"სათქმელს თუ ვერ აკონტროლებ, იდორბლები და იფურთხები, პოლიტიკაში რა გინდა?!" - კვირის პალიტრა

"სათქმელს თუ ვერ აკონტროლებ, იდორბლები და იფურთხები, პოლიტიკაში რა გინდა?!"

"რა ჯობია შენთან ქეიფსო, ამის ძახილმა კინაღამ დამღუპა... 160 კილოგრამს ვიწონიდი და ახლა 75 ვარ. 80 კილოგრამი დავიკელი 2 წლის განმავლობაში. მერე ისევ მივუშვი და 10 წლის თავზე 159 კილოს ვიწონიდი. ამის მერე ბარიატრიული ქირურგის დახმარება დამჭირდა..."

"ჩემი ცოლის დაქალებში" პრეზიდენტ სულიკო დარდიანიძის როლის შემსრულებელი კახა გოგიძე საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. ის თეატრალების ოჯახში გაიზარდა, მსახიობები არიან მისი შვილებიც. სერიალში კახას დედა, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილიც თამაშობს. ის ტასუნას სკოლის დირექტორს, აბეზარ გრიზელდას განასახიერებს.

- საქართველოში მსახიობობა და რეჟისორობა დაუფასებელი პროფესიებია, არავის სცალია ხელოვნებისთვის. თქვენ არ იცით, როგორ ცხოვრობენ მსახიობები... ბევრს შრომობენ, დიდი ნერვები და ფიზიკური დატვირთვა სჭირდებათ, მსახიობს სცენაზე გასვლის წინ წინასაინფარქტო მდგომარეობა აქვს - ეს კლინიკურად არის დადგენილი - მაგრამ არც ფსიქოლოგიური, არც მორალური, არც მატერიალური ანაზღაურება არა აქვთ შესაბამისი.

- რა პროფესიის უნდა ყოფილიყავით, რომ დღევანდელობას მორგებოდით?

- ვერ გეტყვით, ქვეყანაში არც საწარმოა და არც არაფერი კეთდება, ერთადერთი, რუსთავისა და ზესტაფონის ქარხნები მუშაობენ, წამლავენ ხალხს და საკითხავია, ამ ქარხნებით რა ფინანსურ სარგებელს პოულობს მოსახლეობა.

- მართალია, მხოლოდ ეკრანზე ხართ პრეზიდენტი, მაგრამ ცოტა ხნით წარმოიდგინეთ, რომ რეალურადაც ასეა, რას შეცვლიდით? - განათლების სფეროს და რადიკალურ რეფორმებს გავატარებდი. როგორი მთავრობაც უნდა მოვიდეს, სანამ ჩვენი მენტალიტეტი არ შეიცვლება, არაფერი გვეშველება. სახელმწიფოებრივად უნდა ვაზროვნებდეთ. სახლიდან რომ გადიხარ, უნდა იცოდე, რომ ქუჩაც შენი სახლია, საქართველოს სხვა ქალაქიც შენი ქალაქია, სხვა უბანიც შენი უბანია. ჩემი აზრით, ჩვენ სახელმწიფო არასოდეს გვქონია, გვქონდა ქვეყანა, სამშობლო, მამული, მაგრამ სახელმწიფო - არა. კანონებს ყოველთვის უცხო ადამიანი გვიდგენდა, ქართველი კაცი ამ კანონს დაარღვევდა და დისიდენტი იყო. მერე მოვიდა თავისუფლება, ჩვენ თვითონ ვადგენთ კანონებს და ისევ ძველი პრინციპით ვარღვევთ. კიდევ დეცენტრალიზაციას მოვახდენდი, მაგალითად, პარლამენტს ისევ ქუთაისში გადავიტანდი. ამდენი სამინისტრო, ყველაფერი თბილისშია, დანარჩენი საქართველო - ცარიელია. ქალაქგარეთ რომ გავდივარ, აბსოლუტური უდაბნო მხვდება. რაიონულ ცენტრებში ხალხის სიმწირეა, სოფლებში თითო-ოროლა კაცი თუ შეგხვდება. საქართველო უნდა ავითვისოთ, ჩვენია ეს სამშობლო. სასჯელაღსრულების საკითხებსაც მივხედავდი.

თქვენ თუ დამისახელებთ სფეროს, სადაც პრობლემა არ არის, ძალიან გამიხარდება. ყველგან რაღაც პრობლემაა - დაწყებული შეგნებით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით და სტრუქტურებით დამთავრებული, ხალხი კი ჩუმადაა.

