"1941 წლის აღლუმის მონაწილეც ვარ. მახსოვს, ერთი მხლებელიც არ ედგა სტალინს გვერდში, აღლუმს რომ იბარებდა" - კვირის პალიტრა

"1941 წლის აღლუმის მონაწილეც ვარ. მახსოვს, ერთი მხლებელიც არ ედგა სტალინს გვერდში, აღლუმს რომ იბარებდა"

საჩხერის სოფელ კალვათას მცხოვრები ნოე ხარაიშვილი უკვე 102 წლისა მოიყარა. ერთხელ ახლობლისთვის უთქვამს, ვნახოთ, იქნებ დედაჩემის ასაკს გადავაჭარბოო. იმდენი ხანი კი იცხოვრა ამ ქვეყნად, რომ უამრავი ამბავი გადახდებოდა თავს, ტკივილიც ბევრი იქნებოდა მის ცხოვრებაში და სიხარულიც, ომიც ბევრი ექნებოდა და მშვიდობაც. ამ თბილ და სტუმართმოყვარე კაცს საჩხერის სოფელ კალვათაში ვეწვიე და საინტერესო ამბებიც მოვისმინე.

- ბატონო ნოე, ამ სოფელში დაიბადეთ და გაიზარდეთ?

- არა, სოფელ ხვანში დავიბადე, სოფელ სავანეში გავიზარდე, სოფელ კალვათაში კი მერე დავსახლდით. აქ მეუღლის ბებია-ბაბუა ცხოვრობდა, ძალიან რომ მოხუცდნენ, მიმხედავი არავინ ჰყავდათ და ოჯახით გადმოვედით მათთან საცხოვრებლად. სხვათა შორის, მეუღლის ბებია გერმანელი ქალი იყო, ძალიან განათლებული, გვარად - ფიკერი. ბებია-ბაბუას პორტში გაუცნიათ ერთმანეთი, ერთი ნახვით შეჰყვარებიათ და აქ წამოსულან საცხოვრებლად.

- მაგრამ კალვათა თქვენი ხვანიდან საკმაოდ შორსაა, აქ სად შეხვდებოდით. თქვენ სადღა გაიცანით მეუღლე? - ხვანის სკოლაში, ორივენი მასწავლებლად ვმუშაობდით, მე სამხედროს ვასწავლიდი, ის - გეოგრაფიას. სკოლის დამთავრების შემდეგაც, ანუ ომამდეც ვასწავლიდი სოფელ ჩონთოს სკოლაში - მითხრეს, სკოლაში უნდა წახვიდეო და უარსაც ვერ ვიტყოდი, რადგან დააყოლეს, თუ არ წახვალ, დაგიჭერთო. მეც, ბავშვი ვიყავი და შემეშინდა. მერე კი, რადგან სამხედრო საქმე ძალიან მაინტერესებდა, ჯერ კიდევ ომამდე წავედი სასწავლებლად ყაზახეთში, ალმაათის სამხედრო აკადემიაში. ომი რომ დაიწყო, სასწავლო პროგრამა ცოტათი შეკვეცეს და მე ლეიტენანტის ხარისხით დავამთავრე აკადემია. ნოე ხარაიშვილი ქალიშვილებთან ერთად გერმანელებმა მოსკოვს რომ შეუტიეს, იმ ბრძოლების მონაწილე ვარ. ჩვენს დივიზიას "ციმბირის დივიზია" ეწოდებოდა, სპეცდივიზია იყო, განსაკუთრებულად გაწვრთნილი მეომრებით. ისეთი ვაჟკაცი, ულვაშიანი მებრძოლები გვყავდა, მხეცები. დიდი თანამდებობაც მქონდა - ასეულს ვმეთაურობდი. პირველად სწორედ მოსკოვის ბრძოლებში დამჭრეს, თავში. მაშინ ისეთი გამოცდილი მებრძოლი არ ვიყავი, როგორც მერე. ბრძოლისას პირველ რიგში ყველგან ოფიცერი უნდა მდგარიყავი და დანარჩენებისთვის სტიმული მიგეცა. ეს მოწინააღმდეგემაც იცოდა და ამიტომ უპირველესად ოფიცერი უნდა მოეცილებინათ თავიდან. ამიტომაც მესროლა სნაიპერმა. 15 წუთში მიმიყვანეს ჰოსპიტალში, ჭრილობა დამიმუშავეს, შემიხვიეს, სახვევებიც გამატანეს და კვლავ ნაწილს დავუბრუნდი. ასეულში 260 კაცი იყო. მეთაურს ყველას გვარი უნდა გცოდნოდა და სახეზეც უნდა გეცნო. სხვათა შორის, 1941 წლის აღლუმის მონაწილეც ვარ. მახსოვს, ერთი მხლებელიც არ ედგა სტალინს გვერდში, ხელაწეული აღლუმს რომ იბარებდა. რამდენიმე დივიზია გამოვედით და მიწა იძროდა, ისე გავყვიროდით "ურას". რაფერ ვყვიროდით, არც კი ვიცი.

