"ჰგონიათ, რომ აქ ქართული მაფიაა, ერთადერთი, რაც ძალიან მინდა ისაა, რომ სახლში წავიდე" - რას ამბობს კაბუ ციხეზე, ფრანგ "ბარიგებზე" და ნოსტალგიაზე (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ჰგონიათ, რომ აქ ქართული მაფიაა, ერთადერთი, რაც ძალიან მინდა ისაა, რომ სახლში წავიდე" - რას ამბობს კაბუ ციხეზე, ფრანგ "ბარიგებზე" და ნოსტალგიაზე (ექსკლუზივი)

მსახიობი კახა აბუაშვილი (კაბუ) უკვე მეხუთე წელია, რაც საფრანგეთში იმყოფება და ამჟამად, ნიცაში ცხოვრობს. მიუხედავად სამშობლოში დაბრუნების დიდი სურვილისა, ქვეყნის დატოვება ჯერ კიდევ არ შეუძლია, სახაზინო ადვოკატი კი საიმედოს ჯერ ვერაფერს ეუბნება.

შეგახსენებთ, რომ ქურდობის ბრალდებით, კაბუ საფრანგეთში 2018 წლის 18 აპრილს დააკავეს. მაშინ სპეცოპერაცია ევროპის ორ ქვეყანაში ჩატარდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის იყვნენ 4 ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი". კახა აბუაშვილი ადგილობრივ ციხეში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყვეტილა.

კაბუ თავისი ფრანგული ცხოვრების შესახებ გვიამბობს, მისი საუბრის სტილი კი, შეძლებისდაგვარად, დაცულია.

- კაბუ, როგორ ხართ? როგორ მიდის ცხოვრება ნიცაში?

- რა გითხრათ, ჩვეულებრივად, არაფერი განსაკუთრებული... უფრო სწორად, ცუდად, იმიტომ, რომ ჩემს სახლში მინდა, ძალიან!

- როგორც ცნობილია, ჯერ ქვეყნის დატოვება არ შეგიძლიათ, რა ეტაპზეა ახლა თქვენი საქმე?

- რა ეტაპზეა ჯერ არ ვიცი და ვერც მაგებინებენ, იმიტომ, რომ ადვოკატს როცა ვურეკავთ, ტელეფონს საერთოდ არ პასუხობს, არც მიწერილზე გვპასუხობს. მოკლედ, საერთოდ ვერ გავიგე, რა ხდება. მეც დავიღალე უკვე ამდენი წერა-კითხვით. ამბობენ, 1-2 თვეში უნდა დამთავრდესო, რადგან მეტის უფლება არ აქვთ, მაქსიმუმ აპრილამდეა დრო და ვნახოთ.

- ეს ადვოკატი კერძოა თუ სახაზინო?

- მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება, ფულს გადავუხდი თუ არა, მაინც ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს, არც ერთი მომწონს და არც მეორე და ფული რატომ ვუხადო? ამიტომ, სახაზინოა.

- მახსოვს, ადრე ციხეებში არსებულ პრობლემებზეც საუბრობდით, პატიმრების მდგომარეობაზე. ასეთი მოწესრიგებული ქვეყნის პენიტენციალურ სისტემაში მსგავსი პრობლემებია?

- რაღაცები აქვთ დალაგებული, რაღაცები კი აქაც არეულ-დარეულია. ცუდი ინფორმაციები აქვთ ჩვენზე, ჰგონიათ, რომ ქართველები კაციჭამიები არიან, ასე არ არის! კაციჭამიები თვითონ ჰყავთ აქ, ხალხი ვნახე ისეთი, დედას გეფიცები, ხელკეტებს ურტყამენ ქუჩაში ხალხსაც და მანქანებსაც. ასეთები ქართველებმა რომ გააკეთონ, ჩამოგვახრჩობენ.

- რა ინფორმაციები აქვთ და ვისზე?

- ჰგონიათ, რომ აქ ქართული მაფიაა და სასწაულებს აკეთებენ, მაგრამ ასე არ არის. ეს თვითონაც კარგად იციან, მაგრამ აბუქებენ. სიმართლე გითხრა, ამაზე ლაპარაკითაც კი დავიღალე უკვე, ყელში მაქვს და აღარც მსიამოვნებს. ერთადერთი, რაც ძალიან მინდა ისაა, რომ სახლში წავიდე! ჩემი საქმე გავაკეთო და ჩემი ოჯახი ვნახო! ჩემი შვილები ვნახო, როგორ იზრდებიან და როგორ გაიზარდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში. ჩემი ბიჭი რამდენიმე დღის წინ, 18 წლის გახდა, სულ პატარა დავტოვე. ძალიან მენატრებიან, ტო! ეს არის ჩემი ერთადერთი საფიქრალი და სადარდებელი, მეტი არაფერი.

ვიღაცები მწერენ, საქართველოში რა გინდა, ნახე, მანდ რა სილამაზეაო. ვეღარც სილამაზეს ვხედავ და ვერაფერს, ვერც ამათ კაცთმოყვარეობას და ვერც ლოიალურობას. გამომიშვეს და მიდი, იყავიო, მითხრეს. როგორ ვიყო, ხომ არ იციან შემთხვევით? ზოგი მეუბნება, ადექი და წადიო. ასეც არ გამოდის.

- კანონით რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას თვითნებურად დატოვებთ?

