"ბავშვობიდან მთა უსაზღვროდ მიყვარდა" - კვირის პალიტრა

"ბავშვობიდან მთა უსაზღვროდ მიყვარდა"

"არ შემიძლია აქაურობის დატოვება. სვანეთისა და სრიალის გარეშე ვერ ვიცხოვრებ"

"გულით მინდა, ჰაწვალზე თუნდაც პატარა ქოხი მქონდეს. ზღაპარში ვიცხოვრებდი... იქ მარტოც რომ ვიყო, არაფრის შემეშინდებოდა. ჩემი ოცნებაა, მოვუარო მთას. ჰაწვალზე როცა ვარ, ეს ჩემთვის ისეთი ადრენალინია, შიში რა მოსატანია?! მისაღებ გამოცდებს როცა ვაბარებდი, ვტიროდი, როგორ დავტოვო აქაურობა, შემოდგომას გამოვტოვებ და გაზაფხულიც უჩემოდ გაივლის-მეთქი. არ მემეტებოდა ეს ზღაპრული სილამაზე და ვერც დავთმე", - ამბობს 21 წლის სამთო მაშველი მარიამ ჯაფარიძე, რომელიც ოთხი წელია, მესტიისა და ულამაზესი სათხილამურო კურორტის - ჰაწვალის სტუმართა იმედია.

- აქამდე საქართველოში ორი ქალი მაშველი ვიყავით. მას შემდეგ, რაც ნატა ჯაფარიძემ ამ საქმეს თავი დაანება, მარტო დავრჩი. ასაკითაც ყველაზე პატარა ვარ. 18 წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე, თან სეუ-ში ბიზნესადმინისტრირებას ვსწავლობ. ამჟამად აკადემიური მაქვს აღებული - უნივერსიტეტის შეცვლას ვაპირებ, დაუსწრებელზე მინდა სწავლა. მესტიაში დავიბადე და გავიზარდე. ექვსი დედმამიშვილი ვართ. ფიზიკური მომზადება და სათხილამურო სპორტში ვარჯიში პირველი კლასიდან დავიწყე. მაშინ ჰაწვალი ჯერ არ იყო გახსნილი, კარგი ტრასები არ გვქონდა და ყანებზე ვსრიალებდით. 2010 წელს გაიხსნა და იქ მოვისურვე მუშაობა. თეთნულდს მთავაზობდნენ, მაგრამ ჰაწვალი ავირჩიე. მაშინ 17 წლის ვიყავი. მითხრეს, ჯერ სკოლა დაამთავრე, ატესტატი აიღე და მერე ჩააბარე გამოცდებიო. ასეც მოვიქეცი - გამოცდები ჩავაბარე და მაშველად ჩავირიცხე.

