კორონავირუსის შემთხვევები რუსეთსა და თურქეთშიც დაფიქსირდა(!) - რას ამბობს ექიმი-ეპიდემიოლოგი საქართველოში ვირუსის გავრცელების საფრთხეზე? - კვირის პალიტრა

კორონავირუსის შემთხვევები რუსეთსა და თურქეთშიც დაფიქსირდა(!) - რას ამბობს ექიმი-ეპიდემიოლოგი საქართველოში ვირუსის გავრცელების საფრთხეზე?

კორონავირუსის გავრცელების გამო ჩინეთის ხელისუფლებამ უხანის (ქალაქის მოსახლეობა 11 მილიონ კაცს შეადგენს) მოსახლეობის იზოლირება გადაწყვიტა, შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, აეროპორტის, რკინიგზის მუშაობა და საბორნე მიმოსვლა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ექიმი-ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი:

- დღეისთვის ჩინეთის ჯანდაცვის ხელმძღვანელები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შემთხვევათა შესახებ კიდევ 7 პროვინციაში ატყობინებენ, თუმცა სურათი ყოველდღიურად იცვლება.

- რა არის კორონავირუსი, რა სიმპტომები აქვს? - კორონავირუსები ვირუსთა დიდი ოჯახია, რომელიც, ძირითადად, ცხოველთა სამყაროშია გავრცელებული. არსებობს კორონავირუსების რამდენიმე სახეობა, რომელიც ტიპურია ადამიანისთვის და ჩვეულებრივ, გაცივებით მიმდინარე, ანუ გრიპისმაგვარ დაავადებას იწვევს. კორონავირუსთა სახეობები ადამიანისთვის საშიში არ არის, თუმცა ხანდახან ტოვებენ თავიანთ მასპინძელ სახეობას და ადამიანზეც ვრცელდება. ასეთი რამ XXI საუკუნეში ორჯერ მოხდა - 2002 და 2012 წლებში, ეს მესამე შემთხვევაა. პირველი და მე-3 ჩინეთში დაიწყო, მეორე კი საუდის არაბეთში.

- საიდან და როგორ წარმოიშვა, როგორ ვრცელდება? მანამდე ამბობდნენ, რომ ცხოველიდან ცხოველზე გადადიოდა, ახლა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა დაფიქსირდა. ამიტომ ხომ არ იყო, რომ ტაივანი ჩინეთს კორონავირუსის შესახებ სწორი ინფორმაციის გაზიარებისკენ მოუწოდებდა? ფიქრობთ, რომ ჩინელები ინფორმაციას მართლაც მალავენ? - საიდან და როგორ წარმოიშვა ახალი კორონავირუსი, ჯერ კვლევის საგანია. ცნობილია, რომ დაავადებულთა პირველი ნაკადი ზღვის პროდუქტებისა და ცოცხალ ცხოველთა საბითუმო ბაზარს უკავშირდებოდა. კერძოდ, დაავადებულთა უმრავლესობა ამ ბაზრის მომსახურე პერსონალი, დილერია ან სტუმრობდნენ მას. ამჟამად მიმდინარეობს თითოეული შემთხვევის დეტალური შესწავლა სხვა მახასიათებლების გამოსავლენად... კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ნიშნებია ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.

- საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რა რისკები არსებობს? მით უმეტეს, რომ სავაჭროდ ბევრი მოქალაქე დადის ჩინეთში და პეკინიდან ჩვენს ქვეყანაში პირდაპირი ავიარეისებიც არის. - რისკი მათთვის ასეთია: საქართველოდან გამგზავრებული მოქალაქე შესაძლებელია შეხვდეს ახალი კორონავირუსით დაავადებულს. მასთან დახურულ სივრცეში მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი (ასე ამბობენ ჩინელი ექსპერტები) ჰქონდეს და დაინფიცირდეს, რაც ყოველთვის არ ხდება. შემდეგ დაბრუნდეს საქართველოში და აქ ისე გამოუვლინდეს დაავადება, რომ არ მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და არ აღიაროს, რომ იყო დაზარალების კერაში და კონტაქტი ჰქონდა დაავადებულთან. მიუხედავად ავადმყოფობისა, განაგრძოს აქტიური ცხოვრება და გაავრცელოს გარშემო მყოფებში. დამეთანხმეთ, მთლად იოლი გზა არ არის დაავადების გავრცელებისთვის. სწორედ ამიტომ დღეისთვის რისკი ფასდება როგორც დაბალი!

- საგანგებო კომიტეტის სხდომაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში განიხილებოდა საკითხი, გამოცხადდეს თუ არა საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობა. რა რეკომენდაციებს იძლევა უწყება? - დასკვნა განთავსებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე და მოიცავს მხოლოდ რეკომენდაციებს - ჩვენ, როგორც დაავადებისაგან თავისუფალი ტერიტორია, განვახორციელებთ დაზარალების ზონიდან შემოსულთა სკრინინგსა და ინფორმირებას.

- როგორც ცნობილია, სეზონური ვაქცინები მოსალოდნელი სეზონური ვირუსების მიხედვით იქმნება. ამ ახალ ვირუსს არ ელოდნენ? - სეზონური ვაქცინა ყველა ვირუსისთვის არ არსებობს. არსებობს სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც მხოლოდ სეზონური გრიპისგან გიცავს! ახალ ვირუსებს ყოველთვის ელის მსოფლიო! 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხუბეის პროვინციის დედაქალაქში მზადყოფნის/მოლოდინის ამგვარი სისტემით გამოვლინდა ახალი კორონავირუსის პირველი 44 შემთხვევის კლასტერი!