ვთქვათ, სადღაც გაფუჭებულია გზა და ამის გამო მანქანები ფუჭდება, ერთი მძღოლი მაინც უნდა გაჩერდეს, გამოიძახოს პატრული, შეადგინონ აქტი და უჩივლოს შესაბამის სტრუქტურას, რომ გაუმართავი გზის გამო მძღოლი დაზარალდა, მანქანა დაუზიანდა. მას შეიძლება დასცინონ, მაგრამ მეორე, მესამე და მეათეც რომ ასე მოიქცევა, უკვე ზომებს მიიღებენ. ეს არის მართვა. ხალხი მართავს სახელმწიფოს.

- როგორ შეიქმნა თქვენ მიერ ნათამაშები პრეზიდენტის სახე?

- არც ერთ ყოფილ და არსებულ პრეზიდენტს არ ვბაძავ. რეჟისორი, სცენარისტი წერს სცენარს, შესრულების მანერა უკვე ჩემი საქმეა.

- როლი, რომლითაც ამაყობთ. - 150 როლი მაქვს ნათამაშები და არაერთი პრიზის მფლობელი ვარ.

ყველა როლი მიყვარს. განსაკუთრებით საამაყო და საპასუხისმგებლო "ჯინსების თაობაში" (თავისუფალ თეატრში) მღვდელი ჩიხლაძის როლია, არც ისე დიდი ხნის წინ კი"ფილმში "და ჩვენ ვიცეკვებთ" ქორეოგრაფი განვასახიერე.

- მაგ ფილმზე დიდი ამბავი ატყდა... - ციციკორე, ოხროხინე, ეგეთი პერსონაჟები გამახსენა იმ დამოკიდებულებამ, რაც ამ ფილმის გამო ქუჩაში დატრიალდა. მაგ თემის წარმომადგენლები ყოველთვის იყვნენ პლანეტაზე და საქართველოც არ არის გამონაკლისი. ეგეთი დაიბადა, ეგეთი არჩევანი აქვს, ჩარევა არ შეიძლება.

- ამაზე ხშირად ამბობენ, როგორიც უნდა, ისეთი იყოს, მაგრამ პროპაგანდას ნუ ეწევა და თავის არჩევანს თავს ნუ მომახვევსო. - ახვევს ვინმე? არავინ მისულა მათთან სახლში და მოდი, ახლა ამ ფილმს უნდა გაყურებინოო, არავის უთქვამს.

რანაირადაა პროპაგანდა, მკვლელებზე რომ იღებენ ფილმს, მაგ ლოგიკით მკვლელობის პროპაგანდა არ გამოდის?! მაგას რატომ არ აპროტესტებენ?

- რას შეცვლიდით თქვენს გარეგნობაში? - უკვე შევცვალე. 160 კილოგრამს ვიწონიდი და ახლა 75 ვარ. 80 კილოგრამი დავიკელი 2 წლის განმავლობაში. მერე ისევ მივუშვი და 10 წლის თავზე 159 კილოს ვიწონიდი. ამის მერე ბარიატრიული ქირურგის დახმარება დამჭირდა.

- ანუ გლეხურად რომ ვთქვათ, კუჭი დაიპატარავეთ? - ასეა. ახლა სულ სპორტდარბაზში ვარ. ამ ოპერაციის შემდეგ ჭამის სურვილი ქრება, მართალია, პირველ ეტაპზე ხდები, თუმცა თავს თუ არ მოუარე, შეიძლება ხელახლა გასუქდე. სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, უპირველესად კი ფსიქიკა უნდა შეაგუო, რომ ცხოვრების ძველი წესით ვეღარ იცხოვრებ. აღარ ვსვამ, კვების რეჟიმიც შევცვალე, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ვყოფილვარ გურმანი, დღემდე ასეა, არა მაქვს საყვარელი კერძი.

- აბა, რა გასუქებდათ? - ძალიან ბევრს ვსვამდი, ვიტანდი, ძალიან გვიან ვთვრებოდი, აქედან გამომდინარე, ქართული ცხოვრების წესი თავისას შვრებოდა.

- გრძელ-გრძელი სადღეგრძელოები, სიმღერა და ცეკვა გეხერხებათ და თუ გვიანაც თვრებოდით, კი იტყოდნენ, რა ჯობია კახა გოგიძესთან ქეიფსო. - ჰოდა, რა ჯობია შენთან ქეიფსო, ამის ძახილმა კინაღამ დამღუპა.

