმჩნევა. არასასიამოვნო ვითარებაა, როცა ქალაქი ჩაკეტილია და არავის აქვს უფლება, ქალაქის დატოვების ან ქალაქში შესვლის, მაგრამ ეს უპირველეს ყოვლისა ხდება არა იმიტომ, რომ იქ ხალხი ქუჩაში ცუდად ხდება და გარდაცვალების შემთხვევებია მაღალი, არამედ იმიტომ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ატარებს პრევენციულ ქმედებებს, შესაბამის სანიტარულ ოპერაციებს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ინფიცირების, დაავადებულთა რიცხვი და არ გავრცელდეს სხვადასხვა რეგიონებზე და ქვეყნებში“, - განაცხადა კალანდიამ.

"პალიტრანიუსის“ ეთერით ელჩმა მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან მითითებები, რასაც ხელისუფლება სთხოვს ადგილობრივ მოსახლეობას და სტუმრებს - იარონ პირბადით, არ იყვნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენა.

კითხვაზე: რამდენად უსაფრთხოა, ჩინეთში საქართველოს მოსახლეობის ამ პერიოდში სტუმრობა? -არჩილ კალანდიამ აღნიშნა, რომ "ცხადია, იმ რეგიონში, სადაც ინფიცირების წყაროა, კატეგორიულად არ ვურჩევ ვინმეს ჩასვლას და იმედია ასე არ მოხდება“.

"სხვა რეგიონებში და ჩინეთის დიდ ქალაქებში მათ შორის პეკინში, შანხაიში, ტიანძინში და ა.შ. ამ ეტაპზე არ არის აკრძალვები დაწესებული მსოფლიოს არცერთი ქვეყნის მხრიდან. საზღვრები გახსნილია. ხდება აქტიური შემოწმება საზღვარზე,როგორც ჩინეთის ტერიტორიიდან გამსვლელების, ასევე შემომსვლელების, რომ მაქსიმალური პრევენცია მოხდეს დაავადების გავრცელების, ასე რომ, ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არის. მაგრამ აქვე მინდა დავამატო, რომ გამომდინარე იქედან, რომ ხვალ იწყება ჩინური ახალი წელი, მილიონობით ადამიანია გასული და მიმოფანტული ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, ელოდებიან ინფიცირებულთა ზრდას თებერვლის დასაწყისში, როცა ასობით მილიონი ადამიანი დაუბრუნდება თავის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. წინასწარ პროგნოზების გაკეთება რთულია. დიდი ალბათობით, ინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს, მაგრამ ყველა საჭირო ზომა არის მიღებული ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, რომ მასშტაბები შემცირებული იყოს“, - განაცხადა კალანდიამ გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში“ ჩინეთიდან ჩართვისას.