"მომწამვლელი ჰაერით სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა" - კვირის პალიტრა

"მომწამვლელი ჰაერით სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა"

"საქართველოში 100 000 ადამიანიდან 140-ის სიკვდილი ჰაერის დაბინძურებით არის გამოწვეული"

საერთაშორისო ორგანიზაცია (გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ) ჩვენთვის საგანგაშო დასკვნას აქვეყნებს: "ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა!". 2019 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული მონაცემებით, გარემო ფაქტორებიდან ჯანმრთელობას ყველაზე დიდ საფრთხეს ჰაერის დაბინძურება უქმნის. ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში დაბინძურებას ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ადამიანი ეწირება.

ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" ხელმძღვანელის, მანანა ქოჩლაძის თქმით, GAHP-ი 2012 წელს მსოფლიო ბანკის, ევროკომისიისა და გაეროს ეგიდით დაარსდა და მისი მიზანი მსოფლიოს საზოგადოებისთვის ეკოლოგიური დაბინძურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. ეს ანგარიში კი უმეტესად მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციისა (ჭHO) და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და გაზომვის ინსტიტუტის (IHME) მონაცემებს ეყრდნობა.

- ანგარიშში ჰაერის "ტრადიციული" და "თანამედროვე" დაბინძურება გამიჯნულია. "ტრადიციული დაბინძურება" გულისხმობს ჰაერის დაბინძურებას დახურულ სივრცეებში, მაგალითად, ქარხნებში, ოფისებსა და სახლებში. საგანგაშოა ის, რომ სოფელშიც კი არ არის ჯანსაღი ჰაერი, მასში 70% შეშის ნამწვია. ნედლი შეშა ბოლომდე არ იწვის, ნარჩენი კი ჰაერში იფანტება. სხვა მიზეზებს შორის დასახელებულია ცუდი ვენტილაცია და მძიმე სანიტარიული მდგომარეობა. "თანამედროვე დაბინძურება" გულისხმობს ინდუსტრიულ წარმოებას, მხუთავი აირების ემისიებს, ავტომანქანების გამონაბოლქვს, ნიადაგის დაბინძურებასა და სხვა ურბანულ ჩარევებს.

- კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა. რას ნიშნავს ეს? - იმას, რომ საქართველოში 100 000 ადამიანიდან 140-ის სიკვდილი ჰაერის დაბინძურებით არის გამოწვეული. სიაში საქართველოს შემდეგ მოდიან ჩვენზე განვითარებული ქვეყნები - ბულგარეთი და უკრაინა, რაც იმით არის განპირობებული, რომ იქ ქვანახშირის წარმოებაა განვითარებული. ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება ტექნოლოგიებითა და პოლიტიკური ცვლილებებით, რაზეც ანგარიშშიც არის ნათქვამი, ოღონდ უნდა განხორციელდეს ეფექტური ქმედებები და არა - მოჩვენებითი, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის ტექდათვალიერება.

- ამას შეღავათი არ მოუტანია? - არავითარი. კატალიზატორების დაყენებაზე ხმას არ იღებენ, შესაბამისად, გამონაბოლქვი არ შემცირებულა. ასეთივე ფარსია რუსთავის ავტომატური სადგურები, რომლებიც ჰაერის დაბინძურების ხარისხს ზომავს. გასული წლის 70 დღის განმავლობაში რუსთავში ჰაერი ცუდი ან ძალიან ცუდი იყო. აუცილებელია, რუსთავისთვის ჰაერის დაბინძურების მართვის ლოკალური გეგმა არსებობდეს, რათა რეალური შეფასება შეგვეძლოს. ასევე უნდა მოვიქცეთ ყველა პრობლემატურ ადგილზე და გამოსავალზე ვიფიქროთ, თორემ მხოლოდ ანგარიშების წერას და თავში ხელის შემორტყმას აზრი არა აქვს.

სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთი საგანგაშო შედეგი გვაქვს. საქართველო სამმა სხვადასხვა საერთაშორისო ავტორიტეტულმა წყარომ დაასახელა ქვეყნად, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველთაგანია. 2016 წელს საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ (IEA) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების შედეგად 100 000 მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა აღინიშნება 2012 წლის მონაცემებით. ამ მაჩვენებლებით საქართველო უსწრებს ჩინეთსაც, რომელიც აბსოლუტური მაჩვენებლით (და არა - 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით) მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ ქვეყანაში დაბინძურებული ჰაერით ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ჩაერია, ანგარიში შეასწორებინა და მაჩვენებლები დააწევინა.

- რატომ, ამით პრობლემა დაიმალებოდა? - დაიწყეს მტკიცება, რომ ფორმულა, რომლის მიხედვით თითქოს ჰაერის დაბინძურების შედეგად დაავადებები ჩნდება, არ არსებობს, თუმცა დროთა განმავლობაში ასეთი ორგანიზაციების აქტიურობით ეს ფაქტი აღიარეს... პარლამენტმა თვითონ დაიწყო მოკვლევა ჰაერის დაბინძურების ხარისხის შესახებ. თუმცა რა ღონისძიებები გატარდა, არ ჩანს, არადა, ერთი დღის დაკარგვაც არ შეიძლება - დაბინძურებული ჰაერი ადამიანის ჯანმრთელობაზე გამანადგურებელ გავლენას ახდენს, არაერთი მწვავე თუ ქრონიკული დაავადების გამოწვევა შეუძლია, ყველაზე ხშირი კი გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებებია, მაგალითად, ინფარქტი, ინსულტი, ასთმა... დაბინძურებული ჰაერი განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ახალშობილებზე და მათ განვითარებას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. მძიმედ აისახება სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზეც, რადგან დაავადებათა მკურნალობა ხშირად ხანგრძლივ და ძვირად ღირებულ პროცედურებს მოითხოვს, რაც მათთვის ხელმისაწვდომი არ არის. მოსახლეობის შეძლებული ნაწილი ასე თუ ისე ახერხებს დაბინძურებული სივრცეებისგან თავის დაღწევას. ასეთი პროექტებით ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყო დაინტერესებული, რადგან რაც უფრო დამძიმდება სიტუაცია (კვლევებით ჩანს, რომ სურათი წლიდან წლამდე მძიმდება), მეტი ადამიანი გახდება იძულებული, ჯანდაცვის სერვისს მიმართოს, ეს კი მძიმედ აწვება ბიუჯეტს.