ჰაწვალზე დენი ხშირად ითიშება და საბაგიროდან ადამიანების ჩამოხსნა გვიწევს. წელიწადში ორჯერ გავდივართ ტრენინგებს, შემდეგ გამოცდას ვაბარებთ და წარმატების შემთხვევაში სერტიფიკატს გვაძლევენ. ბევრი ჯილდო მაქვს მიღებული, როგორც სპორტში, ისე სამაშველო სფეროში. ყოველ წელს ვიღებ საპრიზო ადგილებს "თეზოს თასის" გათამაშებაში, მაქვს ბევრი სამადლობელი სიგელიც. ჩვენმა სამსახურმა გასულ წელს დააწესა შეჯიბრება სხვადასხვა ნომინაციაში და მივიღე "ყველაზე მეგობრული თანამშრომლის" სერტიფიკატი, ეკონომიკის სამინისტროში კი "ლიდერი ქალის" ნომინაციაზე წარმადგინეს. ზაფხულში ხშირად გვიწევს მუშაობა მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელ საბაგიროზე. როცა ხედავენ, მათთან საშველად მივდივარ, უხარიათ, თუმცა მაინც უკვირთ გოგონა მაშველი. როდესაც ტრასაზე ნისლია, საბაგიროს ვთიშავთ, ხალხს დაბლა ვუშვებთ, ტრასას ვასუფთავებთ და საბაგიროს ვკეტავთ. ზოგჯერ ტურისტები ჰაწვალიდან მოკლე გზით სხვადასხვა სოფელში, თეთნულდზე, უშგულზე და სხვაგან ფეხით გადადიან. ერთხელ ჰაწვალიდან მოკლე გზით ორი უკრაინელი ბიჭი წამოვიდა და ტრასას შემოუერთდა. გამიკვირდა და გავესაუბრე. ძალიან ცუდი ამინდი იყო, თოვდა, თან ნისლი იყო, ტრასაც კარგად არ ჩანდა. ვიფიქრე, უკან გავყვები-მეთქი. ისეთი დაღმართი იყო, რომ ჩავიდნენ, ერთმანეთს შეასკდნენ. ვუყურებდი და ველოდი, როდის წამოდგებოდნენ, მაგრამ არც ერთი არ ადგა. ჩავედი და ვხედავ - ერთ-ერთი შოკშია, გამეტებით ურტყამს მეგობარს, რომელიც გაშავებული თავით ეგდო თოვლში. გადმოვაბრუნეთ და ვცადე, გონზე მომეყვანა, მერე რაციით ბურანი გამოვიძახე. ბურანით ჩვენი მენეჯერი ბექა ჯაფარიძე ამოვიდა და ტურისტი გამოვაფხიზლეთ. კარგა ხანს ვერ ხვდებოდა, რა მოხდა, გაკვირვებული გვიყურებდა... ბურანზე დავსვით და წავიყვანეთ.

ზაფხულში ებრაელი პენსიონერები საბაგიროზე შერჩნენ და ჩამოხსნის ეშინოდათ. მეთერთმეტე ბოძიდან მეექვსე ბოძამდე სულ მოხუცები ისხდნენ, თან ყველა კალათა სავსე იყო. მაშველებმა გავინაწილეთ, საბაგიროს ორ-ორი მოვყვებოდით, მოხუცებს ვუხსნიდით, რომ საშიში არ იყო, მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდოდათ, ნახევარი საათი ვარწმუნებდით, რომ არაფერი მოუვიდოდათ. მერე ერთის ქმარმა გაბედა - მე ჩავალ და მიყურეო. მამაკაცი თოკებით და კარაბინებით ჩავიყვანეთ. როცა ქალმა დაინახა, რომ მისი ქმარი უსაფრთხოდ გავიყვანეთ სამშვიდობოს, გათამამდა და გამოგვყვა. ბოლოს ყველანი კვადროციკლებით ჩავიყვანეთ მესტიამდე. იმ ებრაელმა ქალმა სულ ხელები დამიკოცნა... ტრენინგებს ალპინისტი, მეკლდეური ბიძინა გუჯაბიძე გვიტარებს. მკაცრიაო, მასზე გამიგონია, მაგრამ როცა ტრენინგები დასრულდა და მიდიოდა, მითხრა, ამაყი ვარ, შენ რომ გაგიცანი, საქართველოში არ გვყავს მაშველი გოგონები და ვისურვებდი, ბევრი შენნაირი გვყავდესო. ამ სიტყვებმა პასუხისმგებლობის გრძნობა გამიათკეცა.

