ელჩი: "უხანიდან საქართველოს სამ მოქალაქეს რამდენიმე საათში თურქეთში გადაიყვანენ, ხოლო ორის ევაკუაციას ვგეგმავთ დღეს" - კვირის პალიტრა

ელჩი: "უხანიდან საქართველოს სამ მოქალაქეს რამდენიმე საათში თურქეთში გადაიყვანენ, ხოლო ორის ევაკუაციას ვგეგმავთ დღეს"

ქალაქ უხანში მყოფ საქართველოს სამ მოქალაქეს რამდენიმე საათში თურქეთში გადაიყვანენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ განუცხადა.

მისი თქმით, უხანში მყოფი რამდენიმე მოქალაქიდან, ტრანსპორტირებაზე უარი მხოლოდ ერთმა თქვა.

"ამ დროისთვის, უხანში დარჩენილია ოთხი მოქალაქე. ერთს ურჩევნია უხანში იყოს და იქ გაატაროს კარანტინის პერიოდი, ერთს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, ხოლო ორის ევაკუაციას ვგეგმავთ დღეს ღამე, სავარაუდოდ, საფრანგეთის მიმართულებით", - განაცხადა არჩილ კალანდიამ.

შეგახსენებთ, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც, მედიის ცნობით, თურქ მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ჩინეთიდან ევაკუაციაც ხორციელდება, უკვე ანკარისკენ მიემართება.

მოქალაქეების გარდა, თვითმფრინავში 11 სამხედრო, ექვსი ექიმი, ორი ჟურნალისტი და ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელია.

ყველა მგზავრი, რომელიც ბორტზე იმყოფება, ასვლამდე სამედიცინო ექსპერტების ჯგუფმა საფუძვლიანად შეამოწმა. თურქეთში ჩასვლისთანავე ისინი ანკარის საავადმყოფოში, საკარანტინო პირობებში 14 დღის მანძილზე გაჩერდებიან.

"ინტერპრესნიუსი"