"ვერ წარმომიდგენია, ვიღაცამ რაღაცები ამიკრძალოს... ცოლი არ არის შენი საკუთრება" - კვირის პალიტრა

"ვერ წარმომიდგენია, ვიღაცამ რაღაცები ამიკრძალოს... ცოლი არ არის შენი საკუთრება"

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ირინა ონაშვილის გამოჩენას დიდი რეზონანსი მოჰყვა. ირინა აგენტ ქალს თამაშობს, რომელიც ცოტნე ცოტაშვილის მოხიბვლით ცდილობს მისგან ინფორმაციის მიღებას და დადგენას, რამდენად სანდოა ის. როგორ მოხვდა ირინა ამ სერიალში, რამდენად ჰგავს თავის პერსონაჟს, ირინა გვიამბობს:

- ამ სერიალის ერთ-ერთმა მსახიობმა მითხრა, "ჩემი ცოლის დაქალებს" ქასთინგი აქვს გამოცხადებული და მიდიო. მართალია, წლებია ვუყურებ და ვგიჟდები ამ სერიალზე, მაგრამ საზოგადოდ სერიალების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს - ვერასდროს ვიგებდი, როგორ უნდა მიგაჯაჭვოს ეკრანთან. მერე ვიფიქრე, რატომაც არა, ვცდი, იქნებ გამომივიდეს-მეთქი და წავედი ქასთინგზე, სადაც ეკა მჟავანაძეს შევხვდი. საოცარი ქალია, უნიჭიერესი. ვუთხარი, სულ რომ არაფერი გამოვიდეს, თქვენთან გატარებული საათ-ნახევარი მოსვლად ღირდა-მეთქი. ფაქტობრივად, მასტერკლასი ჩამიტარა. მალე როლზე დამამტკიცეს.

- გაგიჭირდათ მედეას როლის მორგება?

- არის რაღაცები, რაც გზღუდავს, შენი არ არის, მაგრამ ისეთი გარემო და გუნდი დამხვდა, მართლაც კომფორტია ასეთ პროფესიონალებთან მუშაობა. გადამღები ჯგუფიც ძალიან დამეხმარა.

- სამსახიობო გამოცდილება მანამდე გქონიათ?

- ორწინადადებიანი როლი მქონდა... აქ ვთამაშობ ქალს, რომელიც არაფრით არ მგავს. არანაირი საერთო არ მაქვს პერსონაჟ მედეასთან, რომლის ნამდვილი სახელიც კი არ ვიცი... გრძელი ტექსტების დასწავლა ძნელი იყო - შეიძლება თამაშის დროს ტექსტი დაგავიწყდეს და გიწევს გახსენება, რაც აფერხებს გადაღებას...

- ელოდით, რომ თქვენს პერსონაჟს ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა?

- არა. ისე, მაქვს ნიჭი, რომელიც საზოგადოებამ არ იცის, პაროდია მეხერხება. კარგი სმენა მაქვს და შემიძლია ხმის ტემბრით ან სხვა სახასიათო დეტალებით ადამიანის მიბაძვა. თუმცა მსახიობის ოსტატობა სულ სხვაა და არ ვიცოდი, როგორ გამომივიდოდა. არის რაღაცები, რაც ხელს მიშლის ბოლომდე გახსნაში, მაგალითად, ჩემი კომპლექსები... ხშირად დაძაბული ვარ. რაღაც ეტაპზე კი ეს გადავლახე - რომ არ ვნერვიულობდი, უკეთესად ვითამაშე.

- მეუღლე რას ამბობს?

- ლადო თავიდან ძალიან დაძაბული იყო, მაგრამ პირველივე სერია რომ ნახა, მითხრა, ძალიან მომეწონაო.

- გარდა სერიალისა, რას საქმიანობ? - ვმუშაობ ერთ-ერთ ასოციაციაში, ასევე ფინურ სკოლაში, ინფლუენსერ მარკეტინგის კომპანიაც გვაქვს.

- ამ ყველაფერს ორი ბავშვის მოვლას როგორ უთავსებ? - ძიძა ძალიან მეხმარება და მშვიდად ვარ, როდესაც ბავშვები მასთან არიან. ბავშვების მოვლაში ლადოც დიდი ყურადღებით არის ჩართული.

- ლადო ეჭვიანი ხომ არ არის?.. - არა. გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ყველანაირ კომფორტს მიქმნის. ეჭვიანი რომ იყოს, ვერ შევძლებდი მასთან ცხოვრებას. ისედაც არა ვარ ეპატაჟური ტიპი და ვიღაცამ რომ დამაკომპლექსოს, ძალიან ცუდი იქნება. ვერ წარმომიდგენია, ვიღაცამ რაღაცები ამიკრძალოს. ეს ყოველთვის მიკვირდა, რადგან ცოლი არ არის შენი საკუთრება, მის გადაწყვეტილებებს პატივი უნდა სცე.

- ურთიერთობაში კრიზისული პერიოდები თუ გქონიათ? - სერიოზული კრიზისი არ გვქონია, მაგრამ, რა თქმა უნდა, წლებს ურთიერთობა სხვა ფაზაში გადაჰყავს, თუმცა ყველაფერს თავისი დადებითი მხარეც აქვს, მთავარია, დაინახო. ყველა საქმეში ასეა, როგორც მიუდგები და დააფასებ, ისე იქნება.

- წონაში ძალიან დაკლებული ხარ. - სამი წლის წინ მეორე შვილი შემეძინა, მომატებული ვიყავი და მას შემდეგ 25 კილოგრამი დავიკელი. პერიოდულად, განტვირთვის დღეები მაქვს, ღამით არ ვჭამ, ცომეულს ვერიდები. უფრო აქტიური ცხოვრება მშველის. ისე, გურმანი ვარ, მაგრამ საჭმლის მომზადებისა რა გითხრათ...

ხათუნა კორთხონჯია