- წარმოდგენა არ მაქვს. არ ვიცი.

მსახიობი ვარ და ჩემი საქმის გაგრძელება მინდა, სასცენო ცხოვრების, გასტროლები და ა.შ. რატომ უნდა გამოვაკლდე ამ ყველაფერს? რომ წამოვიდე, რატომ უნდა ვიყო შიშის ქვეშ, ვიღაცამ ხელი არ მომკიდოს და არ დამიჭიროს? თორემ აქედან დიდი ხნის წამოსული ვიქნებოდი!

- როცა დაგიჭირეს, რა მტკიცებულებები ჰქონდათ?

- არა, რის მტკიცებულება უნდა ჰქონოდათ, რაც არ გამიკეთებია? ვიღაცის ნაბოდიალები იყო ჩემს ტელეფონზე. მე ვარ-მეთქი, ვუთხარი, აბა, რა მეთქვა, სხვები არიან-მეთქი?

- და რეალურად რა ხდებოდა?

- არაფერი, რა, ბანდა ხართო და რაღაც პირამიდებზე მელაპარაკებოდნენ. ვერ მივხვდი, რა უნდოდათ, რა კუბიკ-რუბიკებზე მელაპარაკებოდნენ. მაფიაზე იყო საუბარი, ჩემს სამეგობროზე, ტო! რა მაფია? საერთოდ რატომ დადიოდით ქართველების შეკრებაზეო? აბა, მაიას ტომების შეკრებაზე ვიარო? შევხედოთ, აბა, ერთი, რას დაგვიმტკიცებენ. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან მოამთავრეს საუბარი და რატომ ვყავარ ასე გაჩერებული, ვერ გავიგე. ან ის ხალხი რატომ ჰყავთ ციხეში?

- დანარჩენები ყველა ციხეში არიან ახლა?

- ყველა არა, მაგრამ უმეტესობა, თანაც უინფორმაციოდ, უყველაფროდ. ამაზე ფიქრითაც და საუბრითაც მაგრად დავიღალე უკვე! გაურკვევლობამ დამღალა, თორემ ჩამოყალიბებული რომ იყოს რამე და ინფორმაცია რომ მაინც მქონდეს, კიდევ ხო. ვზივარ და რაღაცას ველოდები, როდის გამადეპორტებენ საფრანგეთიდან. რისთვის ვიმკურნალე? ლამის ისევ დამაავადეს.

- ახლა როგორ ხართ?

- "ნარმალნა", კარგად. უკვე მოვდიოდი, როცა დამიჭირეს. სახლში კი არ ვარ გამოკეტილი და დეპრესიაში კი არ ვარ, დავდივარ კიდეც სადმე, მაგრამ სახლში მინდა, ხომ ხვდები? მუშაობა მინდა. ვერ ვიტყვი, აქ გართობას გადავყევი-მეთქი, ჩემი მიზანი რაც იყო, ის გავაკეთე - ვიმკურნალე. ისიც უნდა ითქვას, რომ მართლა ლამაზია აქაურობა და არც ძალიან ბევრი ფულია საჭირო იმისთვის, რომ რაღაცები დაათვალიერო, მეც ბევრი კარგი რამ ვნახე.

ახალგაზრდობასთან შეხება დიდად არ მქონია, მაგრამ რასაც ვუყურებ, გემრიელად ერთობიან. ძალიან ბევრ მოსაწევს ეწევიან, "პახოდუ" ყიდიან... ნარკოტიკების თემაც აქტუალურია, კოკაინი-მოკაინი. არაბებიც ერთობიან ამით.

- ნარკოტიკების გასაღებისთვის არ ისჯებიან?

- როგორ არა! ცოტა ხანს გარეუბანში ცხოვრებამ მომიწია და მე აქ ისეთი ომები მაქვს ნანახი, "ბარიგებსა" და პოლიციას შორის... გული მწყდება, რომ არ გადავიღე. გაოგნებული დავრჩი, რას უშვრებოდნენ პოლიციას, ეს "მასკიანი" ბავშვები თავზე დაახტნენ, დახოცეს ერთმანეთი ცემაში, ბოლოს, მაინც დაიჭირეს ვიღაცები. იცი, როგორი "ბლატნოი" "ბარიგები" არიან, შეიძლება ტყვია გგლიჯონ თავში. "მასკებით" დგანან და ასე ყიდიან სადარბაზოებშიც კი. 12-13-14 წლის გოგონები ყიდულობენ, გაგიჟდები. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის კარგი, ქართველო გოგონებო და ბიჭებო! არასდროს გააკეთოთ, საშინელებაა. მოკლედ, ამ "ბარიგებს" მთელი ამბები აქვთ, თავიანთი იერარქიები. იქ ცხოვრებისას გავერკვიე ამ ამბებში, ციხეშიც. იმიტომ არ მინდა ხოლმე ამ თემებზე საუბარი, მერე, ზოგს რაღაცები ჰგონია.

- კაბუ, რას ეტყოდით ქართველებს?

- ძალიან მიყვარხართ და ძალიან მენატრებით, დედას გეფიცები. ვიცი, რომ ხალხს ძალიან უჭირს და ყველანაირები მიყვარხართ, მოსიყვარულეებიც და მაგინებლებიც, დათრგუნულებიც, გაბოროტებულებიც. გენაცვალეთ თქვენ, ყველას აბსოლუტურად. გაგრძელება

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)