"რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება" - კვირის პალიტრა

"რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება"

"ამ წიგნს ბადალი არ აქვს იმიტომ, რომ ავტობიოგრაფიული რომანიცაა, დოკუმენტური პროზაც და დიალოგიც მკითხველთან"

"მკითხველიც შემოქმედია მისი ნაწარმოების, თითქოს ერთად მიდიან ღვთისკენ სავალ უმძიმეს გზაზე"

დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო. ასე რომ არა, დაიქცეოდა... ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო, ვეღარ შეძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა... - "სამოსელი პირველი".

ლიტერატურისა და გურამ დოჩანაშვილის სიყვარულმა შეკრიბა რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა თაობის ადამიანები "თი-ბი-სი გალერეაში", პირველად წაკითხვის ბედნიერებასთან მიახლოების სურვილმა მიიყვანა უამრავი ახალგაზრდა ორი საუკუნის გზაგასაყარის უსაყვარლესი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის ახალი და მისი შემოქმედებისთვის უჩვეულო წიგნის - ავტობიოგრაფიული რომანის "რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება"  პრეზენტაციაზე.

წინასაახალწლოდ ბატონმა გურამმა სამწლიანი შრომის შედეგის მხოლოდ პირველი ნაწილი შემოგვთავაზა, მაგრამ ვფიქრობთ, არც რომანის მეორე ნაწილის გამოსვლა დაახანებს...

იმ დღეს წიგნის პრეზენტაციაზე "თი-ბი-სი ბანკის" პრეზიდენტი, ბატონი მამუკა ხაზარაძე და კიდევ ბევრი ადამიანი მოესიყვარულა ბატონ გურამს.

ახალ რომანზე ბატონმა კახა ჯამბურიამ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა ილაპარაკა - ჩანს, გაუმართლა და პირველად წამკითხველთა შორის აღმოჩნდა:

- ასეთი წიგნი ბატონ გურამს ჯერ არ დაუწერია. ჩემი აზრით, მას ბადალი არ აქვს იმიტომ, რომ ავტობიოგრაფიული რომანიცაა, დოკუმენტური პროზაც და დიალოგიც მკითხველთან. მუდმივად ითხოვს მკითხველის თანამონაწილეობას და მკითხველიც შემოქმედია მისი ნაწარმოების, თითქოს ერთად მიდიან ღვთისკენ სავალ უმძიმეს გზაზე.

ამ წიგნში თქვენ თვალწინ გაცოცხლდება ტოტალიტარული რეჟიმის უმძიმესი ეპოქა, 9 ახალგაზრდის შესანიშნავი ძმობა, მეგობრობა; სულ სხვანაირად დაინახავთ მერაბ კოსტავას, ჯონდო მეტრეველს, ზვიად გამსახურდიასა და კიდევ ბევრს - ძალიან კარგ, ნათელ პიროვნებებს, ვინც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს; უნდა ვიცოდეთ მათ თავს გადახდენილი ამბები.

ყველაფერი მოყოლილია დიდი სიყვარულითა და სითბოთი. ეს არის საოცრად კეთილი წიგნი, ძალიან დიდი ბედნიერების მომნიჭებელი და მგონია, პირველი გვერდების წაკითხვის მერე ვერ მოწყდებით, მიუხედავად იმისა, რომ ახლავე გეტყვით, არც ისე იოლი წასაკითხია, იმიტომ, რომ ლიტერატურა არ არის გასართობი, სალაღობო რამ.

ეს არის ძალიან რთული სულიერი გამოცდა და ავტორი ითხოვს მკითხველისგან დიდ მონდომებას, სულიერ დაძაბულობას და იმას, რასაც უმძიმეს გზაზე ერთად სიარული ჰქვია.

ირმა ხარშილაძე