"ვერიკო და სესილია კარტს რომ თამაშობდნენ, ეს იყო სანახაობა. მიშა ჭიაურელი სულ ყავას იხარშავდა" - რას იხსენებს ვერიკო ანჯაფარიძის ძმისშვილი? - კვირის პალიტრა

"ვერიკო და სესილია კარტს რომ თამაშობდნენ, ეს იყო სანახაობა. მიშა ჭიაურელი სულ ყავას იხარშავდა" - რას იხსენებს ვერიკო ანჯაფარიძის ძმისშვილი?

"ერთი წლით უფროსი ვიყავი სოფიკოზე და სულ დამცინოდა, შენ ბებერი ხარ და მე ახალგაზრდაო. მე ცელქი ვიყავი, სოფიკო - უარესი, ამიტომ ერთად აუტანელი ვხდებოდით..."

ჩემი რესპონდენტი ქეთი ანჯაფარიძე ბავშვობაში ოჯახთან ერთად ხშირად ისვენებდა ქვიშხეთში. ერთხელ ვერიკო ანჯაფარიძე და სოფიკოც გაჰყოლიან. საღამო ხანს ვერიკო ფოსტაში წასულა დასარეკად, გზად ვიღაც ქალი მისალმებია. ვერიკოს თავი დაუკრავს, ალბათ, მიცნოო, უფიქრია, ქალი კი გამოლაპარაკებია, ისე ჰგავხართ ქეთის, ალბათ, დედამისი ბრძანდებითო. დედა არა, ახლო ნათესავი ვარო, ღიმილით უპასუხია ვერიკოს.

ქეთი ანჯაფარიძე ვერიკო ანჯაფარიძის ძმისშვილია. ის ნამდვილად ძალიან ჰგავს მამიდას.

ოჯახი

- მყავდა არაჩვეულებრივი ოჯახი, წინაპრები. ბაბუა, ივლიანე ანჯაფარიძე, ქუთაისში ნოტარიუსი იყო, მისი მეუღლე გახლდათ მარიამ მესხი, შვილიშვილები ბუტას ვეძახდით (ბუტა ბებიას დედის ძმისშვილი იყო კოტე მარჯანიშვილი). მათი შვილები იყვნენ: მამაჩემი, ცნობილი თერაპევტი ლევან ანჯაფარიძე, მამიდაჩემი - დიდი ვერიკო და მეორე მამიდა - მერი ანჯაფარიძე, გია დანელიას დედა. ჰყავდათ კიდევ ერთი ძმა, რომელიც ადრე გარდაიცვალა და მის ობოლს, ჯუანშერს, ბუტა ბებია ზრდიდა. ვერიკო და მამა გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს. მე ძალიან მამსგავსებენ ვერიკოს. ახალდაბადებული პირველად რომ მიმიყვანეს დედასთან, უთქვამს, მეორე ვერიკო დაიბადაო.

სოფიკო

- ერთი წლით უფროსი ვიყავი სოფიკოზე და სულ დამცინოდა, შენ ბებერი ხარ და მე ახალგაზრდაო. მე ცელქი ვიყავი, სოფიკო - უარესი, ამიტომ ერთად აუტანელი ვხდებოდით. მამიდაჩემი "იდიოტკებს" გვეძახდა...

ახლა იმდენი მანქანაა შეფენილი ფიქრის გორაზე, გასავლელი აღარ არის, მაშინ კი იმ ქუჩაზე, სადაც ჭიაურელები ცხოვრობდნენ (დღეს ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩა), ერთი მანქანა იდგა - ძია მიშა ჭიაურელის მანქანა, ამიტომ დიდი ადგილი იყო ფეხბურთის სათამაშოდ. მე და სოფიკო სულ ერთ გუნდში ვიყავით და ბიჭები არ გვანებებდნენ გამარჯვებას. მერე სოფიკომ ჭკუა იხმარა - ქუჩის ბოლოს ხევი იყო და თამაშის დაწყებისთანავე ბურთს ისე დაარტყამდა, ხევში ვარდებოდა. ეს სულელი ბიჭები გაცვივდებოდნენ ამოსატანად და ისეთი დაღლილები ამოდიოდნენ, ვეღარ გვიგებდნენ. სცენისა და ეკრანისთვის დაბადებული სოფიკო ცხოვრებაში არასდროს თამაშობდა, ყოველგვარი კეკლუცობისა და პრანჭვა-გრეხის გარეშე ატყვევებდა ყველას. ერთხელ უცხოელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორია დიდი არტისტის დღის განრიგი, თქვენი დილა როგორ იწყებაო? სოფიკომ გააშაყირა, დილას ვიღვიძებ, ვარდის აბაზანას ვიღებ, მერე მასაჟს ვიკეთებო... ეს ჟურნალისტიც იწერდა. მერე გაჩერდა და ჰკითხა, მართლა გჯერა, რასაც გეუბნებიო? ჩასვა მანქანაში და უთხრა, ახლა გაჩვენებ, როგორ იწყება დღეო. ჯერ ბაზრობაზე მოაგვარა საქმე, მერე ბაზარში გამოიარა, მერე იქ, მერე აქ... ასეთი იყო - ენერგიული, მოუსვენარი. ქეთი და სოფიკო გაგრაში

