ია სუხიტაშვილი როლში და როლს მიღმა - კვირის პალიტრა

ია სუხიტაშვილი როლში და როლს მიღმა

ია პროფესიასა და მიშა მესხს ჰყავს "გატაცებული"

ბედნიერებაა, რომ ის გენიოსად აღიარებულმა რობერტ სტურუამ  აღმოაჩინა

"რთულია, ქალი იყოს მსახიობი და ჰქონდეს წარმატებული პირადი ცხოვრება, ოჯახი..."

მსახიობობა შეგრძნებების პროფესიაა. თუ ვერ გაითავისებ, როგორ ითამაშო, აზრი არაფერს აქვს. ჩვენ გარშემო ხომ ბევრი ადამიანი ტრიალებს - ყველა თავისი ცხოვრებით, ისტორიებით, ემოციებით. მათ აკვირდება, სწავლობს, ილექავს ცნობიერებაში, რომ ოდესღაც, მორიგი როლისას ამოატივტივოს, გამოადგეს. ერთი სიტყვით, მას მომპარავის პროფესია აქვს. თვისებებს იპარავს ტიპაჟებისგან, მერე თავის თავში ატარებს, ირგებს და... გმირიც იქმნება.

ხშირად უფიქრია, თუ შემოქმედებით ცხოვრებაში კრიზისის პერიოდი დაუდგება, სწორედ იმ შემთხვევაში განასახიერებს თავის თავს. თუმცა, ამის სურვილი არა აქვს. არავინ თქვას, რომ ადვილია საკუთარი თავის თამაში. სცენაზე არა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ჰქონია მომენტი, როდესაც გვერდიდან შეუხედავს და შეუფასებია თავი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ეს თვისება განსაკუთრებულად ეხმარება, თუმცა ძალიან, ძალიან ბევრს ფიქრობს.

ზღვარზე მყოფი

ცხოვრებაში პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას სხვის აზრსა და რჩევას მიენდო. გოგი თოდაძემ უთხრა, მოდი, თეატრალურში ჩააბარე, იქნებ და... იას კატეგორიულად არ სურდა მსახიობობა, ჟურნალისტობა ესურვილებოდა. მიუხედავად ამისა, რჩევას მიენდო და... მისი ცხოვრება შეიცვალა. ზოგჯერ ბრაზობს ხოლმე გოგიზე, რატომ დაუჯერა? ეს მაშინ უფრო ხდება, როდესაც ძალიან იღლება. შრომატევადია მსახიობის პროფესია, დამთრგუნველი...

სულ ზღვარზე დგას, ყველაფრის დაკარგვის ზღვარზე. მით უმეტეს, როდესაც ქალი მსახიობია - როცა უყვარდება, ქმნის ოჯახს, უნდა შვილი გააჩინოს. ამ რისკზე მიდის და შეიძლება, უკან მობრუნებულს მთელი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში ნაკოწიწები, შექმნილი, აწყობილი კარიერა ბროლივით დაეფშვნას. რთულია, ქალი იყოს მსახიობი და ჰქონდეს წარმატებული პირადი ცხოვრება, ოჯახი...

პირად ცხოვრებაში ორჯერ მოუხდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. რთული იყო დასაწყისიც და დასრულებაც, როდესაც პირველ ქმარს, მისი შვილის მამას ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. უცბად მიიღო გადაწყვეტილება. არ უყვარს სიტყვა - ატანა. რატომ უნდა იტანდეს რამეს, არ ესმის. ჰოდა, არ აიტანა! ჰო, იყო დარდიც, გულისწყვეტაც, მაგრამ გადალახა.

