რა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ჩინეთთან, სადაც კორონავირუსის აფეთქებაა - რა პროდუქცია გაგვაქვს, რა შემოგვაქვს და რა აიკრძალა? - კვირის პალიტრა

რა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ჩინეთთან, სადაც კორონავირუსის აფეთქებაა - რა პროდუქცია გაგვაქვს, რა შემოგვაქვს და რა აიკრძალა?

29 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა 132-მდე,

დაინფიცირებულთა კი - 5,974-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაცია "როიტერსმა" გაავრცელა.

ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთს გარეთაც, მათ შორის გერმანიაში, სადაც ვირუსით უკვე ოთხი ადამიანია დაინფიცირებული.

ქალაქ უხანში, სადაც პირველად გაჩნდა ვირუსი და მის მიმდებარე ქალაქებში, კარანტინია გამოცხადებული. ვირუსის გავრცელების საფრთხე ევროპის სხვა ქვეყნებშიც არსებობს, ჩინეთის მიმართულებით გაუქმებულია ფრენები და გამკაცრებულია კონტროლი საზღვრებზე. მთავრობა მოსახლეობას შინ დარჩენასა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ვირუსთან ბრძოლაში საქართველოც ჩაერთო, ჯერჯერობით ვირუსის შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკარტერინე ტიკარაძის განცხადებით, აიკრძალება ჩინეთთან ფრენები და სამინისტრო გეგმავს უხანიდან საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაციასაც. ამ საკითხს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავაც გამოეხმაურა: ნათია თურნავა

"ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები ჩართულები ვართ ერთიან საკოორდინაციო ჯგუფში და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე ხორციელდება სკრინინგი და ჩვენც ვართ ამაში ჩართულები, თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად, ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რა პროდუქცია შემოგვაქვს ჩინეთიდან?

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან 858,6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. გთავაზობთ 10 მთავარ პროდუქტს, რასაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს:

- ფოლადის ბრტყელი ნაგლინი 600 მმ ან მეტი სიგანის -30,886 მლნ დოლარი

- მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის -22,071 მლნ დოლარი

- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი -21,721 მლნ დოლარი

- აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის -21,327 მლნ დოლარი

- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები -21,146 მლნ დოლარი

- ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები -18,753 მლნ დოლარი

- პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით -18,030 მლნ დოლარი

- ტრანსფორმატორები ელექტრული, სტატიკური ელექტრული გარდაქმნელები -14,844 მლნ დოლარი

- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები -13,906 მლნ დოლარი

- სხვა სახის ფეხსაცმელი რეზინის ან პოლიმერული მასალის ძირითა და ზედაპირით -13,846 მლნ დოლარი

რა პროდუქცია გადის ჩინეთში საქართველოდან?

2019 წლის მონაცემებით საქართველოს ჩინეთის ბაზარზე გააქვს:

- სპილენძის მადნები და კონცენტრატები -172 291.5 მლნ დოლარი

- ყურძნის ნატურალური ღვინოები -18 897.6 მლნ დოლარი

- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი -12 962.3 მლნ დოლარი

- მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონების -5 752.0 მლნ დოლარი

- კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები -3 606.2 მლნ დოლარი

- დანარჩენი საქონელი - სულ: 14 120.0 მლნ დოლარი

რისი შემოტანა აიკრძალა ჩინეთიდან საქართველოში ვირუსის გამო? გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აკრძალვა ძალაშია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე.

შექმნილმა ვითარებამ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ქართულ ეკონომიკაზე?

როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო წლების განმავლობაში მზარდია ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, ტურიზმის მიმართულებითაც. ბოლო ხანს თითქმის ყოველწლიურად იზრდებოდა ამ ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა.

პაატა შეშელიძე

პაატა შეშელიძე, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი: - ვირუსის გავრცელება არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის სამედიცინო უსაფრთხოების საკითხი და რა თქმა უნდა, სჯობს უპირველესად ჯანმრთელები და ბედნიერები დავრჩეთ, ვიდრე რაიმე პრობლემა შეგვექმნას. საქართველო-ჩინეთს შორის ფრენების აკრძალვა დაგვიანებულიც კია და როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩინეთის მხრიდან წამოვიდა ეს ინიციატივა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს აკრძალვები არ იქნება გრძელვადიანი, რადგან თუ ჩინური ბაზრებიდან საქონლის მიმოსვლა შემცირდება ეს არამარტო საქართველოზე, არამედ მსოფლიოზეც აისახება. თუმცა უპირველესი, რა თქმა უნდა, ჯანდაცვითი ღონისძებები და ადამიანთა უსაფრთხოებაა. დღეს მნიშვნელოვანია, აქცენტი ვირუსის შემცირებასა და მის თავიდან აცილებაზე გაკეთდეს. სამწუხაროდ, საქართველოს სამედიცინო სისტემა, მეეჭვება, მზად იყოს ამგვარი ვირუსისთვის დიდი წინააღმდეგობის გასაწევად.

ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი უამრავ ქვეყანასთან და ის საქონელი, რომელიც ჩინეთიდან ჩამოდიოდა ან ის ტურისტი, რომელიც საქართველოს სტუმრობდა, შეიძლება მალე სხვა ქვეყნის მოქალაქით ჩანაცვლდეს. ძნელი სათქმელია შექმნილი ვითარება რა გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჯერ გადაჭარბებულია ამაზე ლაპარაკი, უპირველესად, უნდა მივხედოთ ჯანმრთელობას, რაც შესაძლოა შემდეგში უფრო ძვირიც დაგვიჯდეს.

იხილეთ ასევე: "პეკინში ვცხოვრობ და შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ კორონავირუსის გამო საქართველოში უფრო მეტი მღელვარებაა, ვიდრე ჩინეთში"

(სპეციალურად საიტისთვის)