- ისე, როგორი სიმთვრალე გქონდათ? - სანამ მე დავთვრებოდი, ფხიზელი აღარავინ რჩებოდა. ნორმალური სიმთვრალე მქონდა, ჩხუბი, აყალმაყალი არ მახასიათებდა. არანორმალურად ბევრს ვსვამდი. ზოგჯერ 8 ბოთლი არაყიც დამილევია, რაც არაადეკვატურია.

- სიმღერის ნიჭი ვისგან დაგყვათ?

- დედაჩემისგან. თუმცა სიმღერა არ მიყვარს, თუ პროფესიას არ სჭირდება, არ ვმღერი, სუფრაზე ამით თავის გამოდებაც არ მომწონს.

- ოჯახზე მიამბეთ. - მყავს მეუღლე, 3 შვილი და 1 შვილიშვილი. სტანდარტული ბაბუა ვარ, როგორც ყველა ბაბუას, მეც მგონია, რომ ჩემი შვილიშვილი ყველაზე კარგია. ერთი ჭკუის რომ ვართ, მაგასაც ვხვდები.

- რას შეცვლიდით ქართულ ტრადიციებში? - ნებისმიერი ტრადიცია, რომელიც ქრისტიანულ ფასეულობას არ ეფუძნება, მოგონილი მგონია. უამრავ რამეს შევცვლიდი. სუფრის ტრადიციებს შევცვლიდი. ლაპარაკს და ქაქანს, მირჩევნია, საქმე გავაკეთო. ბევრი ლაპარაკით საქმე არ კეთდება. ოდესმე გინახავთ, ფხიზლები დამსხდარიყვნენ და ელაპარაკათ, ბიჭო, ცხინვალი და აფხაზეთი როგორ დავიბრუნოთო?! სანამ რამდენიმე ჭიქას არ დალევენ და მკერდზე მჯიღს არ დაიცემენ, მანამ ამ თემას არ ეხებიან, მერე წავლენ სახლში, ვითომ საქართველო გაამთლიანეს. მატრაბაზობა მგონია ეს ყველაფერი.

- პოლიტიკაში მოხვიდოდით? - პოლიტიკაში ჩემი მოსვლა როცა გახდება საჭირო, აი, მაშინ მართლა ძალიან ცუდად იქნება საქმე. ემოციური ადამიანი პოლიტიკოსად არ ვარგა, სათქმელს თუ ვერ აკონტროლებ, ყველაფერზე ბრაზდები, იდორბლები და იფურთხები ან ურტყამ, პოლიტიკაში რა გესაქმება?! მაშინ შენი ადგილი სტადიონზეა, დაჯექი, იყვირე და გაბრაზება იქ გამოავლინე, თუმცა იქაც არ არის მართებული ასეთი საქციელი. პოლიტიკას ცივი გონება სჭირდება.

- 2019 წელი ხმაურიანი იყო. თქვენი აზრით, როგორი იქნება არჩევნების წელი? - სრული საგიჟეთი. ლანძღვა, გინება,

ფურთხება უკვე დაიწყო და არჩევნების შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა ნაკლები მღელვარებით. ჩვენ ხომ ასეთი ხალხი ვართ - გავბრაზდი, ესე იგი, მართალი ვარ. აქ ორივე მხარე გაბრაზებულია და ორივეს ძალიან მართალი ჰგონია თავი. მართალი მხოლოდ ღმერთია. გამორიცხულია ერთმანეთის აზრის გაზიარება - ვთქვი და, მორჩა, როგორც ვამბობ, ასეა საქმე! არა, მე როგორც ვამბობ, ისეა!

ხალხმა რა დააშავა? რა და, ჩუმადაა. ჩვენ არ ვმართავთ ჩვენს ქვეყანას. მხოლოდ მთავრობას ვირჩევთ და გვგონია, იმან უნდა გააკეთოს ყველაფერი. არაფერსაც არ გააკეთებს, თუ არ მოსთხოვ! მე მთავრობა ავირჩიე და ახლა მთავრობამ მიხედოს ქვეყანასო, ასე არ უნდა ვაზროვნებდეთ. ხალხი ირჩევს პრეზიდენტს და მთავრობას, ანუ მთავრობა ხალხის მოხელეა.