ერთ ცნობილ ოჯახში სტუმრად მიგვიწვიეს. ჩვენ წინ მჯდომი ლამაზი ქალი სოფიკოს ეუბნება, ქალბატონო სოფიკო, ჩვენ უკვე ასაკში ვართ და სახის მოვლა აუცილებელია, ძალიან კარგ ნიღაბს გასწავლით: უნდა აიღოთ არაჟანი, ხაჭო, ვაშლი, ლიმონი, კვერცხი, ერთმანეთში აურიოთ, სახეზე დაიდოთ და 30 წუთი გაუნძრევლად იჯდეთო... ის ქალი გატაცებით უხსნის გაახალგაზრდავების რეცეპტს, სოფიკო კი უღიმის და ფეხს მკრავს. ბოლოს ნებისყოფამ უმტყუნა, კარგი იქნებოდა, თქვენსავით მომევლო კანისთვის, მაგრამ მე ცხოვრებაშიც ფუფალასავით წავითხიპნი, რაც ხელში მომხვდება, გადავიცვამ და გავრბივარ, რადგან ძალიან ბევრი საქმე მაქვს. იქნებ არც დაიჯეროთ, მაგრამ არასდროს მივსულვარ სტილისტთან, არც ფრჩხილები გამიკეთებია სალონში, საკუთარი ძალებითაც იოლად გავდივარო.

ბოლო დროს სოფიკოს სულ ვეჩხუბებოდი, რას ჰგავხარ, მორჩი სმა-ჭამას, გასუქებული ხარ-მეთქი. ერთხელ სიცილით მიპასუხა, გასუქებული კი არა, გასივებული ვარ ბოღმისგანო. შენ და ბოღმიანი-მეთქი, გავიკვირვე. ისე ჰგავხარ დედაჩემს, სიბერეში ხომ მისი ასლი გახდი და ამაზე ვიბოღმებიო. უკანასკნელ დღეებში სულ სოფიკოსთან ვიყავი. ერთხელ ჭიქით წყალი მივაწოდე და მეუბნება, იცი, ქეთი, რა ბედნიერი ვარ, ასე მგონია, დედა მადგას თავზე და მივლისო...

ბებია და შვილიშვილები

- ბუტა ბებიამ სიბერეში მოიტეხა მენჯ-ბარძაყი და 12 წელი ვერიკოსთან ცხოვრობდა ლოგინს მიჯაჭვული.

- ლეგენდები დადიოდა, როგორ ზრუნავდა ვერიკო დედაზე. - სულ ვარდის წყლით ბანდა... ბებიას მოსანახულებლად ხშირად მიდიოდა მამა, დამშვიდობებისას კი ბალიშის ქვეშ ამოუდებდა ფულს. 7 ონავარი - მე, ჩემი ძმა თემური, ჯუანშერი, გია დანელია, სოფიკო, სოფიკოს ძმები ვსახავდით გეგმებს და ვუცდიდით მომენტს, როგორ დაგვეცინცლა ბებიასთვის ფული, რომ სადმე წავსულიყავით გასართობად. ბევრი ბჭობის შემდეგ ბებიასთან ჯუანშერს შევაგდებდით, ჩვენს მოგონილ მიზეზებს დაისწავლიდა და ბებიას უყვებოდა. ბებია, რა თქმა უნდა, "იჯერებდა" და ხელცარიელს არასდროს უშვებდა... ერთი ამბავი მახსენდება, რომელიც 15 წლის გიას გადახდა და მთელ თბილისში ანეკდოტად დადიოდა. ფული რომ შემოეხარჯა, მოსკოვში დეპეშა აფრინა: "საყვარელო მამა, დავკარგე ჯიბის ფული. გკოცნი, გია", რაზეც კოლია ბიძიამ დეპეშითვე უპასუხა: "გაიკერე ჯიბე. მამა".

