"კვლევებით ყველა შესაძლო პათოგენი გამოირიცხა" - რას ამბობს ინფექციურის სამედიცინო დირექტორი კლინიკაში მოთავსებულ ოთხ პაციენტზე - კვირის პალიტრა

"კვლევებით ყველა შესაძლო პათოგენი გამოირიცხა" - რას ამბობს ინფექციურის სამედიცინო დირექტორი კლინიკაში მოთავსებულ ოთხ პაციენტზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს ორ მოქალაქესთან მიმართებით საქართველოში ჩატარებული კვლევებით ახალი კორონავირუსის ნიშნები გამოირიცხა.

ექიმის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცენტრში მოთავსების დროსაც არ იყო მძიმე.

მისივე თქმით, შემოსვლისას მათ ჰქონდათ ტემპერატურა, არაუმეტეს 38 გრადუსისა და იშვიათი ხველა. მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდათ კვლევა და ანთების მარკერებზე სისხლის კლინიკური კვლევა.

ექიმის თქმით, სიმძიმის მაჩვენებლები ლაბორატორიულითაც გამოირიცხა, არცერთთან არ აღმოჩნდა პნევმონია და ანთების მარკერებიც არ იყო მაღალი. აქედან გამომდინარე, როგორც ექიმი განმარტავს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ჩაითვლება მძიმე ფორმებად. ეზუგბაიას თქმით, მათ ყველა ტიპის გამოკვლევა ჩაუტარდათ, ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია გერმანიაში და ახლა ელოდებიან პასუხს კორონავირუსთან დაკავშირებით, თუმცა მისივე თქმით, ის, რომ ქალბატონსა და მამაკაცს კორონავირუსი აღმოაჩნდეთ, ამის შანსი მინიმალურია.

რაც შეეხება ჩინეთის მოქალაქე ტყუპ ბავშვებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და დღეს გაეწრებიან ბინაზე. ეზუგბაიას თქმით, ტყუპების შემთხვევაში დასრულდა მეთვალყურეობის პერიოდი, არ აქვთ მაღალი ტემპერატურა, ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჯერჯერობით, მოთავსებულია სულ ოთხი პაციენტი. აქედან ორ პაციენტს (ჩინეთის მოქალაქე ტყუპ ბავშვებს) დაუდგინდა H1N1, ხოლო ორი პაციენტი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, მკურნალობას განაგრძობენ. ამათთან ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოირიცხა პნევმონია, არსებული მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა. მათი ზოგადი მდგომარეობა, დღეისთვის თითქმის დამაკმაყოფილებელია. განაგრძობენ მეთვალყურეობას გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან ჩატარებული კვლევებით ყველა შესაძლო პათოგენი გამოირიცხა, ამიტომ, საჭიროებს კვლევის გაგრძელებას, რომლის საბოლოო პასუხს დაახლოებით 2 ან 3 დღე სჭირდება", - განაცხადა ეზუგბაიამ. ამასთან, მისი თქმით, ჩინეთიდან ჩამოსული პირები თბილისის ინფექციურ კლინიკას აკითხავენ, მაგრამ ეს პირები არიან მხოლოდ კონტაქტებში მყოფი პირები.

"მათთან დაავადება არ არის გამოვლენილი. ისინი ინფიცირებულები არ არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ტემპერატურა და სხვა კლინიკური სიმპტომები არ აქვთ. ასეთი პაციენტები მოდიან ჩვენთან, იღებენ კონსულტაციას, ბრუნდებიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და განაგრძობენ მეთვალყურეობას 14 დღის განმავლობაში საზოგადოებრი ჯანდაცვის მეშვეობით", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ექიმის განმარტებით, კორონავირუსი სხვა ვირუსისგან, მაინცდამაინც არ განსხვავდება.

"ეს არის ცხელება, ხველა, შესაძლოა თავის, სახსრების ტკივილი და ა.შ. უბრალოდ, განსხვავება გამოიხატება იმაში, რომ ამ ახალ კორონავირუსს, როგორც სხვა კორონავირუსებს გამოვლენის მძიმე სიმპტომატიკა აქვთ, რასაც ჰქვია მძიმე რესპირატორული ვირუსული ინფექცია. ასეთ დროს დაავადება მძაფრად იწყება. ტემპერატურა 38 გრადუსზე მეტია, აქვს ხველა და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევაში, როცა დაავადება პროგრესისრებს ვითარდება პნევმონია", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში სულ 4 ინფექციური კლინიკაა. ბაზაში არსებობს 12 ბოქსირებული, სრული საიზოლაციო განყოფილება, რომლებსაც გარედან ცალკე შესასვლელი და გამოსასვლელი გააჩნია.