მოსალოდნელია თუ არა მიწისძვრა?! - კვირის პალიტრა

მოსალოდნელია თუ არა მიწისძვრა?!

"მცირე ბიძგებს აქვს უნარი, დედამიწის წიაღში დაგროვილი ენერგია განტვირთოს და დამანგრეველი მიწისძვრა აგვაშოროს"

მეზობელი თურქეთის მიწისძვრამ ისედაც არცთუ დამშვიდებული ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო შეაშფოთა. დედამიწის ბუნებრივი მოვლენის გამძაფრებული შიში განსაკუთრებით 1991 წლის შემდეგ გვაქვს - მაშინ იმერეთის სოფელი ხახიეთი მიწისძვრამ სრულად შთანთქა. გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი:

- როდესაც სპეციალისტები მედიასაშუალებებში ან სოცქსელში მიწისძვრის შესახებ ინფორმაციას ვაქვეყნებთ, ყოველ ჯერზე მოსახლეობის დამშვიდება გვიწევს - მიწისქვეშა ბიძგები ბუნებრივი მოვლენაა და სულაც არ ნიშნავს შემოჩვევას. მიწისძვრების ხასიათი, რომელსაც თანამედროვე ხელსაწყოები დეტალური სიზუსტით აფიქსირებენ, იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთან მათი გააქტიურება უახლოეს წლებში მოსალოდნელი არ არის. საქმე ის არის, რომ მცირე ბიძგებს აქვს უნარი, დედამიწის წიაღში დაგროვილი ენერგია განტვირთოს და ზოგჯერ დამანგრეველი მიწისძვრა აგვაშოროს. მიწისძვრები კი არ გახშირდა, გაჩნდა ტექნოლოგიები, რომლებიც ზუსტად აფიქსირებენ ფილების ნებისმიერ შეჯახებას დედამიწის წიაღში. რაც შეეხება თურქეთს, ის სეისმოლოგიურად აქტიური ზონაა, ამიტომაც ხდება იქ დამანგრეველი მიწისძვრები. მაგალითად, 1999 წელს თურქეთში, მარმარილოს ზღვის სანაპირო პროვინცია იალოვაში, მიწისძვრამ 17 000 კაცი იმსხვერპლა. უძლიერესი იყო ასევე 1791 წელს ისტორიული ტაოს მიწისძვრა, რამაც ქართული კულტურის შედევრები, მათ შორის ოშკი დააზიანა, კლდეები ლოდებად აქცია, მდინარე თორთომი დააგუბა, მდინარის კანიონი ტბად გარდაქმნა და 52-მეტრიანი ჩანჩქერიც გააჩინა. დღეს ამ მიწისძვრის ნაკვალევს თორთომში ნებისმიერი სპეციალისტი ხედავს - ხეობაში კლდეების იმხელა ლოდებია ჩამოცვენილი, თანამედროვე ტექნიკაც ვერ დაძრავს. ზუსტად ისე, როგორც მტკვარში ჩაცვივდა ვარძიის, კლდეში ნაკვეთი ქალაქის დიდი ნაწილი 1283 წლის მიწისძვრისას. სოფელ თმოგვიდან მტკვრის ნაპირზე ჩამოცვენილ გიგანტურ ლოდებს დღესაც ნახავთ. ამ მიწისძვრამ ვარძიის რამდენიმე ათასი ოთახიდან უამრავი ჩამოანგრია. ასევე მოსრა 1089 წლის მიწისძვრამ თმოგვის ციხე-ქალაქი, სადაც მომდევნო საუკუნეებში კიდევ ორი დამანგრეველი მიწისძვრა იყო.

- თმოგვის მიწისძვრაზე ისტორიულ წყაროებშიც წერია: მთები და კლდეები მტვრად იქცა, თმოგვის ერისთავი კახაბერი კი ნანგრევებში ჩარჩა ცოლშვილიანადო. გამოდის, ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა. - დიახ, ისევე, როგორც ახალგაზრდა რაჭის ქედი, რომელსაც ჯერ კიდევ მთათა წარმოქმნა ახასიათებს. ამ ქედის გაყოლებაზე, რაჭა-ზემო იმერეთში მოხდა 9-ბალიანი მიწისძვრა 1991 წლის 29 აპრილს.

- ამ მიწისძვრამ სოფელი ხახიეთი სრულიად შთანთქა, მხოლოდ 2 კაცი გადარჩა შემთხვევით. დღეს სოფლის ადგილზე ტბაა. - ჯავახეთის შუა საუკუნეების მიწისძვრებსაც იგივე ძალა უნდა ჰქონოდა, როგორიც 1991 წლის მიწისძვრას რაჭის ქედზე. დღეს ეს ადგილები და სოფლები, კერძოდ, ქარძმანი და ტბეთი, ოკუპირებულია. 2000 წელს ვიყავით სოფელ ტბეთში, სადაც მიწისძვრის კვალი ჯერ კიდევ არ იყო წაშლილი. მოსახლეობამ მიამბო, რომ ის მიწისძვრა ხახიეთში პირველი არ ყოფილა, იგივე ადგილები დიდი ხნის წინათაც დანგრეულა. სოფლის სახელიც მიწის იმ "ხახიდან" გაჩნდა, რომელმაც ეს ადგილები ადრეც ჩაყლაპაო. მაჩვენეს სხვა ადგილებიც, სადაც ძველი მიწისძვრის ნაშთი, ნანგრევები იყო.

შემდგომში ამავე ქედის გაყოლებით, იმერეთში შევისწავლეთ ეკლესია-მონასტერთა თუ დასახლებების ნაშთები და დავრწმუნდით, რომ ამავე ადგილებს მიწისძვრამ XVI-XVII საუკუნეებშიც გადაუარა.

- საინტერესოა, ასეთ ძლიერ მიწისძვრაზე ისტორიულად არაფერია ცნობილი. - დამანგრეველი მიწისძვრის ადგილებში ინფორმაცია თქმულებების სახით შემოგვინახა ხალხმა, რაც შესასწავლია და არაერთ საინტერესო დასკვნასაც მოგვცემს. მიწისძვრით დანგრეული ეკლესია-მონასტრების ნანგრევებში შესაძლოა უნიკალური არტეფაქტებიც აღმოჩნდეს. ისტორიულ ჩანაწერებში ნაკლებად არის დაფიქსირებული მიწისძვრები, რაც შეიძლება ომიანობისას საცავების განადგურების ბრალია.

- საინტერესოა თბილისის სეისმომედეგობა. ახალი კორპუსები მიწისძვრას გაუძლებს? - თბილისში დამანგრეველი, 9-ბალიანი მიწისძვრები ისტორიულად არ ფიქსირდება. ბოლოდროინდელი 2002 წლის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელმაც ეპიცენტრში ნგრევა გამოიწვია, დაახლოებით 6,5 ბალი იყო. მაინცდამაინც დიდ სიმძლავრისად არც გორის 1920 წლის მიწისძვრა ითვლება, რომელიც 7 ბალს აღემატებოდა. ისე კი, დღეს თბილისში მშენებლობები იმგვარად მეწყრულ და საშიშ ადგილზეა წამოწყებული, ვერ ვიტყვი, რომ შიშს საფუძველი არა აქვს...

მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ძლიერი მიწისძვრა თვეობით და კვირაობით არ გრძელდება; ბიძგები სუსტდება და მომდევნო ვერაფრით ვერ იქნება პირველზე ძლიერი.