მისტიკური მეხსიერების ანარეკლი... - კვირის პალიტრა

მისტიკური მეხსიერების ანარეკლი...

"ყველაზე მდიდრული სარკე აღმოჩენილია მცხეთაში, სამთავროს სამაროვანში, სავარაუდოდ, სამეფო ოჯახის წევრი ქალის სამარხში - სარკეს სახურავიანი ბუდე აქვს და ზედ გამოსახულია აპოლონისა და არიადნეს გამიჯნურების სცენა"

ამქვეყნად ბევრი საგანია ადამიანისთვის საჭირო, თუმცაღა მათ შორის იშვიათად შეხვდებით ისეთს, რასთანაც იმდენი მისტიკა იყოს დაკავშირებული, რამდენიც სარკესთან. პირველი სარკე ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ფარაონთა და ტომთა ბელადების ეპოქაში, რომლებიც სარკეში, ალბათ, თავიანთი მრისხანე ანარეკლებით ტკბებოდნენ.

ჩვენი პირველი, ანუ ძვ.წ. V საუკუნის სარკეები ქობულეთში, ფიჭვნარის სამარხებშია აღმოჩენილი. არქეოლოგმა ქეთი დიღმელაშვილმა საქართველოში აღმოჩენილი სარკეების შესწავლას დიდი დრო მიუძღვნა:

- მისტიკური თქმულებები სარკეზე უძველესი დროიდან მოდის. თუმცა პარადოქსი ის არის, რომ მიუხედავად ანარეკლის წარმოშობის ფიზიკური კანონების ცოდნისა, სარკესთან დაკავშირებული მისტიკა ისევ ცოცხლობს. მაგალითად, სარკის გატეხისას რაიმე ცუდის თავიდან ასაშორებლად ნამსხვრევებს მიწაში მარხავენ, ვინმეს გარდაცვალებისას სარკეს თეთრ ზეწარს აფარებენ...

- ეს იმ მეხსიერების გამო, რომელიც წარსულიდან შემორჩა, იმ დროიდან, როდესაც არ იცოდნენ, რომ სარკეში ანარეკლს ბუნების კანონები ქმნის და არა ზებუნებრივი ძალა. სარკესთან დაკავშირებული მისტიკური მეხსიერებით მხოლოდ ქართველები როდი გამოვირჩევით. მაგალითად, ძველი ბერძნები სარკეში ანარეკლს ადამიანის სულის გამოძახილად თვლიდნენ. მაგალითად, მცხეთაში აღმოჩენილ ზოგიერთ სამარხში მიცვალებული დამტვრეული სარკით იყო დაკრძალული, ერთ მიცვალებულს სარკის ნამსხვრევები ხელში ეჭირა... საქართველოში აღმოჩენილი ყველაზე ადრეული სარკეები ძვ.წ. V საუკუნეს მიეკუთვნება და ისინი ბერძენმა მოვაჭრეებმა ჩამოიტანეს ფიჭვნარის, დღევანდელი ქობულეთის ბერძნულ ახალშენში.

- გამოდის, 25 საუკუნის წინ, ევროპელებთან თავისუფლად ვვაჭრობდით და თანაც ფუფუნების საგნებით. - დიახ. ეს ის დროა, როდესაც ბერძნები შავი ზღვის სანაპიროებზე სავაჭრო კოლონიებს ქმნიან. სწორედ იქ ჩასახლებული ბერძენი მოსახლეობა ხდება ბერძნული საქონლის გამსაღებელი. საქართველოს სანაპირო ზოლში ასეთი ქალაქები იმით განსხვავდებოდა სხვებისგან, რომ თუ სხვა ტერიტორიის ბერძნულ კოლონიებში ბერძენი მოსახლეობა ბატონდებოდა ადგილობრივ მოსახლეობაზე, აქ ეს ვერ შეძლეს, რადგან აქ მაღალგანვითარებული მოსახლეობა დახვდათ და ვერ "ჩაყლაპეს". საქართველოში არა მარტო შემოჰქონდათ, არამედ გაჰქონდათ კიდეც საქონელი. მაგალითად, კოლხურ ხეტყესა და ცვილზე საბერძნეთში დიდი მოთხოვნა იყო. განვითარების ამ დონემ და კოლხური კულტურის გავლენამ განაპირობა, რომ კოლხური კოლონიების ბერძენი მოსახლეობა ქართული კულტურის ნაწარმს ისევე იყენებდა, როგორც ადგილობრივი. თუ ადგილობრივი მოსახლეობის სამარხებში ბევრი ბერძნული ნივთია ნაპოვნი, არც ბერძენი მოსახლეობის სამარხებია გამონაკლისი, სადაც კოლხური ნაწარმიც არის.

- ნუთუ იმ სარკეებში ანარეკლის დანახვა ხეირიანად შეიძლებოდა?

- სარკედ ხმარობდნენ ბრინჯაოს, სპილენძის ან ვერცხლის დისკოსმაგვარ ფირფიტებს. მათ ცალ გვერდს იმდენად სრულყოფილად უპრიალებდნენ, რომ ანარეკლის დანახვა კარგად შეიძლებოდა. ჩამიხედავს II-III საუკუნეების დროინდელ ვერცხლის სარკეში და მშვენივრად დამინახავს ჩემი გამოსახულება.

უძველესი სარკეები საოცარი ტექნოლოგიით მზადდებოდა. იმდენად ათხელებდნენ, რომ ზოგიერთი მილიმეტრზე მეტი სისქის არ იყო. მაგალითად, საქართველოში აღმოჩენილი ძველი სარკეები 1-დან 4 მილიმეტრამდე სისქისაა. ლითონის დამზადების იმდროინდელი ტექნიკა მაღალ დონეზე იყო. ქართულ სამარხებში ისეთი ოქროს ნივთებიც გვაქვს მოპოვებული, რომელთა სისქე მილიმეტრის მეათედია. ზოგიერთ სარკეს უკანა მხარეს სხვადასხვა ფიგურით ამკობდნენ. სარკეები ძვირი ღირდა. მათ მდიდრები ყიდულობდნენ. მცხეთაში ცნობილ პიტიახშთა სამარხებში, სადაც უამრავი ძვირფასი სამკაულია აღმოჩენილი, იყო სარკეებიც, მათ შორის ასპარუგ პიტიახშის ვერცხლის სარკე. ის ბუდეზე ისე იყო მიმაგრებული, რომ შიგ ტრიალებდა.

ყველაზე მდიდრული სარკე აღმოჩენილია მცხეთაში, სამთავროს სამაროვანში, სავარაუდოდ, სამეფო ოჯახის წევრი ქალის სამარხში - სარკეს სახურავიანი ბუდე აქვს და ზედ გამოსახულია აპოლონისა და არიადნეს გამიჯნურების სცენა. სარკეები ბავშვების სამარხებშიც არის ჩაყოლებული. მაგალითად, არმაზისხევის სამარხში ის პატარას ჰქონდა ჩაყოლებული.