"პეკინში ვცხოვრობ და შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ კორონავირუსის გამო საქართველოში უფრო მეტი მღელვარებაა, ვიდრე ჩინეთში" - კვირის პალიტრა

"პეკინში ვცხოვრობ და შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ კორონავირუსის გამო საქართველოში უფრო მეტი მღელვარებაა, ვიდრე ჩინეთში"

ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. რაც შეეხება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებს, ჩინური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 4 515 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. 27 იანვარს აშშ-მ და კანადამ საკუთარ მოქალაქეებს ჩინეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, ქვეყნის მთავრობამ ქალაქ უხანში, სადაც პირველად გაჩნდა ვირუსი, კარანტინი გამოაცხადა, ვირუსის გავრცელების საფრთხე ევროპის სხვა ქვეყნებშიც არსებობს, ჩინეთის მიმართულებით გაუქმებულია ფრენები და გამკაცრებულია კონტროლი საზღვრებზე. მთავრობა მოსახლებობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

ჩვენთვის მეტად საფრთხილო და საინტერესო, იქ მყოფი ქართველების მდგომარეობაა, ქალაქ პეკინში სამუშაოდ წასული ნინო გვრიტიშვილი ჩინეთში არსებულ ვითარებაზე გვესაუბრა.

- როდის გაიგეთ ვირუსის არსებობის შესახებ და როგორი სიტუაციაა ახლა?

- დეკემბერში უკვე გვქონდა ინფორმაცია, რომ უხანში 2 ადამიანი იყო გარდაცვლილი ვირუსით. მაგრამ წერდნენ, რომ სანერვიულო არაფერი იყო. როგორც ვიცი, ისევ ებოლას ვირუსი ეგონათ. დაახლოებით 1 კვირაა რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია, ყველას მოგვიწოდებენ პირბადის ტარებისა და ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან თავის შეკავებისკენ. ამ 1 კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა და გარდაიცვალა.

მთავრობა ყველანაირად ცდილობს შეაჩეროს ვირუსი. აშენებენ საავადმყოფოებს, რომელიც მხოლოდ კორონავირუსით დაავადებულებისთვის იქნება, სახლებს დეზინფექციას უკეთებენ და ა.შ. პეკინშიც ეს სიტუაციაა...

მე პეკინში ვცხოვრობ, სადაც დაახლოებით 60-მდე დაინფიცირების შემთხვევაა, თუმცა გარდაცვლილებზე ინფორმაცია არ გვაქვს. ამ ეტაპზე სინგაპურში ვარ, ახლა ჩინური ახალი წელია და დასვენებაა 1 კვირა.

ცოტა ხნის წინ შეგვატყობინეს, რომ ბაღები, სკოლა, უნივერსიტეტები სულ ცოტა 17 თებერვლამდე არ იმუშავებს, ამიტომ მოგვიწოდებენ აღარ დავბრუნდეთ პეკინში. სინგაპუირში 4 შემთხვევა დაფიქსირდა, ოთხივეს მდგომარეობა სტაბილურია. რიგ შემთხვევაში განკურნებადია ეს ვირუსი, უბრალოდ, დროულად უნდა მოხდეს რეაგირება.

- საქართველოს საელჩოდან თუ დაგიკავშირდნენ?

- დიახ, საქართველოს საელჩო ჩინეთში გვაწვდის ინფორმაციას, მოგვიწოდებს სიფრთხილისკენ და 24 საათი მუშაობს ცხელი ხაზი, თუ რამე დაგვჭირდება შეგვიძლია დავუკავშირდეთ.

- როგორც უცხოური მედიასშუალებები წერენ დაცლილია მაღაზიები და შეზღუდულია ქალაქებს შორის მიმოსვლა, ამაზე რას გვეტყვით?

- ჩინური ახალი წელია და ისედაც დასვენებაა მთელ ჩინეთში, მოსახლეობის ნაწილი დასასვენებლად არის ქვეყნის გარეთ. ვინც ქვეყანაშია, მათ ქალაქიდან გასვლისგან თავის შეკავებას მოუწოდებს მთავრობა, რომ უფრო არ გავრცელდეს ვირუსი, ზოგადად ყველა ცდილობს სახლში იყოს.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოში უფრო მეტი შფოთი და მღელვარებაა, ვიდრე ჩინეთში. აქაური მთავრობა მაქსიმალურად მობილიზებულია, ამიტომ ვფიქრობ, მალე აღმოფხვრიან. ეს 3 დღეა უფრო და უფრო გაამკაცრეს უსაფრთხოების ზომები.

- როგორც ცნობილია, შეზღუდულია ფრენები და ხალხით გადატვირთულია აეროპორტები...

- 24 იანვარს უპრობლემოდ ჩამოვფრინდი პეკინიდან სინგაპურში, როგორც ვიცი, "აეროფლოტმა" გააუქმა ფრენები რუსეთიდან ჩინეთის მიმართულებით.

შეგახსენებთ რომ, კორონავირუსის ახალი სახეობა პირველად, ჩინეთის ქალაქ უხანში დააფიქსირეს. 11 იანვარს ვირუსის ამ სახეობით პირველი ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსი მწვავე რესპირატორულ დაავადებებს იწვევს და მისი სიმპტომებია: ხველა, მაღალი სიცხე, სუნთქვის უკმარისობა. ჩინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხშირ შემთხვევაში ვირუსი ასევე იწვევს ფილტვებში სითხის დაგროვებას.

იხილეთ ასევე: კორონავირუსის შემთხვევები რუსეთსა და თურქეთშიც დაფიქსირდა(!) - რას ამბობს ექიმი-ეპიდემიოლოგი საქართველოში ვირუსის გავრცელების საფრთხეზე?

(სპეცილურად საიტისთვის)