საგარეო უწყება: "ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან" - კვირის პალიტრა

საგარეო უწყება: "ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან"

ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამსდა დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უზარმაზარი თანაგრძნობა და მწუხარება თურქეთში მომხდარ ტრაგიკულ მიწისძვრასთან დაკავშირებით. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირეს და მეგობარს. ვიზიარებთ თურქი ხალხისა და განსაკუთრებით დაზარალებულთა ოჯახების მწუხარებას და ვუსურვებთ ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას",-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გავრცელდა.

ცნობისთვის, თურქეთში, მიწისძვრის შედეგად ბოლო მონაცემებით 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 1015-ს აღწევს. 24 იანვარს, აღმოსავლეთ თურქეთში, ადგილობრივი დროით, 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა. მისი ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

"ინტერპრესნიუსი"