გაბო - პატარა ქალაქის დიდი მსახიობი - კვირის პალიტრა

გაბო - პატარა ქალაქის დიდი მსახიობი

"85 წლის ასაკში ხიდან რომ არ ჩამოვვარდნილიყავი, უფრო მეტს შევძლებდი. არც ისე დიდი ხნის წინ ვითამაშე "თეთრ ბაირაღებში". ხეზეც ისევ ავდივარ, როგორ შეიძლება ადესა ისე მოკრიფო, ხეზე არ ახვიდე?"

ჩემთვის პატარა ქალაქ ოზურგეთის დიდი მსახიობი გაბო მდინარაძე ზღაპრის ის გმირია, რომელმაც ძალიან დიდი ხნის წინ ამ პატარა ქალაქისთვის პატარ-პატარა სიხარულის სწავლება იკისრა - 67 წელიწადია, რაც სცენიდან იმედის ჯადოსნურ "ფარნებს" ანთებს და ქალაქს იმედით ავსებს. როდესაც თეატრში მიმავალ 93 წლის გაბო მდინარაძეს შეჰყურებენ, ფიქრობენ, რომ როცა საუკუნეს მიაღწევენ, თავადაც ყველაფერს შეძლებენ...

- ამ ცხოვრებას ერთი მთავარი კითხვა აქვს, რომელიც, ადრე თუ გვიან, ჩვენს კარზე მოაკაკუნებს, აბა, მითხარი, რისთვის იცხოვრეო? ერთ დღეს მეც ასე რომ მომიკაკუნა ამ კითხვამ, ვუპასუხე, სწორად ვიცხოვრე და დღესაც არჩევანი რომ მქონდეს, მაინც ასე ვიცხოვრებდი-მეთქი. 70 წლის წინ ბევრისთვის უცნაური რამ გავაკეთე, თავი გავანებე იურიდიულ სპეციალობაზე სწავლას და თეატრალურ ინსტიტუტში გადავედი. იქ კურსზე ნამდვილად "მოციმციმე ვარსკვლავები" დამხვდნენ: ნოდარ მგალობლიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლია ელიავა, ირაკლი უჩანეიშვილი... წარმოიდგინეთ, ამ ადამიანების გვერდით დგომა რამხელა სიხარული იყო. მე კი ოზურგეთის თეატრში დავბრუნდი ჩემს გურულებთან... სწორადაც მოვიქეცი, რაც სიცოცხლეს გაძლევს, ის არის ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი. დამთავრებიდან 50 წლის შემდეგ, ეგ ჩემმა ნოდარმაც მითხრა, მგალობლიშვილმა. იმ დღეს ჩემმა ქალიშვილმა ჩააბარა თეატრალურ უნივერსიტეტში და ეს აღვნიშნეთ მე, ნოდარმა და ოთარ მეღვინეთუხუცესმა, გამომშვიდობებისას ნოდარი გადამეხვია: ბიჭო, გაბო, რა ჭკვიანურად მოიქეცი, რომ შენს რაიონში დაბრუნდი, ეგ რამხელა ბედნიერებააო.

- გეტყოდათ. დედაქალაქის მსახიობებს მეტი დიდება, მაგრამ ტკივილიც მეტი ხვდებათ ცხოვრებისგან. - ერთმანეთისგანაც. არადა, რისთვის? ან მსახიობებს რა შემოსავალი გვაქვს? ოთარ მეღვინეთუხუცესი "დათა თუთაშხიაში" რომ გადაიღეს, ვკითხე, ეს სასწაული როლი რომ ითამაშე, რა მოგცეს-მეთქი. ამ დროს მის მანქანაში ვისხედით და მანქანის საჭეს დაარტყა ხელი, იმდენი დამრჩა, რომ მანქანა ვიყიდეო! მსახიობობა ფულთან არ არის დაკავშირებული, მით უფრო ჩვენთან. ეს სულ სხვა რამეა...

- თქვენი ქალიშვილიც მსახიობია. - გასულ წელს საბერძნეთში, ბულგარეთსა და თურქეთში იყო გასტროლებზე და სამივე ადგილიდან ქალის როლის შესრულებისთვის სამი მთავარი პრიზი წამოიღო. მარტო ჩემი შვილი კი არა, მთელი ოზურგეთის დასია ძალიან ნიჭიერი. ჩვენს თეატრს მაყურებელი ყოველთვის ჰყავდა. შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ თეატრის საყურებლად ახალგაზრდებმა დაიწყეს სიარული.

