მიხეილ მუსხელიშვილი ევროკავშირის შექმნასა და ევროპულ ქვეყნებს შორის საზღვრების წაშლას ქადაგებდა - კვირის პალიტრა

მიხეილ მუსხელიშვილი ევროკავშირის შექმნასა და ევროპულ ქვეყნებს შორის საზღვრების წაშლას ქადაგებდა

ხშირად უთქვამთ, ქართველებს არ გვჩვევია იმ თანამემამულეთა დაფასება, რომელთაც არა მხოლოდ საკუთარი ხალხის, არამედ სხვადასხვა ერის წინაშეც კი მიუძღვით წვლილიო. არქივებში დღესაც ინახება უცხოეთში მოღვაწე ქართველების არაერთი საინტერესო ნაშრომი, ზოგიერთი მათგანი ქართულადაც არის ნათარგმნი, მაგრამ გამოქვეყნება მიზეზთა გამო ვერ ხერხდება.

თავის დროზე გურამ შარაძემ ჩამოიტანა სტრასბურგში მოღვაწე დიდი ქართველის, მიხეილ მუსხელიშვილის ნაშრომები (ძირითადად, ფრანგულ ენაზე), სადაც სხვათა შორის ევროკავშირის შექმნის იდეაზეც არის ლაპარაკი. შარაძემ ეს საგანძური ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ჩააბარა, მაგრამ მისი დამუშავება და თემის პოპულარიზაცია ვერა და ვერ მოხერხდა.

მიხეილ მუსხელიშვილი ერთ-ერთი იმ  ქართველთაგანი იყო, რომელიც ევროკავშირის შექმნასა და ევროპულ ქვეყნებს შორის საზღვრების წაშლას ქადაგებდა. გვესაუბრება ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ისტორიის დოქტორი ლელა სალარიძე:

- ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ევროკავშირი შეიქმნებოდა, როცა რობერ შუმანი და კლოდ მონე საუბრობდნენ ევროპის გაერთიანების იდეაზე, მიხეილ მუსხელიშვილი ევროპის ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა ამავე თემაზე სტატიებს. ჩვენ შეგვიძლია თვალი გადავავლოთ თუნდაც ემიგრაციულ პრესას, მაგალითად, "ბედი ქართლისას", რომელსაც მოგვიანებით "რევიუ დე ქართველოლოჟი" ეწოდა.

მას კალისტრატე სალია რედაქტორობდა. ვგულისხმობ იმ მასალებს, რაც ბატონმა გურამ შარაძემ ჩამოიტანა საქართველოში და ამიტომაც ისინი ხელმისაწვდომია. მუსხელიშვილი ემიგრაციაში 1921 წელს წავიდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა. მუსხელიშვილი დაუფარავად ლაპარაკობდა იმ რეჟიმზე, რაც მაშინ საქართველოში სუფევდა. მან ძალზე უარყოფითი  იურიდიული შეფასება მისცა 1783 წლის რუსეთ-საქართველოს ტრაქტატს და საქართველოს დამოუკიდებლობის დასასრული უწოდა.

მაშინდელი ევროპა ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და საქართველო ხელში შეატოვა ბოლშევიკებს, რაც ასევე აისახა მუსხელიშვილის შრომებში. ამის გამო მიხეილ მუსხელიშვილის სახელი და გვარი საბჭოთა ისტორიოგრაფიამ მთლიანად ამოძირკვა, მაგრამ ემიგრაციულ პრესაში მასზე უამრავი ინფორმაცია მოიპოვება.

მე ხელთ მაქვს მიხეილ მუსხელიშვილზე დაწერილი სტატიაც, რომლის ავტორიც გახლავთ ალექსანდრე ვეილი, სტრასბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაშინდელი დეკანი. ვეილი ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს მუსხელიშვილის მოღვაწეობას, მისეულ ევროკავშირის შექმნის იდეას.

სხვათა შორის, მიხეილ მუსხელიშვილი  ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, დავით მუსხელიშვილის ბიძა იყო. სწორედ ამ ინსტიტუტის მეცნიერმა თანამშრომლებმა შევადგინეთ  პროექტი, რაც ქართველი საზოგადო მოღვაწეების საქმიანობის კვლევას უკავშირდება და არა მხოლოდ მუსხელიშვილის, არამედ სხვების წვლილსაც მიმოიხილავს ევროკავშირის შექმნის საქმეში. ევროინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი გია ბარამიძე ძალიან დაინტერესდა ამ თემით.

- თქვენი პროექტით რომელიმე უცხოური ორგანიზაცია თუ დაინტერესდა?