ლუკას დედა

ლუკას გაჩენის შემდეგ დიდი და სერიოზული ეტაპი დაიწყო იას კარიერაში. ახლა ლუკა სამი წლისაა. ბევრს უთქვამს, რომ დედობის შემდეგ უფრო საინტერესოდ ასახიერებს როლებს... სიტყვებით შეუძლებელია იმ განცდის გადმოცემა, რომელიც დედობამ არგუნა. ემოციურად გაამდიდრა, გაამრავალფეროვნა... სულ ენატრება შვილი, ხშირად ლუკა დედასთან გადაღებების დროსაც მიჰყავთ...

მეორე შვილი? აუცილებლად გააჩენს, ახლა უკვე აღარ დგას რისკის წინაშე - ბევრი ადამიანია იასა და მიშას ირგვლივ, რომლებიც ელიან,  როდის გაჩნდება პატარა, რომ იზრუნონ, გაზარდონ... კი, გააჩენს კიდევ ერთ ბავშვს! უნდა! მალე უნდა!

KvirisPalitra.Geშეყვარებული - მიშაზე

შეყვარებული ია გამუდმებით იპრანჭება, განსაკუთრებულად გაცისკროვნებულია. გიჟდება, როდესაც საყვარელი აღაფრთოვანებს. ახლაც მსგავსი განცდებით ცხოვრობს. რაც მთავარია, გააცნობიერა - ჰო, ჰყავდა მეუღლე, რომლის მიმართ ჰქონდა გრძნობა, მაგრამ რასაც განიცდის მიშა მესხის მიმართ, აქამდე განუცდელია.

ერთმანეთი ფილმის - "გასეირნება ყარაბაღში" გადაღებებისას აღმოაჩინეს. მანამდეც იცნობდა, მაგრამ თურმე არ იცნობდა, სხვა მიშა დაინახა, სხვა მიშა იპოვა - თავისი მიშა... ერთწლიანი სიყვარულის შემდეგ დაოჯახებაც გადაწყვიტეს. არა, უფრო სწორად, მიშამ გადაწყვიტა. ბათუმში იყვნენ, მიშას დაბადების დღე ერთად უნდა აღენიშნათ. მიშა იასთან მივიდა და უთხრა:

- იცი, ძალიან კარგ ხასიათზე ვარ!

- ჰო, შენ ხომ დაბადების დღე გაქვს...

- არა, კარგ ხასიათზე ვარ იმიტომ, რომ მინდა რაღაც გითხრა...

- რა?

- მინდა, ჩემი ცოლი გახდე!

მიშამ ყვავილი გაუწოდა, ყვავილში ბეჭედი იდო.

იას ბევრი არ უფიქრია, ან რად უნდოდა ფიქრი?!

- კი, კი, კი!!! - მხოლოდ ეს უპასუხა.

გადაღებები, რეპეტიციები...

გამუდმებით! სულ ნონ-სტოპშია, ყოველთვის. ღამით გადაღება, დღისით რეპეტიცია, საღამოს სპექტაკლი - ამგვარია დღის განრიგი. რა რთულია ამას შეეგუონ ოჯახის წევრები! ნამდვილად რთულია, იმდენად, რომ არ ისურვებს მისმა შვილმა ცოლად მსახიობი შეირთოს. მადლობა ღმერთს, ადამიანები მის გარშემო იგებენ, ეგუებიან, რომ ია პროფესიას ჰყავს "გატაცებული".

ის, რომ იას პირველი და მეორე ქმარიც მსახიობი ჰყავდა და ჰყავს, სულაც არ ნიშნავს, რომ უადვილებს მათთან ურთიერთობას, თუნდაც არანორმალურად გადატვირთული გრაფიკის გამო. მიშას არა, მაგრამ კახა იას ყოველი დაგვიანების გამო, პრეტენზიას გამოთქვამდა. თუმცა, იას არ გაუპროტესტებია ქმრის ამგვარი რეაქცია - რთული ასატანია გადაკარგული ცოლი, ნამდვილად... ახლა კი... ხან მიშა მიემგზავრება გადაღებებზე, ხანაც ია... გაგიჟდა ბიჭი, ცოლი მოვიყვანე და ვერ ვხედავო!