სტუდენტობისას აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძის შემხედვარეს მეგონა, პროვინციის თეატრში ხეირიანი მსახიობი არ დამხვდებოდა, მაგრამ როდესაც ამ ხალხის სპექტაკლს ვუყურე, ჩემს თავს ვუთხარი, კიდევ კარგი, ფიქრებს არავინ კითხულობს, თორემ თავი ხომ მოგეჭრებოდა-მეთქი. ერთხელ ვერიკო ანჯაფარიძე ჩამოვიყვანეთ და გაგვიჯავრდასავით, აქ ისეთი მსახიობები გყოლიათ, მე რას ჩამოგყავდითო.

- მითხრეს, "ქართუ ბანკი" თეატრის შენობას არემონტებსო.

- ამბობენ, ზღაპრულ რემონტს აკეთებენო... მსახიობებს გვიჭირდა თუ გვილხინდა, სპექტაკლების დადგმა არასდრო შეგვიწყვეტია.

ჩემმა ოჯახმა მძიმე წლები გამოვიარეთ. დედაჩემს პარკინსონის დაავადება 1954 წელს ჩემი ძმის ოლეგის დაპატიმრების გამო დაეწყო. ის ხრუშჩოვის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. როდესაც ხრუშჩოვი რუსთაველის პროსპექტზე ჩამოივლიდა, მაშინ უნდა აეფეთქებინათ. შეთქმულების მეთაური ჩემი თანაკლასელი ოთარ მექვაბიშვილი იყო, ჩემს ძმას კი ხელნაკეთი ბომბი უნდა დაემზადებინა. შეთქმულება მანამდე გასცეს, სანამ ხრუშჩოვი ჩამოვიდოდა. იმდროინდელი ოზურგეთის პოლიციის უფროსი მეუბნება, შენი ძმაა დაჭერილიო. რა ხდება-მეთქი, ნუ გეშინია, მგონი, დახვრეტას გადავარჩინეთო. პოლიციის უფროსი და კიდევ ერთი ჩვენი ოჯახის ნაცნობი მისულან ჩხრეკაზე რუს გენერალთან ერთად, რომელიც საგანგებოდ ამ საქმის გამოსაძიებლად გამოგზავნეს. მამაჩემი მონადირე კაცი იყო, იარაღიც ჰქონდა და ასაფეთქებელი მასალაც. ამ ჩვენს ნაცნობებს როგორღაც მოუხერხებიათ, რომ რუსი გენერალი ამ ასაფეთქებელი მასალისთვის აერიდებინათ... უფრო დიდი დარდიც მქონია, თუმცა ჩემს როლებს ეს არ შეხებია, ვერასოდეს მივცემდი თავს ამის უფლებას. ეს არის მსახიობობის ძალაც და დრამაც...

- როგორ ახერხებთ, 93 წლის ასაკშიც ამხელა ენერგია დახარჯოთ? - 85 წლისა ხიდან რომ არ ჩამოვვარდნილიყავი, უფრო მეტს შევძლებდი. არც ისე დიდი ხნის წინ ვითამაშე "თეთრ ბაირაღებში". ხეზეც ისევ ავდივარ, როგორ შეიძლება ადესა ისე მოკრიფო, ხეზე არ ახვიდე? ეს არის სიცოცხლე. მიწაა სიცოცხლე, ხეა სიცოცხლე... კურსზე ყველაზე უფროსი ვიყავი და ჩემ გარდა ყველა წავიდა იმ ქვეყნად... ალბათ, ეს ღვთის ნება და მიწის ძალაა. დიდი ხნის წინ, როდესაც სოფელში ისევ თოხი დავიჭირე ხელში, დედაჩემმა მითხრა, უმაღლესი დაგამთავრებინე და რას ვიფიქრებდი, თუ ისევ თოხს დაიჭერდი ხელშიო. ეგ თოხი რომ არ მჭეროდა, ის ძალაც არ მექნებოდა, რაც მაქვს. სოფელში ჩემი ასაკის 4-5 მეგობარი მყავს... ასე მეგობრობით ვწამლობთ ერთმანეთს.

- დიდხანს იცოცხლეთ... იმსახურეთ, იმედს აძლევთ ადამიანებს. - მე კი მინდა, რომ ჩემმა თეატრმა იცოცხლოს. პატარა თეატრების არსებობა პატარა ქალაქებში იმის ნიშანია, რომ სულიერებაც ცოცხლობს, ადამიანი კი მხოლოდ მაშინ არის კარგად, როდესაც სული ცოცხლობს.