- თქვენი ჯარისკაცებიდან ბევრი დაიღუპა? - ჩემს იქ ყოფნაში, არა, მაგრამ ბოლოსკენ, ლენინგრადთან (დღევანდელი სანქტ-პეტერბურგი - ი.ხ.) ახლოს ვიბრძოდით და მართლა გაგვანადგურეს. ლენინგრადის ბლოკადაში არ ვმონაწილეობდით, მაგრამ ე.წ. სიცოცხლის გზაც გავლილი მაქვს. სწორედ ლენინგრადთან დავიჭერი ფეხში. ხელჩართულ ბრძოლაში ჩავები გერმანელ უფროს ლეიტენანტთან. ისინი შეიარაღებული იყვნენ რკინა-ბეტონის აღჭურვილობით, რომელსაც პატარა ნახვრეტები ჰქონდა. რამდენიც უნდა გვესროლა, ვერაფერს დავაკლებდით. ეს ტყვიამფრქვევის ბუდე რომ აეფეთქებინებიათ, 6 მებრძოლი შევწირე, მერე კი - თვითონ წავედი. მეთაურებს შესანიღბად გვქონდა თეთრი ხალათები, რომელიც თოვლივით ბრწყინავდა. ისე გადაგაბიჯებდა ადამიანი, ვერც კი შეგამჩნევდა. მე ყუმბარა გადავაგდე, ამ დროს გერმანელების მეთაური, თურმე, მაღლა ყოფილა, გადმოხტა, კისერში დამეცა და გამთიშა. თოფიც ძირს დამივარდა. ჩემი მოკვლა კი შეეძლო, მაგრამ წესი ჰქონდათ, ტყვედ თუ მიმიყვანდა თავისიანებთან, ექვსი თვით ზურგში წაიყვანდნენ, ანუ დაასვენებდნენ. საბედნიეროდ, მალევე მოვედი გონს, ჯანიანიც ვიყავი და ხელჩართული ბრძოლა გავუმართე. თოვლზე სისხლის ტბა იდგა. კბილებით ვეცი სახეში, მან კი მოასწრო და თოფის ლულა შემომარტყა მუხლში, მომტეხა. ის გაგუდულა, მე კი მერე "სტარშინამ" მომაკითხა, მეგონა სისხლისგან ვიყავი დაცლილი და ვკვდებოდი, ამიტომ ვთხოვე, თუ კაცი ხარ, მესროლე და მომკალი-მეთქი. არ მომკლა და ჩვენმა მებრძოლებმა მათრიეს კარგა ხანს. მერე 9 თვეს ვიწექი ციმბირში, უფის ჰოსპიტალში. იქ გამიკეთეს ფეხზე ოპერაცია, ძვალი ჩამინერგეს და მას შემდეგ ფეხს ვეღარ ვხრი... მოკლედ, ჩემი ფეხის გამო ფრონტიდან წამოსვლა მეკუთვნოდა, მაგრამ ოფიცრების დეფიციტი იყო და ორაზროვნად მითხრეს, - ალბათ, შინ წასვლას არ მოისურვებთო? - კომკავშირელი ვიყავი, მებრძოლი და, რაღას ვეტყოდი? სამხედრო სამსახურში დავრჩი და გამოუცდელ ჯარისკაცებს ვასწავლიდი. კარგი ხელფასიც მქონდა. 300-400 მანეთი მაშინ დიდი ფული იყო. საქართველოში 1943 წლის შემოდგომაზე დავბრუნდი. ახლა სამუშაოს რომ ეძებენ, ასე კი არ იყო მაშინ, მთავრობა თვითომ ზრუნავდა. 20-21 წლის შემდეგ ინვალიდად დარჩენილ კაცს ფარ-ხმალი კი არ დამიყრია, მასწავლებლად მოვეწყე ხვანის სკოლაში.

- ფაქტია. აგერ მასწავლებელი შეგირთავთ ცოლად, თანაც - გერმანელი. იცოდა გერმანელები როგორ გაანადგურეთ? - არ იცოდა, არ გავუმხილე (იცინის). მეუღლე სანახევროდ იყო გერმანელი, თორემ ისე ქუთაისელი იყო, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ბიძაშვილი. მერაბი ხშირად მოდიოდა ხოლმე ჩვენთან.

