ჩინეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა - კვირის პალიტრა

ჩინეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა

ჩინეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განუცხადა, ავიარეისი ჩინეთის მხარის ინიციატივით გაუქმდა, მიზეზი კი ქართული მხარისთვის უცნობია.

"ჩვენ დღეს ავიარეისს ველოდებოდით ჩინეთიდან, მაგრამ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დღეს დაგეგმილი რეისი გაუქმდა. აღნიშნული ჩინეთის მხარის გადაწყვეტილებით მოხდა. სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება, არ აქვს მნიშნელობა ტრანზიტულად ჩამოსული მგზავრი იქნება თუ პირდაპირი რეისით. დღეიდან კი უკვე თერმოსკრინინგი დაინერგება, რაც ტემპერატურის დისტანციური თერმომეტრით გაზომვას გულისხმობს. თუ 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდება მგზავრს, ჩაითვლება, რომ ეს არის კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევა და სამედიცინო პერსონალი, რომელიც მას აეროპორტშივე დახვდება, მის მდგომარეობას უფრო დეტალურად შეაფასებს. ჩინეთიდან საქართველოს გავლით მიმავალ მგზავრებს კი ამ ეტაპზე სკრინინგი არ უტარდებათ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჩინეთიდან თბილისის მიმართულებით პირველ თებერვლამდე დაგეგმილი ყველა რეისი გაუქმებულია.

"ჩინეთი ვიცით, რომ ზღუდავს გასვლას, განსაკუთრებით იმ ქალაქიდან, უჰანიდან, სადაც კონცენტრირებულია ეპიდაფეთქება. ამავე დროს მათ მინიმუმამდე დაჰყავთ, როგორც ჩინეთიდან გასული, ასევე ჩინეთში შესული მგზავრების რაოდენობა. ეს რეგულაციები მოქმედებს. ვიცი, რომ დღევანდელი რეისი გაუქმდა და პირდაპირი რეისები, რომელიც ჩინეთიდან, პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით იყო დაგეგმილი, ეს რეისებიც გაუქმებულია. შემდგომ რა იქნება, ამაზე ჯერ ვერ გეტყვით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე: "საქართველოში უამრავი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება... მგლის შიშით, ფარას ვინ წყვეტს" - რას წერს პეკინში მყოფი ქართველი კორონავირუსზე