"ერთი წელია, რაც მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ. ეს არავის დაუძალებია" - რას ჰყვება ირანელი ახალგაზრდა? - კვირის პალიტრა

"ერთი წელია, რაც მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ. ეს არავის დაუძალებია" - რას ჰყვება ირანელი ახალგაზრდა?

"დავრწმუნდი, რომ საქართველოში უსაფრთხოდ ვიქნებოდით. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის აღმოჩნდა, რომ ამდენი განსხვავებული კულტურის ადამიანი ერთად უპრობლემოდ ცხოვრობს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას კანონი იცავს. აქაური მედია ირანულზე გაცილებით უკეთესად მუშაობს. როცა რამეს აპროტესტებენ, მედიასაშუალებები აშუქებენ, ირანში კი ინფორმაცია იფილტრება"

28 წლის ირანელი ფაზელ ხალეღიქარსალარი უკვე სამი წელია, რაც ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. ინჟინერიაში ბაკალავრის ხარისხი აქვს. ყოველთვის აინტერესებდა ხელოვნება, ფოტოგრაფია, ფილმოგრაფია და ჟურნალისტიკა. 8 წელია, რაც ფოტოებს იღებს, თუმცა საქართველოში ჩამოსვლამდე ფოტოგრაფიის სრულყოფილად შესწავლის შესაძლებლობა არ ჰქონია. ირანში ერთ-ერთი გაზეთის რეპორტიორი იყო, ორი წელი ტელევიზიაშიც იმუშავა. გარდა ამისა, დიდხანს სპორტული ფოტოგრაფიც გახლდათ.

- მეუღლესა და 4 წლის შვილთან ერთად თბილისში, ვარკეთილში ვცხოვრობ. მე და ჩემი ცოლი ჟურნალისტიკის კურსებზე ერთად დავდიოდით. თავიდანვე შევამჩნიე, ძალიან ჭკვიანი და დამოუკიდებელი იყო. ერთმანეთი შეგვიყვარდა. მერე ოჯახები გავიცანით და დაქორწინება გადავწყვიტეთ. 7 წლის შემდეგ ასეთი ვითარებაა: უსაყვარლესი შვილი გვყავს, უსაზღვრო სიყვარული და უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს!

- თქვენი მეუღლე საჰარი რას საქმიანობს? - საჰარი ხელოვანია, მხატვარი, მაგრამ აქ სამსახური ჯერ ვერ იშოვა, ამიტომ მთელ დროს სახლის საქმეებსა და ჩვენს შვილს უთმობს. მზარეულობა ეხერხება.

- რატომ გადაწყვიტეთ ირანის დატოვება?

- იქ 82 მილიონი კაცი ცხოვრობს. ქვეყნის მთლიანი სიმდიდრე რომ გავანაწილოთ, ყველა ადამიანი მიიღებს სახლს, მანქანას, ყოველთვიურ კარგ შემოსავალს, მაგრამ კორუფცია ბუდობს. ხელისუფლების წევრები ირანელი ხალხის ფულს იპარავენ და მათი შვილები მდიდრულად ცხოვრობენ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. რელიგია პოლიტიკას ერწყმის. ბევრი ირანელი სარწმუნოებრივი დევნის, ბულინგის მსხვერპლია. ჩემი ქვეყნის დატოვება დიდწილად თავისუფლების, არჩევნის, სიტყვისა და გამოხატვის უფლების უქონლობამ გადამაწყვეტინა. ამის გამო მომავლის იმედი დავკარგე. სამშობლოს დატოვება ძნელია და ძალიან გამიჭირდა, მაგრამ პასუხისმგებელი ვიყავი ჩემი შვილის მომავალზე.

დედაჩემი, მამაჩემი და და-ძმა ირანში ცხოვრობენ და ძალიან რელიგიურები არიან. არც ჩემებს და არც საჰარის ოჯახს არ მოეწონა ჩვენი გადაწყვეტილება. ვცდილობდით მათთვის ინფორმაცია სწორად მიგვეწოდებინა, თუმცა უშედეგოდ, რადგან ირანული მედია ნეგატიურად წარმოაჩენს არაისლამურ ქვეყნებს.

- რატომ აირჩიეთ საქართველო?

