ჯერ გასართობად მღეროდნენ, გულის ჭიის გასახარად, მერე კი... - კვირის პალიტრა

ჯერ გასართობად მღეროდნენ, გულის ჭიის გასახარად, მერე კი...

გიგი დედალამაზიშვილი: "ყველანაირ დაკვეთას ვერ შევასრულებ"

ისინი უცებ გამოჩნდნენ და უმალ დაიპყრეს მსმენელი ხმაურიანი შეძახილებით. "მგზავრები" დაირქვეს. რატომ? ალბათ, ხან აქ, ხან იქ რომ არიან, სიცოცხლე უხარიათ და განურჩევლად ყველასთან ერთად "მგზავრობენ" დღისით თუ ღამით, მთასა თუ ბარში, დარსა თუ ავდარში...

როგორ დაიბადა ანსამბლი? როგორ და, ძალიან ჩვეულებრივად. ჩვენში ხომ ყოველი მეორე მღერის... ჰოდა, სწორედ ასეთებმა მოიყარეს თავი. მღეროდნენ გასართობად, გულის ჭიის გასახარებლად. მერე კი, მეგობრებმა ტელევიზიაში ნაცნობებს უთხრეს, -  ბიჭებმა მაგარი ჯგუფი შექმნეს, კარგ სიმღერებს მღერიანო და... დღემდე "მგზავრები" ერთ-ერთი სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის სახლში ატარებენ რეპეტიციებს.

ბიჭებს რეპეტიციის დაწყების წინ ვესტუმრე.  გიგი დედალამაზიშვილმა ანსამბლის შესახებ ხალისით მიამბო:

- პოლიტექნიკურში ვსწავლობდი სამართალმცოდნეობაზე, მერე თეატრალურში მომინდა სწავლა. თუმცა, ახლა არც იურისტი ვარ და არც მსახიობი. ვწერ სიმღერებს, ვმღერი ჩემს მეგობრებთან ერთად და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ.

ბევრჯერ უკითხავთ - რა მიმართულებისაა თქვენი სიმღერებიო. ესაა გრძნობების მუსიკა, რომელიც რაღაც განცდის საფუძველზე იქმნება. ეს შეგრძნებები ყოველ მეორეს "სჭირს", ამიტომაც შეიყვარა მსმენელმა. სიმღერის ტექსტების უმეტესობა ჩემს ყოფილ საცოლეს, ანა სანაიას ეკუთვნის. მას ჰქონდა პატარ-პატარა ლექსები. ამ ლექსებს ჩემსასაც ვამატებდი და ერთობლივი ნამუშევარი გამოგვდიოდა. მართალია, ჩვენ დავშორდით, მაგრამ დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენს ყველა სიმღერას თავისი პრეისტორია აქვს, უმეტესობა რომელიმე მეგობრის სიყვარულის გამო გახლავთ დაწერილი.

- შეკვეთით დაგიწერიათ სიმღერა?

- კი, როგორ არა. მაგალითად, სიმღერა "თუკი საქართველო გიყვარს" დათო გამყრელიძის შეკვეთით დავწერე. მას საპრეზიდენტო არჩევნების დროს სიმღერა სჭირდებოდა სამშობლოს სიყვარულზე. მერე პოლიციის დაკვეთით დავწერე "თუ ერთად ვართ, ძლიერები ვართ". მგონი, არც ერთი სიტყვა მიუღებელი არა არის. თუკი საქართველო გვიყვარს, ვეცდებით, ავაღორძინოთ ჩვენი ქვეყანა, ხოლო თუ ერთად ვიდგებით, ვერავინ მოგვერევა, ხომ ასეა?.. თუმცა, ყველანაირ დაკვეთას ვერ შევასრულებ!

- უცხოეთში როგორ ხვდებიან თქვენს სიმღერებს?

- ძალიან მოსწონთ. მახსენდება ჩვენი პირველი გამოსვლა ბელორუსიაში. სიმღერის ფესტივალში ("Золотой шлягер"-ი), 14 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პირველ დღეს გუნება გამიფუჭდა და წამოსვლაც კი მინდოდა. იქ იყვნენ ასაკოვანი პროფესიონალი მუსიკოსები, ჩვენ კი 19-20 წლის მოხალისეები გახლდით. გამოვედით სცენაზე. დარწმუნებულები ვიყავით, მაინც ვერ გავიმარჯვებდით ამდენ მუსიკოსში და ჩვენებურად შევუბერეთ. დაინგრა დარბაზი. მერე მეორე სიმღერა ვიმღერეთ, მერე კიდევ... ოვაციები კი არ წყდება.