- როგორ გიჟდება ხოლმე?

- ო, მიშა ძალიან საყვარლად გიჟდება, განსხვავებულად... არ არის უხეში და აგრესიული ადამიანი.

საერთოდაც, მიშა იას ბევრ რამეში ეხმარება, ზოგჯერ სტიმული და "მუჯლუგუნიც" არის მისთვის.

ოფელია და რობიკო...

გავრცელებული აზრია, რომ რობერტ სტურუას ჰყავს ფავორიტი მსახიობები, რომელთაც განსაკუთრებულად სწყალობს. ია ცხრა წელია, რუსთაველის თეატრში მთავარ როლებს თამაშობს. ეს იმას ნიშნავს, რომ რობიკო განსაკუთრებულად ეპყრობა. ამას იაც  გრძნობს და ცდილობს, მომზადებული მივიდეს რეპეტიციებზე. არავინ თქვას, რომ სტურუა მსახიობებს ბლოკავს, ის უბრალოდ არ აფასებს ზარმაც არტისტებს, უყვარს ფიქრიანი და ნიჭიერი მსახიობები.

თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე რუსთაველის თეატრში მოხვდა. ზუსტად იმ პერიოდში რობერტ სტურუამ "ჰამლეტის" დადგმა დაიწყო. სადღაც გაუგია, რომ სადიპლომო დადგმაში ვინმე ია სუხიტაშვილმა ითამაშა ჯულიეტა. დაიბარა და გაესაუბრა. მალევე დაურეკეს და რეპეტიციაზე დაიბარეს.  თეატრში მისული თითქოს დაიბნა - იქ დახვდნენ კერპი მსახიობები, თანაც მთავარი როლი უნდა შეესრულებინა! საკუთარი თავი დააჯერა, რომ უნდა დასძლიოს ეს განცდები. ოფელიას სიგიჟის სცენამ დარბაზი აღაფრთოვანა, ტაშმა თეატრი მოიცვა. სტურუა მივიდა და უთხრა:

- ია, ასეთი წარმატებული დებიუტი ამ სცენაზე არ მინახავს!

იგივე უთხრა გია ყანჩელმაც. ძალიან დიდი შრომის, ენერგიის საფასურად როლმა როლი მოუტანა. და კიდევ, რუსთაველის თეატრის მსახიობობამ პრივილეგიებიც მიანიჭა. სწორედაც, რომ! სანქტ-პეტერბურგში ფილმის გადაღებისას მთავარ როლზე ორ მსახიობს მოიაზრებდნენ - იასა და ლიზა ბოიარსკაიას. როგორც კი შეიტყვეს, რომ ია სუხიტაშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობია, მოაგონდათ მისი განსახიერებული როლები, არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერეს. ეს იყო იას პირველი კინოროლი.

...მიღმა

გამუდმებით ფიქრობს... საყვედურობენ, შეეშვი ფიქრს, გადაიწვებიო, მაგრამ ფიქრს ვერ აგდებს,  ერთს მეორე ენაცვლება. ბევრჯერ ეტკინა გული ჭორების გამო. როდესაც თეატრში მთავარ როლებზე აიყვანეს, ბევრი ბინძური მითქმა-მოთქმა გაიგო. ზუსტად მაშინ უთხრა სტურუამ:

- ია, ეკლიან გზაზე მოგიწევს გავლა. ჭორები შენი წარმატების პროპორციულად გაიზრდება. შეეგუე, რომ ყოველთვის იჭორავებენ და იტყვიან მეტ ცუდს, ვიდრე კარგს. ღმერთმა დაგიფაროს, შენზე აღარაფერი თქვან. გისურვებ, რომ იჭორაონ! დაე, ილაპარაკონ!

რობერტ სტურუას სურვილი გამართლდა. ადამიანები ია სუხიტაშვილზე კვლავ ლაპარაკობენ, ათას ჭორ-მართალს. ესე იგი, წარმატებულ-ია!