"თურქული თვითმფრინავი, რომელმაც უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა, ანკარაში დაეშვა" - კვირის პალიტრა

"თურქული თვითმფრინავი, რომელმაც უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა, ანკარაში დაეშვა"

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, თურქული თვითმფრინავი, რომელმაც ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა, ანკარაში დაეშვა.

როგორც ჯანჯღავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქართველოს მოქალაქეები ანკარის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

"ანკარის დროით 21:15 საათზე დაეშვა თვითმფრინავი. 42 მოქალაქეა, აქედან 3 ჩვენი, აზერბაიჯანის 7, ალბანეთის 1, დანარჩენი თურქეთის. ჩვენ რამდენიმე დღის წინ, როდესაც გავიგეთ, რომ თურქეთი ევაკუაციას აპირებდა, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც მივმართეთ თურქულ მხარეს თხოვნით, ჩვენი სამინისტროს დავალების შესაბამისად და თურქული მხარე გვერდით დაგვიდგა და შემოგვთავაზა, რომ ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციაში მიიღებდა მონაწილეობას. მეორე ეტაპი იყო კარანტინის გავლა, ვინაიდან ეს მარტივი საქმე არ არის, უცხოეთის მოქალაქე დაიტოვო შენთან და კარანტინში გყავდეს 14 დღის განმავლობაში, ამაზეც დავითანხმეთ, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით როგორ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე თურქეთის კრიზისების მართვის ცენტრთან. ახლა როგორც კი დაჯდა თვითმფრინავი, ჩვენი მოქალაქეები, სხვებთან ერთად, ანკარის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, იქ იმყოფება კონსული და საელჩოს რეფერენტი და გაესაუბრებიან ჩვენს მოქალაქეებს - პირველ რიგში მათ დაამშვიდებენ, სიტუაციაში გაარკვევენ და შემდგომში გავარკვევთ, რა და როგორ არის. გაივლიან ალბათ სამედიცინო დაკვირვებას, ანალიზებს და ა.შ", - განაცხადა ჯანჯღავამ.

"ინტერპრესნიუსი"