ჩემი არჩევანი

- ძალიან მინდოდა მსახიობობა, მამა არასდროს ჩარეულა ჩემს არჩევანში, მაგრამ ჩემით გადავიფიქრე. იცით, რის გამო? ერთხელ სპექტაკლს ვესწრებოდით, მარგარიტა გოტიეს თამაშობდა მამიდა. სპექტაკლის დასასრულს ვიღაცამ მამას წასჩურჩულა, ქალბატონი ვერიკო თავს ცუდად გრძნობს და იქნებ კულისებში ააკითხოთო. მამა გავარდა, რა გჭირსო, მამიდამ კი ღიმილით უპასუხა, დღეს კარგად ვითამაშე, სპექტაკლის შემდეგ, თუ მაჯა ამიჩქარდა და ტაქიკარდია დამეწყო, ეს ნიშნავს, რომ კარგად მოვირგე ჩემი პერსონაჟის განცდები და აგერ შედეგიცო. შინ რომ მოვედით, მამამ თქვა, მეჯავრება, ჩემი და რომ მსახიობია. კი, შესანიშნავი მსახიობია, მაგრამ მის გამო სულ ვღელავ, დღესაც ვინერვიულე, მაგრამ ის სულელი მიმტკიცებს, კარგია, რომ ტაქიკარდია მაქვსო. მისი ეს სიტყვები გულში ჩამრჩა და ექიმობა გადავწყვიტე. არ ვნანობ, კარგი არჩევანი გავაკეთე.

ვერიკო და მიშა

"მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა. ვერ გაიგებდი, თვალებით ვის უყურებდა. ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა... ყველას მოგვესალმა. მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი... და ვხედავდი მხოლოდ მას! ეზოში, მწვანეზე ჩამოვსხედით ყველა. მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა! ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს... ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობს სთხოვა, რამე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა. სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც... ვთხოვ, იქნებ დამიჯეროს, - გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი, მეც გეხვეწებით-მეთქი. ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო... რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი... ვერაფერს ვგრძნობდი... მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე", - ასე იხსენებდა მიშა ჭიაურელი ვერიკო ანჯაფარიძესთან შეხვედრას. მათი სიყვარული ძლიერი და მარადიული იყო. ერთმანეთს დიდ პატივს სცემდნენ, მაგრამ იყო რაღაცები, რაზეც საწინააღმდეგო შეხედულებები ჰქონდათ. მიშა გაქანებული სტალინელი იყო, მამიდაჩემი კი ანტისტალინელი. ბოლომდე ასე დარჩნენ.

- ამბობენ, რომ ვერიკო ანჯაფარიძეს საერთო ენის გამონახვის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. ალბათ, მსახიობი რომ არა, კარგი დიპლომატი დადგებოდა. - რა ვიცი, მე მომისმენია ვერიკოსა და მიშას ჩხუბი სტალინის შესახებ, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ დიპლომატობას შეძლებდა...

მაშინ ასე იყო, დიდ პიროვნებებს აუცილებლად უწყობდნენ დახვედრას. ბრეჟნევი რომ უნდა ჩამოსულიყო, დაურეკეს ვერიკოს და წასვლა უბრძანეს, მე ასე ვიცი სოფიკოსგან, ვერიკო ისე არ წავიდოდაო. იმ შეხვედრაზე არაფერს იხსენებდა, ამ თემაზე ლაპარაკიც არ უნდოდა.

მახსოვს, კახეთში იყვნენ გადაღებებზე, მე და სოფიკოც ვახლდით. საღამოობით ვერიკო, სესილია, მაშინდელი ვარსკვლავები, კარტს რომ თამაშობდნენ, ეს იყო სანახაობა. მიშა ჭიაურელი სულ ყავას იხარშავდა. ეს კადრი გონებაში ჩამებეჭდა.

გია დანელია

- გიას არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი. როცა ბიძაშვილ-მამიდაშვილები ერთად ვიყავით, ბიჭები ჩუმად რაღაცას მოილაპარაკებდნენ და მიდიოდნენ. ამაზე მე და სოფიკო ისეთ ამბავს ვტეხდით, კარს ვკეტავდით და სახლში დაბრუნებულებს არ ვუშვებდით, სანამ კარიდან ჩვენს მოსასყიდად ტკბილეულს არ დაგვანახებდნენ...

გია დანელია სოფიკოს გასვენებაში ვერ ჩამოვიდა. საავადმყოფოში არ იწვა, შინ იყო, მაგრამ ჟანგბადის ბალიშებით სუნთქავდა. გულის უკმარისობა ჰქონდა...

გიას გარდაცვალება რომ გავიგე, ნიკუშა შენგელაიას დავურეკე, დაკრძალვაზე მოსკოვში ხომ არ მიდიხარ-მეთქი. ვიზის გაკეთებას ვერ ვასწრებო. სასულიერო პირი ყოფილა საქართველოდან მის დაკრძალვაზე და მიამბო, ასეთი დასაფლავება არ მინახავს, მთელი მოსკოვი გამოსული იყო გია დანელიას უკანასკნელ გზაზე გასაცილებლადო. ჩვენი შვიდეულიდან მხოლოდ მე დავრჩი... მე და ჩვენი მოგონებები...