მე და ჩემი ოჯახი ამ სახლში 1949 წლიდან გადმოვედით. აქეთ 3000 კვ/მ-ის კარმიდამო მაქვს. სოფლის გადაღმაც მაქვს მიწა. მეუღლე 70 წელს იყო მიტანებული, რომ გარდაიცვალა და აქ მარტო ვცხოვრობ. სამი შვილი მყავდა, ორი ქალი და ერთი ვაჟი. უფროსი ქალიშვილი, ნათელა ეკონომისტია, პროფესორი, მეორე ქალიშვილი გერმანისტია, აკადემიკოსი, მაგრამ ფიტოთერაპიაც შეისწავლა და ამ კუთხით მუშაობს, ვაჟი 20 წლის წინ დამეღუპა და ამ ამბავმა დამაქცია. შვილიშვილებიც მყავს, ცხრანი არიან. ზაფხულში არ მაწყენენ ხოლმე, რიგრიგობით ჩამოდიან. დანარჩენად, მეზობლის ქალი დამიქირავეს, საჭმელი რომ გამიკეთოს და სარეცხი გამირეცხოს.

4 წლის წინათ კიბო აღმომაჩნდა და ყბაზე ოპერაცია გავიკეთე, ამომაჭრეს. ხანდახან წნევა მაწუხებს, თუმცა მაინც ვბარავ, ვთოხნი, ვენახსაც თავად ვსხლავ ხოლმე. ძველი ვაზის ჯიშები მაქვს დარგული და ღვინოს ჩემი ერთ-ერთი შვილიშვილი წურავს. ერთი შვილიშვილი ხალხურ სიმღერებს მღერის. ბავშვები აქ ცოტა ხნით ჩერდებიან, მაგრამ ქალაქში გაზრდილები სოფელში საცხოვრებლად არ გადმოვლენ. სხვათა შორის, 2018 წლამდე საჩხერის პირველ საჯარო სკოლაში ვასწავლიდი სამხედროს.

- რით დაგიფასათ სამშობლომ თქვენი ასეთი თავდადება და სამსახური? - დიდი სამამულო ომის I-II ხარისხის ორდენები მაქვს. საქართველოს მთავრობამ კი ღირსების ორდენი გადმომცა. ახლახან საჩხერის საპატიო მოქალაქედაც ამირჩიეს. ხშირად წერდნენ ხოლმე ჩემზე, ჰყვებოდნენ ჩემს გმირობაზე, თბილისშიც ხშირად მიწვევდნენ შეხვედრებზე, მაჯილდოვებდნენ. ახლა ოფიცრებს პენსიაც გაგვიზარდეს - 500 ლარი გვქონდა და უკვე 600 გვაქვს, დამსახურებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებაც მაძლევს საჩუქრად თანხას. წამლებს უფასოდ ვიღებ, ვისაც მუდმივად სჭირდება პრეპარატი, მათთვის უფასოა... ძალიან მაფასებენ კიდეც, საერთოდ, ამაგის დაფასება ძალიან სასიამოვნოა, ყველა ჯილდოზე უკეთესია.

ახლა 102 წლის ვარ. ამას წინათ გაზეთში სიცოცხლის გახანგრძლივების ფორმულა ამოვიკითხე. წერდნენ, - სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ძალიან კარგია მარტოობაო. კი გამიკვირდა, მაგრამ, რომ დავფიქრდი, მართალი გამოდის - როგორც გინდა, ისე ცხოვრობ, არავინ განერვიულებს, ყველაფერს შენს ჭკუაზე აკეთებ, თავისუფლად ხარ. როცა მინდა, ავდგები, როცა მინდა, დავწვები, წავალ, წამოვალ. საერთოდ, დედაჩემი 108 წლისა გარდაიცვალა, მისი დედა - 115-ის. ბებიას რომ ვკითხავდით, როგორ ხარ-თქო, გვპასუხობდა, - არა მიშავს, მაგრამ ვატყობ, დედამიწას ვამძიმებო. რას დაამძიმებდა, მაგრამ ერტყობა, აღარ შეეძლო.

- თქვენ რა გარანტიას გვაძლევთ, საოჯახო რეკორდს მოხსნით? - კომუნისტებმა გეგმის გადაჭარბება იცოდნენ და... ქე ვიყავი კომუნისტი (იცინის)... ვნახოთ... ჩემ ხელად მოგყაროთ ღმერთმა ყველა.

ირმა ხარშილაძე