"არ ვიცი, საიდან მაქვს ამდენი ძალა, ვუცქირო, როგორ სტკივა ჩემს შვილს, ვერაფერს ვშველოდე და მაინც ფეხზე ვიდგე" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, საიდან მაქვს ამდენი ძალა, ვუცქირო, როგორ სტკივა ჩემს შვილს, ვერაფერს ვშველოდე და მაინც ფეხზე ვიდგე"

"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ის დღე იყო, როცა კარდიოლოგმაც დაგვიდასტურა, რომ ბავშვს თანდაყოლილი გულის მანკი აქვს და თანაც მძიმე ფორმის"

მწარე ქართული სიტყვა "უსაშველო" პატარა საბასა და მისი ოჯახის დღევანდელ მდგომარეობას ზუსტად ასახავს. 3 წლის ბავშვი დღითი დღე ისე მძიმდება, არავინ იცის, ტრაგედია როდის დატრიალდება, უსახსრო ოჯახი კი დროს იმაში კარგავს, როგორ იშოვოს ფული ბავშვის საზღვარგარეთ წასაყვანად. საბას მამამ, დავით რუხაძემ ჩვენც მოგვწერა: "დახმარება მჭირდება. ძალიან მძიმედ მყავს 3 წლის ტყუპისცალი ბიჭი. ბავშვს გულის ორივე სარქველი თითქმის დახურული აქვს, თავში კი რამდენიმე კისტა გაუჩნდა. ტირის და ჭირვეულობს, მაგრამ ვერაფერს ვშველით. არ ვიცით, როდის გამოგვეცლება ხელიდან... ჩემს შვილს საზღვარგარეთ წაყვანა და მკურნალობა სჭირდება. ამდენი ფული საიდან ვიშოვოთ?! გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ეს წერილი. იქნებ ვინმე მადლიანს მოუნდეს დახმარება და ჩემი შვილის გადარჩენა". ჩვენ საბას ოჯახი მოვძებნეთ, სადაც მართლაც უმძიმესი სურათი დაგვხვდა - პატარა ბიჭი ტკივილიანი და უნუგეშო თვალებით. შვილის მდგომარეობაზე ბავშვის დედა ირმა მოლოდინაშვილი გვესაუბრა:

- ამბავი, რომელიც ჩემს თავს ხდება, ხანდახან სიზმარი რომ არ მეგონოს, ალბათ, გავგიჟდებოდი. ისე კი არ ვიცი, საიდან მაქვს ამდენი ძალა, ვუცქირო, როგორ სტკივა ჩემს შვილს, ვერაფერს ვშველოდე და მაინც ფეხზე ვიდგე. საბას ტყუპისცალიცა და უფროსი ძმაც ღვთის წყალობით ჯანმრთელები არიან, საბა კი უსაშველოდ დამეჩაგრა. ტყუპი ორთვე-ნახევრის იყო, როცა საბა ავად გახდა. მისმა მძიმე სუნთქვამ შემაშინა და ტყუპისცალთან ერთად გავაქანე ექიმთან. მითხრა, ბავშვს გულზე პრობლემები აქვს და სპეციალურ კლინიკაში უნდა წაიყვანოთო. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ის დღე იყო, როცა კარდიოლოგმაც დაგვიდასტურა, რომ ბავშვს თანდაყოლილი გულის მანკი აქვს და თანაც მძიმე ფორმის. მითხრა, წლის რომ გახდება, უთუოდ ოპერაცია უნდა გაუკეთდესო.

- და რატომ არ გაუკეთეთ ოპერაცია? - სწორედ ოპერაციის წინ გაგვიხდა ავად, არადა, კლინიკა "ღია გულში" კარდიოქირურგი თორნიკე სოლოღაშვილი უკეთებდა ოპერაციას. თორნიკეს შესაძლებლობები ვიცოდით და არაფრის გვეშინოდა, თუმცა საბას ავადმყოფობის გამო ოპერაცია ვერ გაუკეთდა. ბავშვს რამდენიმე კვირის მანძილზე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. სად არ ვიყავით, რომელ ექიმს არ მივმართეთ, მაგრამ მიზეზს ვერავინ მიხვდა. ბოლოს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის გადაღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბავშვს რვა კისტა ჰქონდა თავში.

- კისტების წარმოქმნა გულის მანკმა გამოიწვია, თუ რომელიმე ინფექციამ? - დადასტურებით ვერავინ გვითხრა. მხოლოდ გაგვაფრთხილეს, რომ კისტები პირველ ეტაპზე უნდა გვეკონტროლებინა, მერე კი საჭიროების მიხედვით გადაწყდებოდა, რა პროცედურა იქნებოდა საჭირო. ამასობაში ბავშვი უფრო დამძიმდა, გამუდმებით ტირის, განსაკუთრებით - ღამით. წამოჯდება მძინარე და იწყებს ტირილს. მართალია, გულის ოპერაციაზე უარს არც ახლა გვეუბნებიან, მაგრამ დანარჩენზე პასუხისმგებლობას არ იღებენ. ამბობენ, ოპერაციის გარდა, ვერაფრით დაგეხმარებითო. რა გამოდის? თუ სასწაული მოხდა და ოპერაციამ რაღაც საშინელება არ გამოიწვია, ჩემი შვილი მაინც ავადმყოფი რჩება. ამას რომელი მშობელი შეეგუება?! მხოლოდ ერთი გამოსავალი გვაქვს - უცხოეთში მკურნალობა, სადაც საბას საერთო მდგომარეობის მიხედვით უმკურნალებენ და გადამირჩენენ.

- ცხადია, როცა ექიმი არ გაძლევთ უცხოეთში წასვლის რეკომენდაციას, ჯანმრთელობის სამინისტროც არ გამოყოფს თანხას, არადა, საბასთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. - ასეა. არავის ვუსურვებ ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის მდგომარეობაში ყოფნას, არც იმ მოხელეებს, რომელთაც მსგავს უბედურებაში სხვისი შვილების პატრონობა ევალებათ. მხოლოდ ერთი რამ მინდა - შვილი გადავარჩინო. ვიცი, საბას შემწეობას ისევ ის საზოგადოება შეეცდება, რომელსაც თვითონაც უჭირს, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი - ჩვენ ხომ სხვა საშველი არ გვაქვს.…

საბას დასახმარებელი ანგარიშის ნომერი:

თიბისი ბანკი

GE37TB7111445064300012

საქართველოს ბანკი

GE33BG0000000334249800

ლიბერთი ბანკი

16LB0711183260926000

საბას საქველმოქმედო

ნომერია 0901701517

მიმღები დავით რუხაძე