- ერთ-ერთი მძიმე პრობლემაა სამედიცინო ნარჩენები. ხდება თუ არა მისი სეპარაცია და მონიტორინგი? - ვიცი, არსებობს სამედიცინო წარმოების სეპარაცია და ეს მიმართულება კონტროლდება, მაგრამ კონკრეტულად ვინ ახორციელებს მის მონიტორინგს და არსებობს თუ არა ასეთი უწყება, არ ვიცი. მინახავს ჩვენი კოორდინატორების გადაღებული კადრები, როგორ ხდება სამედიცინო ნარჩენების სეპარაცია. ერთ-ერთი ინჟინერატორი განთავსებულია რუსთავში, თუმცა ვერ იცავს უსაფრთხოებას, რადგან მის გარშემო თავისუფლად მოძრაობენ ადამიანები, მწყემსები, აქვთ ძროხების, ღორებისა და ცხვრების ფერმები, რომლებიც იქვე ბალახობენ.

ნაგავსაყრელებიდან წამოსული ემისიები, უკვე წლებია, პრობლემაა...

გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ამაზე მუნიციპალიტეტებმაც უნდა იმუშაონ, ამისთვის კი სახელმწიფოს ბიუჯეტში მეტი თანხა უნდა გამოიყოს. ბიუჯეტში კი მხოლოდ სამინისტროს შიდა ხარჯებია გამოყოფილი, გარემოსდაცვითი პროექტებისთვის კი არაფერი კეთდება. ასეთი უმოქმედობის პირობებში კვლევას რა აზრი აქვს...

- უმოქმედობის მიზეზი პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ?

- საქართველოში ძალიან ეშინიათ საწარმოების დახურვის, არადა,

ბევრი საწარმო ვერ აკმაყოფილებს ნორმებს და უნდა გაჩერდეს! მაგრამ სახელმწიფო ამბობს, რომ მისთვის ეკონომიკა პრიორიტეტია. პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა იყოს!

სახელმწიფოს შეუძლია საწარმოს მეპატრონეს შეუთანხმდეს, გადასახადს ნუ გადაიხდი, იმ თანხით გარემოსდაცვითი აღჭურვილობა შეიძინეო, მაგრამ არც ამას აკეთებს. მანქანის კატალიზატორებზეც ამბობენ, მათი დაყენება ძვირი ჯდება და მოთხოვნის შემთხვევაში მოსახლეობა გაბრაზდებაო, ანუ არჩევნებში ხმებს ვეღარ მიიღებენ, ასე რომ, პოლიტიკამდე მივდივართ...

- თბილისისა და რუსთავის გარდა კიდევ სად არის მძიმე მდგომარეობა? - ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში. წლებია საფრთხეებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ... გარემოს დაცვის სამინისტრომ უჩივლა კიდეც ამ საწარმოებს, თუმცა მათ ურჩევნიათ, ჯარიმა გადაიხადონ, ვიდრე ტექნოლოგია შეცვალონ.

ტყიბულში საერთოდ არ იზომება ჰაერის ხარისხი, მხოლოდ ინდიკატორული გაზომვები ჩატარდა - ავტომობილებისგან წარმოქმნილი ჰაერის დაბინძურება გაიზომა, რაც დაცინვაა, რადგან ამ ქალაქში ეს პრობლემა არ არსებობს. განა რამდენი ავტომანქანა დადის? იქაურობა თითქმის დაცლილია. პერმანენტული მონიტორინგი კი, რაც მტვრის ნაწილაკების გაზომვას გულისხმობს და აუცილებელია, რადგან ხშირად ქვანახშირი გარეთ არის დასაწყობებული და მტვერი თვალითაც კი ჩანს, არ ხდება. მძიმე ვითარებაა ბათუმსა და ქუთაისში. იქ ჰაერის დაბინძურება ზღვრულ ნორმას 2-3-ჯერ აღემატება. ამ შემთხვევაშიც მიზეზი მშენებლობები და საწარმოებია.

თუმცა ჰაერის დასაბინძურებლად არ არის აუცილებელი, მეტალურგიული ქარხნები გუგუნებდეს. აკუმულატორებს რომ იბარებენ ან ტენიან, ისინიც კი პრობლემას ქმნიან.

მძიმე მდგომარეობაა საწყობებთან დაკავშირებითაც. ორხევში უამრავი საწარმოა და მათ, ფაქტობრივად, არავინ ამოწმებს. ამას ემატება უამრავი მანქანა, იმაზე მეტი, ვიდრე ნორმალურ ქვეყანას სჭირდება... ასე რომ, ჩვენი ქვეყანა არც ისეთი Eმწვანეა, როგორიც მოსახლეობის ნაწილს ჰგონია.