ამოდიან გოგონები სცენაზე, გვკოცნიან, ყვავილებს გვჩუქნიან. კი მიხაროდა, მაგრამ გაოცებული ვიყავი. ვფიქრობდი, - ნეტავ, ხომ არ ვეშლებით, პავლიაშვილი ხომ არ ვგონივართ-მეთქი... იმ საღამოს ფესტივალის ხელმძღვანელებმა, მონაწილეებთან ერთად, რესტორანში გადავინაცვლეთ. აი, იქ ჩავატარეთ თუ ჩავატარეთ კონცერტი სიმღერითა და ცეკვით, "მრავალჟამიერით", ქართულის გასმით და აჭარულის ჩახვევით. მოკლედ, იმ დღის ფავორიტები ვიყავით. მეორე დღეს მკვდრებივით გვეძინა. კარზე ბრახუნი შემოგვესმა.

რომ აღარ გაჩერდნენ და ლამის კარი ჩამოიღეს, ძლივს წამოვდექი და გავაღე. ზღურბლთან ძალიან უკმაყოფილო სახით იდგნენ კონკურსის ორგანიზატორები - რატომ არ ჩამოხვედით 11 საათზე ადგილების და პრიზების განაწილებაზეო. არავის გავუფრთხილებივართ-მეთქი. როგორო? ლიფტში განცხადება რომ იყო გაკრული, ვერ წაიკითხეთო? უკან არ დავიხიე, - ჩვენში ლიფტში აკრავენ "ვაკეთებ სანტექნიკას", "დავკარგე ლეკვი" და ამგვარ განცხადებებს-მეთქი. თურმე, მეორე ადგილი აგვიღია. რომ გამოგვაცხადეს და იქ არც ერთი არ ვიყავით, კონკურსის ორგანიზატორი ხმამაღლა კიოდა თურმე:

" Где Грузины неужели они спят?" პირველ ადგილზე გავიდნენ ყაზახები, მეორეზე - ჩვენ, "ბალამუტი" ქართველები, მესამეზე - პოლონელები. რუსები საპრიზო ადგილის გარეშე დარჩნენ და დაიბოღმნენ. ავიღეთ 700.000 ბელორუსული ფული (ანუ 1.000 დოლარი) და მეორე საღამოს გამარჯვებულებთან და იქაურ ვარსკვლავებთან ერთად ვიმღერეთ.

- რამდენი სიმღერა გაქვთ რეპერტუარში?

- ასზე მეტი. გვაქვს სიმღერების ციკლი აფხაზეთზე. მე მათ "ჩუმად სიმღერას" ვუწოდებ, რადგან ხმაურიან აუდიტორიაში არ იმღერება, მას დაფიქრება უნდა, სევდასთან ერთად იმედიც ახლავს. მალე მოვასმენინებთ ხალხს ამ სიმღერებს.

- როდემდე აპირებთ "მგზავრები" მოგზაურობას?

- სანამ უფალი ინებებს და მსმენელს არ მოჰბეზრდება.

ციცი ფალავანდიშვილი, გიგის დედა: - ეს ბიჭები ჩემი ნამოწაფრები არიან, "გეპეის" კაპელაში მღეროდნენ.

- დედალამაზიშვილი იშვიათი გვარია...

- როცა მე და გიამ (გიგის მამამ) შეუღლება გადავწყვიტეთ, დედაჩემს გავუმხილე. რა გვარიაო? - მკითხა (ფალავანდიშვილი გახლავართ და სიძეც თავადური გვარის უნდოდა). ვუპასუხე - დედალამაზიშვილი-მეთქი. დედა არ მაინტერესებს, თვითონ რა გვარიაო. ამაზე მერე კარგა ხანს ვიცინოდით. თურმე ერთი ლამაზი ქალი მშობიარობას გადაჰყოლია და მის შვილზე ამბობდნენ - იმ ლამაზი დედის შვილიაო. სწორედ აქედან წარმოიშვა ეს გვარი. 5 წლის იყო გიგი, რომ ამღერდა.

17 წლისამ გიტარის დაკვრაც ისწავლა. ძალიან თბილი ადამიანია, მეგობრებისთვისაც სულს არ დაიშურებს. 11 ნოემბერს, ჩემი დაბადების დღეზე, ისეთი სიურპრიზი მომიწყო, მღელვარებისგან ცრემლებს ვერ ვიკავებდი. რესტორან "წისქვილში" დამიპატიჟა ყველა მეგობარი და მითხრა, - წადი, იქ გელოდებიან, სუფრა გაშლილიაო. მერე თვითონაც მოვიდა...

უსაზღვროდ მიხარია, რომ "მგზავრები" ასე შეიყვარა ხალხმა. დარწმუნებული ვარ, ანსამბლის წარმატების საიდუმლო ამ ბიჭების ურთიერთსიყვარულშია, "მგზავრების" მეგზური კი ხალხის სიყვარულია.