- წამოსვლამდე ინტერნეტში ინფორმაცია მოვიძიე საქართველოს შესახებ. დავრწმუნდი, რომ აქ უსაფრთხოდ ვიქნებოდით. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის აღმოჩნდა, რომ ამდენი განსხვავებული კულტურის ადამიანი ერთად უპრობლემოდ ცხოვრობს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას კანონი იცავს. აქაური მედია ირანულზე გაცილებით უკეთესად მუშაობს. როცა რამეს აპროტესტებენ, მედიასაშუალებები აშუქებენ, ირანში კი ინფორმაცია იფილტრება. ქართველები კულტურული ერია. მაგალითად, მეტროსა და ავტობუსებში როგორც კი ბავშვსა და ქალს დაინახავენ, მაშინვე ადგილს უთმობენ.

- როგორც ვიცი, შარშან გაქრისტიანდით.

- ერთი წელია, რაც მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ. ჩემი ნათლობის სახელი მირიანია. გადაწყვეტილება ჩემით მივიღე და ეს არავის დაუძალებია. როცა ქართული ტაძრების გადასაღებად მივდივარ, ისეთ დადებით ენერგიას ვიღებ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. დღითი დღე უფრო იზრდება ჩემი ინტერესი ქრისტიანობის მიმართ.

აქაურ მულტისერვისულ ცენტრში ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც სხვადასხვა კულტურასა და რელიგიას წარმოადგენენ. იქ ფოტოგრაფის სერტიფიკატი ავიღე და ქართული ენის დაწყებითი კურსებიც გავიარე. მე და ჩემს მეგობარ მარიამ შარიფს საშუალება მოგვცეს ჩვენი ფოტოები თბილისში, გამოფენაზე გაგვეტანა.

საქართველოს ყველა ქალაქი მიყვარს, აქ საოცარი ბუნებაა. გამოვარჩევდი ძველ თბილისს, განსაკუთრებით მეტეხს. ძალიან მომეწონა მცხეთა, კახეთში ლოპოტა, ბათუმი, გორი, სიღნაღი, უფლისციხე...

- როგორც ვიცი, ბოლო დროს ქორწილების გადაღებაც დაიწყე. - დიახ, ეს ჩემი შემოსავლის წყაროა. სურათებს ვუღებ იმ ირანელ პატარძლებს, რომლებიც დასაქორწინებელ ადგილად თბილისს ირჩევენ. ჩემი მიზანია კარიერულად გავიზარდო. მინდა მომავალშიც თბილისში ვიცხოვროთ და იმდენად კარგად ვისწავლო ქართული ენა, რომ საახალწლო ღონისძიების წამყვანი ვიყო და ტელევიზიაშიც მოვახერხო მუშაობა.

- რა ხდება დღეს ირანში? - ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ, როგორც ყოველთვის, ისლამური რესპუბლიკა საზოგადოებრივ განწყობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. დიდი ხნის განმავლობაში ირანულ მედიას ყასემ სოლეიმანი გმირად გამოჰყავდა. ისე წარმოაჩენდნენ სიტუაციას, თითქოს რომ არა მისი ბრძოლა გაეროს მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ აი-სი-სთან, ისინი ირანში ჩამოვიდოდნენ და ხალხს დახოცავდნენ. ხელისუფლება მედიით გასაშუქებელ სიახლეებს ფილტრავს. სოლეიმანის ორმოცი სწორედ ირანის დამოუკიდებლობის დღეს, 5 თებერვალს ემთხვევა, რაც სულაც არ არის შემთხვევითი. ეს დაგეგმილი იყო. ამ წელს ირანს უნდა მსოფლიოს აჩვენოს, თუ როგორ უყვართ ირანელებს ისლამური რესპუბლიკა.

ირანელებისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ისეთივე მნიშვნელოვანი აღარ არის, როგორიც წლების წინ იყო. თვალსაჩინოა ქვეყნის რეგრესი, ირანი "იხრჩობა", მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, ვითარებას ისიც ამწვავებს, რომ მთავრობა გლობალური სანქციებითა და პოლიციის მიერ მოქალაქეთა დახოცვით საზოგადოებას შიშში ამყოფებს.

ნათია სიბაშვილი