ბავშვობიდან მთა უსაზღვროდ მიყვარდა. რაც თავი მახსოვს, თხილამურებზე ვიდექი და ვსრიალებდი. როცა არ ვმუშაობ, მაინც ავდივარ მთაზე. სახლში ვერ ვისვენებ, მთის გარეშე ვერ ვძლებ. ჩემი მიზანი იყო, კუთხე არ დამეტოვებინა. 18 წლის რომ ვხდებოდი და წარმოვიდგენდი, სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში უნდა წავსულიყავი, ცუდად ვხდებოდი. ტყუპი და მყავს, რომლებიც იმ დროს სტუდენტები იყვნენ და იმასაც ვფიქრობდი, როგორ უნდა გასწვდეს დედაჩემი თბილისში სამ სტუდენტ შვილს-მეთქი. ამიტომ მუშაობა დავიწყე. ახლა დედას ჩემი ხელფასით ვეხმარები, სწავლის ფულსაც მე ვიხდი, თუმცა ხელფასისთვის არ ვმუშაობ. ისე მიყვარს ჩემი საქმე, ფული მეორეხარისხოვანია. ერთი ძმა და ხუთი და ვართ. გასულ წელს სამი და გამითხოვდა, მეოთხე მონაზონია - დედა თამარი, რომელიც ჯერ მესტიაში იყო, ახლა კი ბათუმში გადავიდა.

ბავშვობიდან მხიბლავდა მაშველის საქმიანობა, როცა ვხედავდი, ადამიანებს როგორ ეხმარებოდნენ, მეც მინდოდა მათი დახმარება და სადაც მაშველები იყვნენ, მეც იქ გავრბოდი, სულ მათ სიახლოვეს ვტრიალებდი.

საკურორტო სეზონია და სვანეთში უამრავი ტურისტია. დღესდღეობით ყველაზე კარგი ტრასები და თოვლი ჰაწვალს აქვს. მართალია, წელს ჩვენთანაც ნაკლებია თოვლი, მაგრამ სხვა კურორტებთან შედარებით ყველაზე კარგი სასრიალო მაინც ჰაწვალზეა. ჩემი სურვილია, უფრო განვითარდეს. მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო გვაქვს, თუმცა მაღლა ერთი რესტორნის მეტი არაფერია. მინდა მთაზე მეტი ობიექტი, გასართობი ადგილი იყოს, რომ უფრო გახალისდეს იქაურობა.

მაშველის საქმიანობა ძალზე სარისკოა. თოკებით რომ გადადიხარ და ადამიანებს ხსნი, მარტო ხარ. უსაფრთხოდ უნდა დაეკიდო, კარაბინიც სწორად უნდა შეიკრა; მერე ხალხთან გადადიხარ და იქ თუ რამეს სწორად არ გააკეთებ, შეიძლება სხვისი სიცოცხლეც საფრთხეში ჩააგდო, არადა, შენი ვალია, ადამიანები უსაფრთხოდ ჩაიყვანო, უმნიშვნელო შეცდომის დაშვებაც უპატიებელია. მოსრიალეები როცა ერთმანეთს ეჯახებიან, მაშინვე იქ უნდა გაჩნდე, დროზე მიუსწრო. სისწრაფე და დიდი სიფრთხილე გვმართებს. ტრასაზე ვინმე ძალიან სწრაფად თუ მოდის, ქვემოთ ბადეების გადაჭიმვა გვიწევს, განათების ბოძებსა და ხეებზე კი ბალიშების დამაგრება, დაჯახების შემთხვევაში რომ არ დაშავდნენ. მესტიაში სულ ხუთი ტრასა გვაქვს. ისინი გრძელი არ არის, მაგრამ აღმართებია დიდი, რომლებიც პროფესიონალი მოთხილამურეებისათვის არის გათვალისწინებული. ბიგელების ორი ტრასა გვაქვს, სადაც მოყვარულებსაც შეუძლიათ სრიალი. ეს ყველაზე უსაფრთხო კურორტია თავისი ტრასებით, თოვლით... ზვავსაშიში არ არის. ტყეში, ხეებს შორისაც შეგიძლია ისრიალო, რაც ბევრს მოსწონს. იმიტომ არა, რომ იქ ვმუშაობ, მაგრამ არ არის პერიოდი, როცა ჰაწვალი ხიბლს კარგავს, ის ყველა სეზონზე მიმზიდველია. სხვაგან ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, არ შემიძლია აქაურობის დატოვება. სვანეთისა და სრიალის გარეშე ვერ ვიცხოვრებ.