"ის არის ჩვენი იმედი და ჩვენი სინდისი" - კვირის პალიტრა

"ის არის ჩვენი იმედი და ჩვენი სინდისი"

ნამდვილი ცისფერსისხლიანი თავადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა დროშიც მოუხდა ცხოვრება და ბევრი რამ უნდა დაეთმო, თავადობა მაინც მისი თანმდევი დარჩა, რადგან ეს მართლაც ჯიშია და არა უბრალოდ წოდება, კულტურაა და არა ხელსაყრელი მდგომარეობა... როცა შალვა დადიანის თავადობაზე გელაპარაკებით, მისი არისტოკრატული გვარისა და წარმომავლობის იქით შინაგან არისტოკრატიზმსაც ვგულისხმობ.

16-17 წლისა იყო შალვა დადიანი, როცა მათ ოჯახში რუსი მოხელე იანოვსკი გაჩერდა. განათლების დარგს კურირებდა საქართველოში. ყმაწვილი შალვა რომ გაიცნო, მამამისს ჰკითხა: - ბატონო ნიკო, რად არის შინ თქვენი ვაჟი, არსად სწავლობსო? უარი მიიღო, - არსადო...

- მაშ, შინ ამზადებთ?

- არც შინ დადიან მასწავლებლებიო...

მაშინ რუსი მოხელე დაცინვის გუნებაზე დამდგარა: - მერე, რა გნებავთ, რომ მისგან გამოვიდესო?

- უწინარეს ყოვლისა, ადამიანიო, - უბრძანებია დიდ ნიკოს.

ნიკო დადიანის ოჯახი იყო ის ქვაკუთხედი, რომელზეც მარტო მათი წევრები კი არა, საქართველოც იდგა... ილიამ ტყუილად კი არ თქვა მათთან სტუმრობის შემდეგ: სამეგრელოში ვარ და საქართველოს ვხედავო.

ამ საქართველოს ხედავდა შალვა დადიანიც და ასე წერდა "გიორგი რუსს", "გვირგვილიანების ოჯახს", "გუშინდელს", "თეთნულდს"...

შალვა დადიანს ჰქონდა დიდი შინაგანი კულტურა. ამიტომაც თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ მასზე: "ეს ადამიანი რომ არ იყოს ქვეყანაზე, მე შემზარავდა ცხოვრება. შალვა არის ჩვენი იმედი და ჩვენი სინდისი. მე მიკვირს, პირდაპირ მიკვირს, საიდან აქვს ამდენი ულეველი ცოდნა. ის ხომ ცოდნის ნამდვილი სიძველეთა მუზეუმია."

მომავალ კვირაში, ქართული პროზის საგანძურის სერიით, ჟურნალ "გზასთან" ერთად მიიღებთ შალვა დადიანის "უბედურ რუსს".

ფრაგმენტიც "უბედური რუსიდან" ბევრ რამეს გეტყვით, პარალელის გავლებაც კი შეგიძლიათ კონკრეტული ამბიდან ზოგად დამოკიდებულებამდე: "საქართველოში ზეიმია და გამოჩინება. კახელ მახატელის ძეებმა ახლად ჯვარ-დაწერილს დავით სოსლანს ამბავი მიუტანეს კამბეჩოვანში რუს-გიორგიზე გამარჯვებისა.

იურიმ კი, არ იცის, რამდენი ხანია აქა ძევს, ამ ლიყიან აყალო მიწაზე. უკვე გრძნობს, რომ ეს აყალო მიწა ისე ეხვევა და თავისკენ იზიდავს, თითქო კარგი მეგობარიაო. ხელი უნდა როგორმე მოიმარჯვოს, ფეხი უნდა როგორმე მოიკიდოს, მაგრამ, ეს რაა? ფეხები არ მუშაობს.

...ძალიან ბნელოდა, მაგრამ მაინც გაარჩია, რომ ის მთლად უფსკრულის ძირას არ იყო მოქცეული. ხრამი მის ქვეშ იყო და თვით კი, ერთ რაღაც ხის ფესვებს გამოსდებოდა... თვალი გააყოლა და შეამჩნია, რომ აყალო მიწას ეს ფესვები ზევით არშიასავით ღვლარჭნილად მიუყვებოდა. მაღლა აიხედა. თავზე ამ რაღაც უცნაური ხის თუ ხეების ფოთოლთ ხშირი გუმბათი გადმორკალულიყო და...  ადგილმდებარეობა ცოტაოდნად გაიცნო. ეხლა თავისი ღონე უნდა ესინჯა. ცხენი ხომ ხრამშია, მის ქვევით... მარტო თავისი იმედი-ღა უნდა ჰქონდეს.

გრძნობს, რომ ფეხებს სულ ვერა სძრავს, თუმცა თითქო არცა სტკივა, ან შეიძლება იმიტომ, რომ აყალო მიწა იკრავს გულში ესე მასპინძლურად. თითქო გაეღრიჭა... სადღაც გულში. თან უმატებს: - უბედურებამ იცის ღრეჭა.

რა დროს ეს არის!..

სულის მწარით მოუნდა უფსკრულიდან ამოსვლა, ბავშვურის ჟინით, გაგიჟებით. და რამდენიც რწმუნდებოდა, რომ ზევით ამოსვლა მისთვის თითქმის შეუძლებელი იყო, იმდენად მეტი ჟინი ერეოდა შესრულებისა.

მაგრამ აგერ ფესვები შეინძრა, მიწა მომზლავრდა და იურიმ მიწიან-ფესვიანი ძირს ზღართანი მოიღო.

ისევ მოძებნა სხვა ფესვი, ხელი ძლივს მიაწვდინა. შემდეგ კვლავ საარაკო ძალის მოკრეფა, ნებისყოფის უცნაური მოზიდვა და იური უკვე თითქო სამშვიდობოს არის. ასვლამდე ერთხელ კიდევ მოსხლტა იური.

"მაშ ორჯერ მხოლოდ"... ორჯერ რომ დავმარცხდი საქართველოში, დეე, ამას ნიშნავდეს. თითქო ტკივილებმაც უკლო. ცოტა კიდევ მეტი გაიწია მინდვრისაკენ. უფსკრულის ნაპირს ჩამოშორდა. მხოლოდ ეს არის, ფეხზე ვერ დგება კიდევ, მაგრამ ხომ ადგება ოდესმე...

უეცრად, თითქო წამოჯდაო იური, მაგრამ მყისვე განზე თავი გადააგდო და გულამოსკვნილი, ბავშვური, საცოდავი ტირილი მორთო".