ჩინეთიდან საქართველოს კიდევ 2 მოქალაქის ევაკუაცია ხდება - კვირის პალიტრა

ჩინეთიდან საქართველოს კიდევ 2 მოქალაქის ევაკუაცია ხდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, ჩინეთიდან საქართველოს კიდევ 2 მოქალაქის ევაკუაცია ხდება, რომელსაც საფრანგეთი ახორციელებს. მისი თქმით, პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს და საქართველოს მოქალაქეები პრაქტიკულად უკვე გამოემგზავრნენ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ჩინეთის ქალაქ უხანში საქართველოს 3 მოქალაქე საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე რჩება.

როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდი აღნიშნავს, თავდაპირველად უხანში სულ საქართველოს 10 მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა, დაავადების გავრცელების საწყის ეტაპზე მათმა ნაწილმა საკუთარი ინიციატივით დატოვა ჩინეთი.

"გუშინ განხორციელდა საქართველოს სამი მოქალაქის ევაკუაცია, ისინი დღეისათვის იმყოფებიან თურქეთში, მათ მიმართ დაწესდა სპეციალური საკარანტინო რეჟიმი და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ გაივლიან 2 კვირიან სამედიცინო დაკვირვებას და ადგილზე მათ მდგომარეობას დააკვირდება ჩვენი საელჩო ანკარაში. ასევე, აი ახლა, სწორად ამ წუთებში დაიწყო დამატებით 2 მოქალაქის ევაკუაცია, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს. ისინი პრაქტიკულად უკვე გამოემგზავრნენ. ანალოგიურად, ისინი განთავსდება საფრანგეთში სამედიცინო დაწესებულებაში, გაივლიან შესაბამისი სტანდარტებით საკარანტინო პერიოდს და შემდეგ დაბრუნდებიან საქართველოში. აქაც ჩვენი საელჩო საფრანგეთში მონიტორინგს გაუწევს", - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მისივე თქმით, საელჩოს ასევე კომუნიკაცია აქვს 200-მდე საქართველოს მოქალაქესთან, რომლებიც დაავადების გავრცელების ზონაში არ არიან, თუმცა იმყოფებიან ჩინეთის ტერიტორიაზე.

"ბევრი ავიარეისი ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით გაუქმდა, რაც ბუნებრივია, ართულებს ადამიანების ნორმალურ გადაადგილებას, ამის შესახებ მოქალაქეებს გაუწიეთ მყარი რეკომენდაცია, რომ გადაწყვეტილების შემთხვევაში დროულად მიეღოთ ზომები და დაბრუნებულიყვნენ ქვეყანაში. ყველა მოქალაქე ინფორმირებულია რისკების შესახებ და ის ვისაც, დღემდე კომუნიკაცია არ მოუხდენია საელჩოსთან მოახდინონ საკუთარი თავის იდენტიფიცირება, რომ საელჩოს საჭიროების შემთხვევაში საშუალება მიეცეს დროულად მოახდინოს რეაგირება. ბევრ ჩვენს მოქალაქეს ასეთი დახმარება აღმოუჩინეს, საორგანიზაციო ხასიათის, რა თქმა უნდა, ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა საკუთარი სახსრებით დაეტოვებინა ქვეყანა, თუმცა, ავიარეისების შერჩევა ასეთ პირობებში მარტივი არ არის, ხდება რეისის გადადება ან გაუქმება, შესაბამისად, ცდილობს საქართველოს საელჩო ადგილზე, რომ მოახდინოს ახალი მარშრუტების იდენტიფიცირება და მოქალაქეებს მისცეს შესაბამისი ინფორმაცია",- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მან მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს და სოლიდარობა გამოუცხადა ჩინელ ხალხს.

"ინტერპრესნიუსი"