"როგორ მიყვარხარ და ზოგჯერ, რა უბედურების ეჭვები ამეკვიატება ხოლმე. როგორ მინდა, რომ არ მოგწყინდე..." - კვირის პალიტრა

"როგორ მიყვარხარ და ზოგჯერ, რა უბედურების ეჭვები ამეკვიატება ხოლმე. როგორ მინდა, რომ არ მოგწყინდე..."

"გეყვარები თუ არა ბოლომდე, იქამდე, სადაც ჩემი დასასრულია"...

27 იანვარს, ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის, თეონა ქუმსიაშვილის დაბადების დღეა. მხოლოდ თეონას და გელა დაიაურის უახლოესმა ადამიანებმა იციან, როგორ განიცდიდა თეონა მეუღლესთან განშორებას, როგორ უყვარდა და როგორ ენატრებოდა, როდესაც ქორწინებიდან ძალიან მალე, წყვილს ერთმანეთისგან შორს მოუწია ყოფნამ. გელა მაშინ შატილში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, თეონა კი ფეხმძიმედ იყო და გართულებების თავიდან ასაცილებლად ამჯობინეს, თბილისში დარჩენილიყო. დრო შემოდგომიდან ზაფხულამდე უსაშველოდ ძნელი და ტკივილით სავსე აღმოჩნდა ორივესთვის... გელა დღემდე ინახავს წერილებს, რომლებსაც

ბარში დარჩენილი თეონა სწერდა, რომლებიდანაც საოცრად დიდი სიყვარული და მონატრება იგრძნობა. ამ წერილებს მკითხველი პირველად გაეცნო ჟურნალ "გზის" საშუალებით, რომელსაც გთავაზობთ:

"...შენმა ერთმა ლექსმა ისევ ამიჩუყა გული, კუნწ... მაინც რა ვარ ასეთი? როგორ მიყვარხარ და ზოგჯერ, რა უბედურების ეჭვები ამეკვიატება ხოლმე. როგორ მინდა, რომ არ მოგწყინდე..."

***

"შენი ბარათები მასულდგმულებს და მაძლებინებს. თავს შენც გაუფრთხილდი. არ დაგავიწყდეს, გელოდები და უზომოდ მიყვარხარ! გკოცნი, ჩემო ერთადერთო. მეც უკვე ძალიან მიჭირს უშენოდ. ფეხით წამოსვლაზე არც იფიქრო, კუნწულ. მენატრები, მაგრამ ცოტა ხანსაც გავძლებ. საერთოდ ვეღარ ვმღერი - თითქოს არც არასდროს მიმღერია. ძნელია თურმე უშენობა, მე კიდევ არა მიშავს, მაგრამ ჩვენი პატარა... კარგია, რომ მეგობრები გსტუმრობენ და თავს მარტო არ გრძნობ".

***

"გამარჯობა, ჩემო სანატრელო. მართლაც, როგორი სანატრელი გამიხდი. დამიჯერე, ჩემი დილა ცრემლებით იწყება და ცრემლებით მთავრდება, თუმცა, უფალს მაინც მადლობას ვწირავ ასეთი სიყვარულისთვის; იმისთვის, რომ შენი თავი მაჩუქა; იმისთვის, რომ ერთ თვეში მაგრად ჩაგეხუტები... ვიცი, რა ძნელია უპასუხო წერილების წერა, მაგრამ ჩემთვის უფრო ძნელია, შენ რომ არ შეგიძლია პასუხის გაცემა. შენზე ვდარდობ. პატარაზე ხომ მოგიყევი, ძალიან ცელქი და მოუსვენარია. დედაშენი ხშირად მკითხულობს, კარგი ადამიანია, ყველაზე მეტად მისი ლაპარაკი მამშვიდებს. მუცოში რატომ მიდიხარ, უბრალოდ? ვერც მე გწერ გემრიელად, ყველას კომპიუტერთან უნდა ჯდომა. ხომ იცი, ახალი რომაა, ყველას უხარია... გეხვეწები, არ გეწყინოს, ბევრს თუ ვერ მოგწერ. შენს ბალიშს ისევ შენი სუნი აქვს და არ ვცვლი... მიყვარხარ! შენი ლექსები ძალიან მახარებს. რაღაცებს მეც ვჩხაპნი ხოლმე, მაგრამ მერიდება, რომ მოგწერო. ჩემზე არ ინერვიულო, თავს გაუფრთხილდი. იცის, უფალმა, როგორ მიყვარხარ და ყოველთვის შენს კარგად ყოფნას, ჩვენი ოჯახის სიმტკიცესა და ჩვენი პატარას ჯანმრთელობას ვევედრები მას. მიყვარხარ, მომწერე ხშირად, შენ ხომ სწრაფად წერ. გკოცნი ძალიან ბევრს!" იხილეთ სრულად