"ძმებ ნობელებს ბათუმში სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონიათ... გაიყვანეს 835-კილომეტ­რიანი ნავთობსადენი და სატ­ელეფონო ხაზიც გაჭიმეს" - კვირის პალიტრა

"ძმებ ნობელებს ბათუმში სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონიათ... გაიყვანეს 835-კილომეტ­რიანი ნავთობსადენი და სატ­ელეფონო ხაზიც გაჭიმეს"

"ნობელების ინიციატივით კასპიის ნახშირწყალბადები ევროპაში გადიოდა, მარშრუტით - ბაქო-თბილისი-ბათუმი"

ადამიანი, რომელმაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემია დააარსა, ერთხანს ბათუმში ცხოვრობდა და აჭარაში ბიზნესი ჰქონდა. 1873 წელს ნობელის პრემიის დამფუძნებლის, ალფრედ ნობელის ძმა, რობერტ ნობელი საქართველოში ჩამოვიდა. რობერტს და მის ძმებს იმხანად პეტერბურგში ქარხანა ჰქონდათ, სადაც ქვემეხის ლულებს, თოფებს და სხვადასხვა სამხედრო ხელსაწყოს ამზადებდნენ, მასალა კი უცხოეთიდან ჩამოჰქონდათ, სწორედ მასალის იაფად შოვნის მიზნით დაადგა რობერტი კავკასიის გზას. 1875 წელს, ბაქოში მოგზაურობის შემდგომ, ნობელებს ნავთობკომპანიის შექმნის იდეა დაებადათ, რომელიც მომავალში ერთ-ერთი მსხვილი საწარმო გახდა. ნობელების ინიციატივით კასპიის ნახშირწყალბადები ევროპაში გადიოდა, მარშრუტით - ბაქო-თბილისი-ბათუმი.

XIX საუკუნის 80-იან წლებამდე ნობელებს ბაქოდან საზღვარგარეთ ნავთობი ფოთისა და ბალტიის ზღვის ნავსადგურებიდან გაჰქონდათ, რაც ძვირი ჯდებოდა, ამიტომაც ბათუმში ნავთობტერმინალი ააგეს. ზღვის პირას უზარმაზარი რეზერვუარები აღიმართა. მათი მონაწილეობით მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები რკინიგზის ხაზზე ბაქო-თბილისი-ბათუმი, გაიყვანეს 835-კილომეტრიანი ნავთობსადენი, სადაც 16 სატუმბი სადგური იყო. ტრასის გასწვრივ სატელეფონო ხაზიც გაჭიმეს. მილსადენის ყველა ნაგებობა იმ დროისთვის მაღალ ტექნიკურ დონეზე შესრულდა და ერთ-ერთი მძლავრი იყო მთელ მსოფლიოში. ძმები ნობელების დამსახურებად ითვლება ბაქო-თბილისის სარკინიგზო გზის გახსნა და 1883 წელს ნავთობის ტერმინალის გახსნა ბათუმში. ძმებ ნობელებს იმდენად მოსწონდათ ბათუმი, რომ ქალაქის შესასვლელთან სახლი და მიწის ნაკვეთი იყიდეს (2006 წელს ბათუმის არქივში აღმოჩნდა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები). 2007 წელს იქ ნობელების მუზეუმი გაიხსნა.