- თავის დროზე ამ პროექტით დაინტერესდა ევროპის უშიშროებისა და ეუთოს მისიის ოფისი საქართველოში, მაგრამ ის მალე დაიხურა. შემდეგ პროექტი ევროკომისიის წარმომადგენლობას მივაწოდეთ და ახლა მისი მხარდაჭერის იმედი გვაქვს.

- ბოლო დროს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოს ურჩია ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება. ჩვენმა პოლიტიკოსებმა მაშინ ბრძანეს, ევროკავშირში შესვლაზე განაცხადის შეტანა მხოლოდ ფორმალობაა, ეს ხანგრძლივი პროცესიაო. არადა, თურმე არა ევროკავშირში, არამედ ევროკავშირთან არსებულ ენერგოკავშირში შესვლაზე განაცხადის გაკეთება გვირჩიეს. რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- მე გაგებით შევხვდი საქართველოს  ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს. ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობ და ვიცი, რომ ევროკავშირის წევრობა დიდ პრივილეგიებთან ერთად უზარმაზარი პასუხისმგებლობა და მოვალეობაც არის. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევალებათ საწევრო შენატანების გადახდა, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. სწორედ ამ ფინანსური რესურსით დაეხმარა ევროკავშირი საქართველოს 2008 წლის ომის შემდგომ. ამიტომ, ვიდრე განაცხადს გავაკეთებთ, ჯერ ქვეყანაში უნდა გატარდეს  ძირეული რეფორმები, ფეხზე უნდა დავდგეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ფორმალურ მხარეს" მართლაც აზრი არ ექნება.

ჩვენ უნდა განვიმტკიცოთ ევროკავშირში შესვლის  პერსპექტივა. უნდა დავანახოთ ყველას, რომ  ევროპის დასამადლებელი არაფერი გვაქვს, რომ საქართველომ საამისოდ დიდი ხნის წინ ჩაყარა საძირკველი.

მიხეილ მუსხელიშვილი

მიხეილ მუსხელიშვილი 1903 წლის 6 ივლისს დაიბადა თბილისში და გარდაიცვალა 1984 წლის 18 ივლისს სტრასბურგში. საქართველოდან წასვლის შემდეგ სწავლობდა ჯერ გეტინგენის, ხოლო შემდეგ მიუნხენის უნივერსიტეტებში, მერე სწავლა განაგრძო საფრანგეთში, ლიონის უნივერსიტეტში. მიხეილ მუსხელიშვილი იყო შესანიშნავი იურისტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, მუშაობდა სტრასბურგის უნივერსიტეტში.

იქვე დააარსა "მუსხელის" სახელწოდებით ცნობილი ცენტრიც, სადაც მუშავდებოდა ევროპის გაერთიანებისა და საზღვრების მოხსნის იდეა, რაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო იმ პერიოდის მეცნიერთა შორის.

როგორ შეიქმნა ევროკავშირი

ევროკავშირს საფუძველი რამდენიმე ხელშეკრულებამ ჩაუყარა. თავიდან მათი მიზანი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა ევროპაში, ასევე, ეკონომიკური ინტეგრაციის მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივი განვითარება. პირველი ხელშეკრულება "ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შესახებ" 1951 წელს დაიდო, რათა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების ქვანახშირისა და ფოლადის პროდუქცია ერთიან, ზესახელმწიფოებრივ კონტროლს დაქვემდებარებოდა.

ხელშეკრულების მიზანი ევროპის მრეწველობის აღორძინება იყო, მაგრამ უზრუნველყოფდა იმასაც, რომ რომელიმე ქვეყანას არ გაეძლიერებინა შეიარაღება. ევროპის "ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შესახებ" ხელშეკრულების წარმატებამ ევროპის სახელმწიფოებს საშუალება მისცა, 1957 წელს დაედოთ ახალი ხელშეკრულება "ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების შესახებ", იგივე "ევრატომი".

მასში უკვე ბევრად მეტი ქვეყანა გაერთიანდა. 1970 წელს ევროპის ეკონომიკურმა გაერთიანებამ შეიმუშავა საერთო დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკის საკითხებისადმი, რაც ევროპის პოლიტიკური თანამშრომლობის სახელით არის ცნობილი.

1992 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულების დადებით ევროპის პოლიტიკური თანამშრომლობა უფრო თანამიმდევრული და მრავლისმომცველი გახდა. ეკონომიკური და ფულადი ერთიანობის სტრუქტურის შემუშავებამ და 1999 წელს ერთიანი ევროპული ფულადი ერთეულის, ევროს, შემოღებამ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაცია კიდევ უფრო წინ წასწია.