- რომელია ყველაზე საშიში ვირუსები? არის თუ არა მათი წარმოშობის სამშობლოები აფრიკის ქვეყნები და ჩინეთი? - არსებობს განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხა, რომელშიც შედის ბაქტერიები და ვირუსები, სოკოები და ბიოლოგიური ტოქსინები. ასეთ პათოგენთა წარმოშობის ადგილი ყველა კონტინენტს უკავშირდება, გარდა ანტარქტიდისა. მაგალითად, ნუსხაშია შავი ჭირი, რომლის სამშობლო სად არის, ჯერაც ვერ დაადგინეს მეცნიერებმა და საქართველოში ორი პატარა ენდემური კერა გვაქვს. ზოგიერთი პათოგენის სამშობლოდ ევროპის ქვეყნებია მიჩნეული. დაავადებებმა საზღვრები არ იცის და მიკრობთა სამშობლოს ძიება არაფრისმომცემია. ამას მხოლოდ სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს.

პ.ს. თბილისში ჩინეთიდან, ქალაქ ურუმჩიდან დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისი გაუქმდა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ განაცხადა, რეისი ჩინური მხარის გადაწყვეტილებით გაუქმდა და მიზეზად საახალწლო ღონისძიებები დასახელდა.

რა ჰყვება ჩინეთში მცხოვრები ქართველი: "აქაურობა ისე გამოიყურება, საშინელებათა ფილმებში რომ მიტოვებული ქალაქებია"

ლაშა ჩილაშვილი უხანიდან 750 კმ-ში, ქალაქ ჩონგჩინგში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ინგლისურ ენას ასწავლის.

- უხანი კარანტინშია, ჩაკეტილია. იქაურებთან ჩემს მეგობარს ჰქონდა მიმოწერა და პანიკაში არიან, არ იციან, რამდენ ხანს გაგრძელდება, ჯერჯერობით ხომ ვაქცინა არ არსებობს. ჩონჩინგი საშინელებათა ფილმებში რომ მიტოვებული ქალაქებია, ისე გამოიყურება. ვინც ქუჩაში გამოდის, ყველა ნიღაბაფარებულია. ზოგიერთს ერთდროულად რამდენიმე ნიღაბი უკეთია. აფთიაქებში ნიღბების დეფიციტია, დღეს ვერსად ვერ შევიძინე. ტელევიზიით მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მხოლოდ თერმულად მომზადებული საკვები ჭამონ და არ მიირთვან უმი პროდუქტი, მოერიდონ ცხოველებთან კონტაქტს, მაგრამ ქუჩაში მაინც მიირთმევენ, თან ქუჩებში საშინელი ანტისანიტარიაა, აქაურების უმეტესობას გადანერწყვება სჩვევია, ზოგიერთ ქალაქში ამისთვის ჯარიმაა დაწესებული. თუ ვითარება გამწვავდა, ალბათ, დავტოვებთ აქაურობას.

ამ ეტაპზე ყველა გარდაცვლილი ჩინელია

ბი-ბი-სის მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 1400-ს მიაღწია, აქედან შემთხვევათა 95% ჩინეთში დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, გარდაიცვალა 41 კაცი - ყველაზე ახალგაზრდა 48, ყველაზე ხანდაზმული კი 89 წლის იყო. გარდაცვლილთა შორისაა 62 წლის ექიმი ლიან უდუნი. ის უხანში პაციენტების სიცოცხლისათვის ბრძოლისას კორონავირუსით დაინფიცირდა...

ლონდონის "იმპერიალ კოლეჯის" ინფექციური დაავადებების მკვლევარი, ექიმი ნატალი მაკდერმოტი "ფოქს ნიუსთან" აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი განსაკუთრებით საშიშია საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის, რომელთაც ადრე გარკვეული დაავადებები გადაიტანეს.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა გარდაცვლილი ჩინელია, თუმცა ვირუსის შემთხვევები, ჩინეთის გარდა, დაფიქსირდა: იაპონიაში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, მაკაოში, ვიეტნამში, ნეპალში, მალაიზიაში, სინგაპურში, ჰონკონგში, საფრანგეთში, მექსიკასა და აშშ-ში. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სანქტ-პეტერბურგში 3 შემთხვევა გამოვლინდა, უკრაინაში ასევე 3 კაცს ამოწმებენ. თურქეთის აეროპორტიდან კი იზოლირებულ იქნა 1 მგზავრი.

აშშ, საფრანგეთი და იორდანია ჩინეთის იმ ქალაქებიდან, სადაც ვირუსი მძვინვარებს, საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავენ. ეს სახელმწიფოები აღნიშნული მიმართულებით ჩარტერულ ფრენებსაც განახორციელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს სამხრეთ კორეა და გაერთიანებული სამეფოც.

საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს დისტანციური თერმომეტრებით ამოწმებენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაიწყო პრევენციული ღონისძიებები და ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები აეროპორტშივე შემოწმდებიან კორონავირუსზე. ეპიდემიოლოგების ჯგუფს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟებიც შეუერთდნენ. მედიკოსები ქვეყანაში შემოსულ მგზავრებს დისტანციური თერმომეტრებით ამოწმებენ, საეჭვო პირებს გასაუბრებასაც უწყობენ და იღებენ ინფორმაციას ვირუსის სიმპტომებთან დაკავშირებით.