"ყოველი ტაძრის მოლოცვის შემდეგ ღვთის ახალ სასწაულს ველოდებით" - კვირის პალიტრა

"ყოველი ტაძრის მოლოცვის შემდეგ ღვთის ახალ სასწაულს ველოდებით"

"ჩემს ჯაბას "კვირის პალიტრის" შვილობილი შეარქვეს"

გოგიტა მურცხვალაძე ოჯახთან ერთად პილიგრიმობას აპირებს - სურს საქართველოს 65 ეკლესია-მონასტერი მოილოცონ. მისი ვაჟი ჯაბა წელს ქვემოთ პარალიზებული იყო და ფეხზე მას შემდეგ გაიარა, რაც ბერი გაბრიელის საფლავი მოილოცა. "სანამ ეს განსაცდელი არ მოგვევლინა, მანამდე ეკლესიურად არ გვიცხოვრია, მაგრამ ჯაბას ფეხზე გავლამ - ამ ღვთის სასწაულმა, რწმენა გაგვიძლიერა", - ამბობს ბატონი გოგიტა.

გოგიტა მურცხვალაძე: - ჩემი ჯაბა რომ დღეს ცოცხალია, ეს ღვთის წყალობა, "კვირის პალიტრის" პირველი მთავარი რედაქტორის, ქალბატონი ლალი გუნთაიშვილის და მისი კოლეგების თანადგომის შედეგია.

- რა პრობლემა ჰქონდა ჯაბას? - ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ მიიღო მშობიარობის შემდგომი ტრავმა. მისი დიაგნოზია ჰიდროცეფალია. ხუთი ოპერაცია გადაიტანა, თავში ხელოვნური პარკუჭი ჩაუნერგეს. პირველი ოპერაცია რომ გაუკეთეს, სამი თვისაც არ იყო. 1990-იან წლებში უფულობა, უშუქობა, უწამლობა…ერთად გვიტევდა და უნუგეშოდ მყოფებს მხსნელად ლალი გუნთაიშვილი მოგვევლინა. ღვთის განგება რომ საკუთარი ფეხით მიგიყვანს შენს მშველელთან, ასე მივადექი "კვირის პალიტრას" - ქალბატონ ლალის და მის მოადგილეს, ნუცა დუმბაძეს და ჩემი გაჭირვების შესახებ ვუამბე. მერე ჯაბას "კვირის პალიტრის" შვილობილიც კი შეარქვეს. რა დამავიწყებს იმ სიკეთეს, პალატაში რომ მოჰქონდათ ქვაბებით საჭმელი და კაპიკს კაპიკზე დებდნენ თანამშრომლები, რომ ჯაბას წამალი არ მოჰკლებოდა. ღვთის იმედად მყოფს ხშირად მინატრია, ფული რომ მქონდეს, აუცილებლად მოვილოცავდი იერუსალიმს-მეთქი. სწორედ მაშინ მითხრა ქალბატონმა ლალიმ, სანამ იერუსალიმში წახვალ, ჯერ მცხეთაში ჩადი, მამა გაბრიელის საფლავზეო. მანამდე ბერი გაბრიელის სახელიც არ მქონდა გაგონილი. რამდენჯერმე ხელი შეგვეშალა წასვლაში. ერთი წლის თავზე, როგორც იქნა, წავედით. აპრილის ცივი დღე იყო. რომ მივედით, დედა პარასკევამ გვითხრა, ჯაბა (უკვე 8 წლის იყო) მამა გაბრიელის საფლავზე დაგვესვა. 15-20 წუთი იჯდა საფლავზე. მერე ვიფიქრე, არ გაცივდეს-მეთქი და მისი აყენება დავაპირე. წამოყენება გამიჭირდა, თითქოს მიწა იზიდავდა. დედა პარასკევამ - დააცადეთ, თვითონ გაიმართებაო. დაახლოებით 10 წუთში ჯაბამ თავი ასწია და წამოიმართა, თითქოს მანიშნა, რომ ადგომის დრო იყო. იქიდან წამოსულები ახლობელთან გავჩერდით. მესამე დღეს მე და მასპინძელი სხვა ოთახში ვიყავით, ქალები სამზარეულოში ფუსფუსებდნენ და უცებ მეუღლეს თეფშები დაუცვივდა ხელიდან. ჩემმა ეტლს მიჯაჭვულმა შვილმა კედელ-კედელ გამოიარა და დედას მიაკითხა სამზარეულოში! მეორე დღეს მივედი რედაქციაში და ჩემს დიდ გულშემატკივრებს ვამცნე ეს სასიხარულო ამბავი.

2006 წელს თბილისიდან-ბათუმამდე ფეხით მსვლელობა მოვაწყვე შვილთან ერთად. ჯაბასთვის 300-500 მეტრის გავლა მაქსიმუმია, ეტლით კი 400 კმ ისე გაიარა, არც დაღლილა და არც დაუჩივლია.

- ახლა რამდენი წლისაა ჯაბა? - 27 წლის. ახლა ახალი მსვლელობა გვაქვს დაგეგმილი. ჩვენმა მოძღვარმაც მოგვცა კურთხევა. გადაწყვეტილი გვაქვს, ჩვენი მანქანით საქართველოს 65 ეკლესია-მონასტერი მოვიაროთ, ზემო სვანეთიდან კახეთამდე. 3000-ზე მეტი ეკლესია-მონასტრის რუკა მაქვს. ყველგან სიამოვნებით მივიდოდით, მაგრამ მეც, მეუღლეც და შვილიც შშმ პირები ვართ. მე - მეორე ჯგუფის, მეუღლეს ცალი თირკმელი აღარ უმოქმედებს, ბავშვი კი პირველი ჯგუფის ინვალიდია, თუმცა ღვთის წყალობით ძალა გვეყოფა, რომ 65 ეკლესია-მონასტერი მოვილოცოთ. როგორც გამოგვითვალეს, 12-დან 15 ათასამდე კილომეტრის გავლა მოგვიწევს, ამას კი დაახლოებით 120 დღეში მოვახერხებთ. გვინდა გზას 1-ელ ივნისს გავუდგეთ. ვემზადებით, მაგრამ სურვილი ერთია და შესრულება - მეორე. თუკი ვინმე გვერდში არ ამოგვიდგა, რას გავხდებით?! თანადგომის იმედად დავარეგისტრირე საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. მარშრუტის გასავლელად 1-1,5 ტონა საწვავი დაგვჭირდება. იქნებ რომელიმე ბენზინგასამართი სადგურის ქსელი ან ორგანიზაცია მცირედით მაინც დაგვეხმაროს, ან ვინმე ღვთისნიერმა ადამიანმა პატრონაჟი გაგვიწიოს.

იქნებ მოხერხდეს და გადაგვიყვანონ აფხაზეთში, რათა ილორის წმინდა გიორგის ტაძარში ვილოცოთ. საპატრიარქოს გვინდა ვთხოვოთ, გამონაკლისის სახით ჩემს შვილს სიწმინდეებთან შეხების უფლება მისცენ. ყოველი ტაძრის მოლოცვის შემდეგ უფრო გვიძლიერდება რწმენა და ღვთის ახალ სასწაულს ველოდებით.

საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად.

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607 თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007