"ის ადამიანი არასოდეს მომენატრება, რადგან დავშორდი და ყველაფერი დავასრულე. ზოგს "მოტრიალება" და შერიგება სჩვევია" - კვირის პალიტრა

"ის ადამიანი არასოდეს მომენატრება, რადგან დავშორდი და ყველაფერი დავასრულე. ზოგს "მოტრიალება" და შერიგება სჩვევია"

ქეთი ხუციშვილს იურისტის განათლება აქვს მიღებული, თუმცა საზოგადოებამ სერიალის მსახიობის ამპლუაში გაიცნო. ამჟამად, "კომედი შოუს" მსახიობი გახლავთ. მისი ჰობი ვარჯიში, სიმღერა და ცეკვაა. არ არის კონფლიქტური და ყოველთვის ცდილობს, მის გარშემო სიმშვიდე იყოს...

- ქეთი, ახალი წლის დღესასწაულების პერიოდში, წონაში რამდენი კილოგრამი მოიმატე?

- არც ერთი, რადგან საჭმელი თითქმის არ მიჭამია. არც სასმელი დამილევია. 31 დეკემბრის ღამეს შინ მარტო ვიყავი. არ მინდოდა, 12 საათის შესრულებას საწოლში შევხვედროდი - ფანჯრიდან გავიხედ-გამოვიხედე. მერე დედასთან (შინ ისიც მარტო იყო) ჩავედი და მივულოცე - ჩემს მეზობლად ცხოვრობს. სახლში პირველის 10 წუთზე ამოვედი, დავწექი და დავიძინე. სუფრა და ქეიფი არ მიყვარს, ღამის გათენებაზე ლაპარაკიც ზედმეტია... საერთოდ, დღეში ერთხელ თუ შევჭამ მაგალითად, პიურეს ან სპაგეტის.

- ეს კვების ჯანსაღი რეჟიმია?! - შეიძლება, ჯანსაღი არ იყოს, მაგრამ ცოტათი რომ მშია, თავს კარგად მაშინ ვგრძნობ. ასე ვთქვათ, სავსე კუჭით მოძრაობა არ მიყვარს. წლებია, ამას მიჩვეული ვარ. ჩემთვის მაძღრად ყოფნა დისკომფორტია.

- შენი უარყოფითი თვისება რა არის?

- ცვალებადი ხასიათი, რომელიც ძალიან მიშლის ხელს. ხომ შეიძლება, დღის განმავლობაში ერთი განწყობა შევინარჩუნო? ხასიათი ათ მილიონჯერ მეცვლება! არ ვიცი, წლებს, ზოდიაქოს ნიშანს თუ რას დავაბრალო (იცინის)?.. შეიძლება, ძალიან მაგარ ხასიათზე ვიყო, მაგრამ სამ წუთში საშინელი განწყობა დამეუფლოს. განა იმიტომ, რომ ვინმემ ნერვები მომიშალა? უმიზეზოდ.

- ფიქრებს ძალიან უღრმავდები? - კი. გარკვეულწილად, "სიღრმეებში შესვლა" მჩვევია, რამაც ცუდი რაღაცები მომიტანა: დეპრესიაში იმ დონეზე ჩამაგდო, რომ მედიკამენტებით ვმკურნალობდი. ამიტომ "სიღრმეებში შესვლას" აღარ დავუშვებ - მგონი, ეს ვისწავლე. იუმორი მშველის.

- შენი ცხოვრების რა პერიოდი იყო, როცა მედიკამენტებით დეპრესიის მკურნალობა დაგჭირდა? - ეს 2 წლის წინ იყო. არადა, აქტიური ცხოვრება მქონდა... უმიზეზოდ მაინც არაფერი ხდება - ეტყობა, რაღაცებს "ღრმად შევყევი" და "გამიტაცა"... ასეთი პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ რაც იყო, ძალიან ცუდი გახლდათ.

- უსამართლობის მსხვერპლად ბოლოს როდის იგრძენი თავი? - არასოდეს მიგრძნია. როდესაც რაღაცაში არ მიმართლებს, სხვას არ ვაწმენდ ხელებს. მიზეზებს საკუთარ თავში ვეძებ - ასე რომ ყოფილიყო, ასე იქნებოდა-მეთქი... ამ თემასთან დაკავშირებით, სერიოზულს ვერაფერს ვიხსენებ.

- შენ მიერ განსახიერებული იუმორისტული როლებიდან განსაკუთრებულად რომელი მოგწონს?

- მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლს კარგად ვირგებ (იცინის). მითხრეს კიდეც, - ქეთი, არ გეწყინოს, მაგრამ რაღაც ასეთ როლს კარგად ირგებო. პორნომსახიობის როლის გამო, მეც ბევრი ვიცინე. რამე ვულგარული სცენა კი არ ყოფილა, დიალოგი, ქმედებები სასაცილო იყო.

- ლუნა გენატრება?

- არა, აღარ... იცი, რა კარგი თვისება მაქვს? მაგალითად, მამაკაცსაც რომ დავშორდე, ის ადამიანი არასოდეს მომენატრება, რადგან მას დავშორდი და ყველაფერი დავასრულე. ზოგს "მოტრიალება" და შერიგება სჩვევია, რაც ჩემს შემთხვევაში, გამორიცხულია. გატირება არ მიყვარს. როცა მთავრდება, აღარც მახსენდება... წარმოიდგინე, ლუნას როლმა უცებ რამხელა პოპულარობა მომიტანა! ეს პერსონაჟი ძალიან მიყვარს. ალბათ, მთელი ცხოვრება იმ ადამიანების მადლიერი ვიქნები, ვინც აღმომაჩინა, მაგრამ გამოტირება არ მჩვევია: დავამთავრე, დასრულდა... იცი, ამ ყველაფერში რა მომწონს? სერიალიდან ისეთ დროს წამოვედი, რომ ბევრ ხალხს ვენატრები. ქუჩაში ან სადაც შევდივარ, ყველგან მეკითხებიან, - სერიალში არ დაბრუნდები? თავი მოგვანატრეო. ეს უფრო მომწონს, ვიდრე სერიალის მაყურებლებისთვის თავის მობეზრება. ჩემს პერსონაჟზე ვერასოდეს იტყვიან - თავი მოგვაბეზრაო. მაყურებლებს ყოველთვის მოვენატრები და ეს მიხარია (იცინის). კარგ დროს წამოვედი. გაგრძელება